ძიუდო

10:14 | 27.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალ ქართულ რეიტინგს როტერდამი გამოაჩენს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სოსო ლიპარტელიანი ახალ ამპლუაში დებიუტს 15-17 ოქტომბერს მოიწყობს. ქართული გუნდი როტერდამის გრან-პრიზე გამოვა. 30-31 ოქტომბერს კი, ქართული გუნდი თურქეთში გაემგზავრება და სტამბოლში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების გამთამაშებელი იმ 7 ტურნირიდან, რომლებიც ამ წლის ბოლომდე დარჩა ჩასატარებელი, ქართულ გეგმაში მხოლოდ ჰოლანდიური გრან-პრია, თუმც ეს წინასწარი გეგმაა და შეიძლება რამე შეიცვალოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს არცთუ სახარბიელო საერთაშორისო რეიტინგი აქვთ და ამ ტურნირების გამოტოვებით კიდევ უფრო დაბლა დაეშვებიან.
გასულ უქმეებზე ყაზახეთის მთავარქალაქ ალმატიში მსოფლიოს თასი გათამაშდა. ტურნირმა, რომელზეც მორიგი სარეიტინგო ქულები დარიგდა, ქართველების გარეშე ჩაიარა. 2-3 ოქტომბერს ანალოგიურ ტურნირს რომი უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის თავზე, 9-10 ოქტომბერს - მინსკი.
მსოფლიოს თასი სამოას ქალაქ აპიასა (12-13 ნოემბერი) და სამხრეთკორეულ სუვონშიც (3-4 დეკემბერი) გათამაშდება. როტერდამზე უკვე დავწერეთ და სეზონის დასრულებამდე ამ რანგის ერთი შეჯიბრებაც გაიმართება - აბუ დაბის გრან-პრი. არაბები ტატამს 23-24 ნოემბერს გაშლიან. სეზონს კი ტოკიოს დიდი სლემი დააგვირგვინებს – 10-12 დეკემბერს.
ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო მარათონი 2011-2012 წლებშიც გაგრძელდება და ოლიმპიადამდე ორიოდ თვით ადრე უკვე დასახელდება თითოეული წონითი კატეგორიის ის 32 ძიუდოისტი, ლონდონის ტატამზე რომ გავლენ. 22-22 საუკეთესო რეიტინგის მიხედვით შეირჩევა, დანარჩენ საგზურებს კი საერთაშორისო ფედერაცია წინასწარ დაწესებული კვოტების მიხედვით გადაანაწილებს.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ოლიმპიურ თამაშებზე ახალი წესი არ იმოქმედებს და ლონდონში თითო ქვეყანას თითო წონაში მხოლოდ ერთი ძიუდოისტის ჩაყვანის უფლება ექნება. ამასთან, ოლიმპიურ ტატამზე ის სპორტსმენი გავა, რომელსაც სალიცენზიო რეიტინგში თანამემამულეებთან შედარებით უკეთესი რეიტინგი ექნება (ოღონდ ის საუკეთესო 22-ში უნდა შედიოდეს). თუკი 22-ში ერთი ქვეყნის ორი ძიუდოისტი მოხვდება, მაშინ ოლიმპიადის გზა რეიტინგის 23-ე ნომერს გაეხსნება. ასე რომ, შეიძლება ოცდაათეულს მიღმა დარჩენილმაც კი იხეიროს.
ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს მაინც რეალური შანსი აქვს, ოლიმპიადაზე სრული, 7-კაციანი გუნდით გამოვიდეს. თუკი, გარეშე ხელისშემშლელი ფაქტორები მართლა ამოიძირკვა, ეგებ ლიპარტელიანის შეგირდებმა მომავალ სეზონშივე დაიბევონ ლიცენზიები.
2012 წლის ზაფხულამდე დიდი დროა, წინ უამრავი ტურნირია და ოლიმპიური რეიტინგის აქედანვე თვლაც ადრეა. ტრადიციულ რეიტინგსიაში კი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოამზეურა და რომელშიც ბოლო ორი წლის ტურნირების შედეგებია გათვალისწინებული, საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო რეიტინგი ვარლამ ლიპარტელიანს აქვს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი საერთო შედეგებით მე-8 პოზიციაზე დგას. საუკეთესო ათეულში ლიპარტელიანის გარდა ერთადერთი ქართველია – 81 კილოგრამში მოჭიდავე ლევან წიკლაური მე-10 ადგილს იკავებს. დავით ასუმბანსა (60 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) ათეულს ერთი საფეხური აშორებთ. ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) მე-19 ადგილზეა და სხვა ქართველ მძიმეწონოსნებს უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა არ იახლა. შალვა ქარდავა (66 კგ) და ზაზა კედელაშვილი (73 კგ) ოცეულს მიღმა დგანან. ქარდავა ოცდამეხუთეა, ხოლო კედელაშვილი - ოცდამეორე.
ყველაზე პრესტიჟული მსოფლიოს პირველობაა, რომლის ჩემპიონობაც 500 სარეიტინგო ქულად ფასობს. ვერცხლისმედალოსნებს 300 ქულა ემატებათ, ბრინჯაოსნებს – 200, ხოლო მეხუთეადგილოსნებს – 100. სხვა ტურნირებიდან სპორტსმენთათვის გამორჩეულად სარფიანი მსოფლიოს მასტერსია, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება და ტატამზე მხოლოდ საუკეთესორეიტინგიანი ძიუდოისტები გადიან. მასტერსის ჩემპიონებს 400 ქულა ემატებათ, ფინალში წაგებულებს – 240, მესამეადგილოსნებს – 160, მეხუთეადგილოსნებს – 80. მსოფლიოს მასტერსი ფინანსურადაც გამორჩეული შეჯიბრია. მისი საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია და პირველ-სამ ადგილზე გასული ძიუდოისტები 6, 4 და 2 ათასი დოლარით საჩუქრდებიან. გრან-პრის საპრიზო ფონდი 150 ათას დოლარს შეადგენს, დიდი სლემის – 100 ათასს. სამაგიეროდ, დიდ სლემზე სამეული 300, 180 და 120 ქულას ინაწილებს, ხოლო გრან-პრიზე – 200, 120 და 80 ქულას.
ევროპის ჩემპიონატი სარეიტინგო ქულების დარიგების მხრივ შედარებით მოკრძალებულია. ოქროსმედალოსანი 180 ქულას იღებს, ვერცხლოსანი – 108 ქულას, ბრინჯაოსანი - 72-ს. ყველაზე დაბალშემოსავლიანი კი მსოფლიოს თასია, მაგრამ სამაგიეროდ, ეს ტურნირები ყველაზე ხშირად ტარდება. ჩემპიონს 100 ქულა ერიცხება, მეორეადგილოსანს – 60, მესამეადგილოსანს კი - 40.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და მსოფლიოს თასებზე მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხებულები ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას. დიდ სლემზე, დიდ პრიზსა და მსოფლიოს მასტერსზე კი რეპეშაჟის წესი საერთოდ არ მოქმედებს და ნახევარფინალში წაგებულები უმალ კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ადიან.
საქართველოს ნაკრები როტერდამის გრან-პრისთვის დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ემზადება. ახალ მთავარ მწვრთნელს ჰოლანდიაში წამსვლელი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165546