საქართველოს 18 და 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები გუნდები აპრილში გასამართი ტურნირებისათვის მზადებას შეუდგნენ, ეს შეჯიბრებები კი, შესაბამისად, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონი და IRB-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაა.
დღეს, ქართველმა 20-წლამდელებმა 2014 წლის მსოფლიო ალაფისათვის მზადების ფარგლებში სპარინგ-მატჩი ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების ნაკრებთან გამართეს, რომლის შემადგენლობაში “ბორჯღალოსნებიც” იყვნენ – შალვა მამუკაშვილი, ვაჟა ხუციშვილი, ირაკლი ყიასაშვილი, ბექა წიკლაური და გივი ბერიშვილი.
20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის სრული შემადგენლობა ათამაშა. შეხვედრა ეროვნული ჩემპიონატის ნაკრების გამარჯვებით, 31:28 დასრულდა.
ლადო კილასონია, საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: “იანვრის შემდეგ, ეს, ჩვენი უკვე მესამე შეკრებაა. მსოფლიო ალაფისათვის აქტიურად ვემზადებით და ამ მზადების ფარგლებში მორიგი სპარინგ მატჩიც გავმართეთ.
დღევანდელი სპარინგი ძალზედ სასარგებლოა, რადგან ჩვენთვის ნათელს გახდის, თუ რაზე გვაქვს დამატებით სამუშაო შეკრების დარჩენილ რამოდენიმე დღეში, ხოლო ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისათვის კი კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს უშუალოდ დააკვირდნენ მომავალ თაობას.
მიმაჩნია, რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ იდეალურისგან მაინც შორს ვართ. როგორც ავღნიშნე, დარჩენილ დღეებს დღევანდელ შეხვედრაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებას დავუთმობთ და პირველ აპრილს ჰონგ-კონგში გავემგზავრებით, სადაც 2014 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე ვითამაშებთ“.
მსოფლიო ალაფაზე გამარჯვების შემთხვევაში, 20-წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.
ამასობაში, თბილისში ჩამოვიდა ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “კლერმონის” 18-წლამდე მორაგბეთა გუნდი. ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან ორჯერ ითამაშებს.
“კლერმონისა” და საქართველოს 18-წლამდელთა გუნდების პირველი შეხვედრა – ე.წ. მართვადი თამაში, რომელიც სავარჯიშო ხასიათის იქნება, 26 მარტს 17:00 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.
გუნდებს შორის უშუალო, ოფიციალური მატჩი პარასკევს – 28 მარტს 16:00 საათზე, კვლავ “შევარდენზე’ გახლავთ დაგეგმილი.
U18 “ბორჯღალოსნები” შეკრებას 3 აპრილამდე განაგრძობენ, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 6 ერის ნაკრებები + 2 FIRA AER-ის გუნდი ითამაშებს.
2012 და 2013 წლებში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს და ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავა.
აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება გადაწყვიტეს.
წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება.
ტურნირის განრიგის მიხევით, უმცროსი ბორჯღალოსნები 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად, 18-წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეები ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.
www.rugby.ge