სხვა

20:19 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბატუტისტებს წარმატება მსოფლიო პირველობაზე

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 14-17 ნოემბერს გამართულ ბატუტზე მხტომელთა ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა.

15-16 წლის ასაკის სპორტსმენთა შორის სინქრონულ ხტომებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს თეონა ჯანჯღავამ და ანა ოდიშვილმა, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს და  ჩემპიონები გახდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, 20 ნოემბერს საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრების წევრებმა მედიისათვის ღია ვარჯიში ტანვარჯიშის დარბაზში გამართეს.

ღია ვარჯიშზე ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ლაშხმა მიულოცეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველ გოგონათა წყვილმა 41.800 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ჯანჯღავამ და ოდიშვილმა სხვებზე უკეთ იასპარეზეს და 44.500 ქულით პირველობა არავის დაუთმეს.

გამარჯვებულებს 1.400-1.400 ქულით ჩამორჩნენ მონა ვაილერი/ფილის ლენსკერი (ორივე – გერმანია) და ვალერია კირილენკო/მარია შილოვა (ორივე – რუსეთი), რომლებსაც შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

ამ ასაკში ინდივიდუალურ ხტომებში კიდევ ერთ მედლამდე ცოტა დააკლდა ანა ოდიშვილს. კვალიფიკაციაში მან მე-2 შედეგი აჩვენა, ფინალში კი 49.165 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლამდე მხოლოდ 0.8 ქულა დააკლდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად მიწვეული იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11257