საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე შეიკრიბა. გია გუგავას გუნდი 3-6 ნოემბერს სამხრეთაფრიკულ კეიპთაუნში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით 16-დღიან შეკრებას გაივლის.
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი აფრიკაში წასაყვანი შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობს. შიდა კონკურენციას დუშეთში უკეთ დააკვირდება და მსოფლიოს განაცხადს ოქტომბრის ბოლოს შეავსებს.
“ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს გეტყვით, ყველა წონით კატეგორიაში ორ-ორი ძიუდოისტის დაყენებას არ ვაპირებ. შესაძლოა რომელიმე წონა სულაც თავისუფალი დავტოვო. გუნდი იმ სპორტსმენებით დაკომპლექტდება, რომლებსაც მომავალ ტურნირზე წარმატებისთვის ბრძოლა შეეძლებათ” – უთხრა გუგავამ “მსოფლიო სპორტს”.
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა სულ რაღაც ერთი თვის წინ - 16-18 სექტემბერს ქალაქ ლომელში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავეს. საქართველოს ნაკრებმა ბელგია 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით მოიარა. ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) გახდა, ლერი ჭელიძეს (55 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, მიხეილ ჩოხელმა (73 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.
ოთარ მაღლაკელიძე







