2 ოქროს, 1 ვერცხლის მედალი და გუნდური მე-2 ადგილი – აი, ამგვარი შესანიშნავი შედეგი აჩვენა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე.
ქართველი ძიუდოისტებიდან ყველაზე დიდ წარმატებას ოთარ კაიდარაშვილმა (55 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მიაღწიეს, რომლებმაც ოქროს მედალი მოიპოვეს, გუშინ კი, გიორგი ნოზაძე (90) ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. მედლის გარეშე დარჩნენ შმაგი ლაგაზური (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ბეთქილ აფრასიძე (73), მიხეილ ნარიმანიძე (100) და ლევან მათიაშვილი (+100).
საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელ სოსო ლიპარტელიანს და მისი დებიუტი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, აშკარად წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.
“ჯვაროსნებს” პირველი ოქროს მედალი კაიდარაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალში გრიგოლ ივანიანს (სომხეთი) მოუგო. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო (2-2 გაფრთხილება) ფრედ დასრულდა, ხოლო დამატებითში ქართველმა ძიუდოისტმა იმარჯვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მე-2 მედალი, ასევე ოქრო, ავთანდილ ჭრიკიშვილის ანგარიშზეა. ფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე ალექსანდრ კუკოლჯი (სერბეთი) იყო. ქართველ სპორტსმენს მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც 57 წამი დასჭირდა - იპონით მოიგო.
ოქროს მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება დააკლდა გიორგი ნოზაძეს, რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ მაგომედოვთან (რუსეთი) დამარცხდა.
გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი რუსეთს ერგო (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).
როლანდ ლაბუჩიძე







