სხვა

23:36 | 27.12.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილის მორიგი გამარჯვება

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, გუნდურ ჩათვლაში კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენი დღეს თბილისის “ივენთ ჰოლში” გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.

წლის საუკეთესო სპორტსმენის დასახელება საათნახევრიანი საზეიმო ცერემონიალის დასკვნითი ნაწილი იყო. იქამდე კი კიდევ ათი ნომინაციის გამარჯვებულები გამოავლინეს.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, უფროსებში კი ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი, 19 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა. მის გარდა კანდიდატები ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყვნენ. შეგახსენებთ, ღვინიაშვილი წლეულს ახალგაზრდებს შორის გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო ბაზაძემ 19-წლამდელთა შორის მოიგო ევროპირველობა.

საუკეთესო პარაოლიმპიელის ნომინაციაში მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა მკლავჭიდელმა ბესიკ ლეკიაშვილმა მოცურავე ნიკოლოზ თვაურს და მეკლდეურ ლევან ლიპარტელიანს აჯობა.

არაოლიმპიურ სახეობებში წლის საუკეთესო სპორტსმენობის კანდიდატები სამბისტები ვახტანგ ჩიდრაშვილი და ლევან ნახუცრიშვილი, აგრეთვე მკლავჭიდელი ალექსანდრე აბუთიძე იყვნენ. სპორტის სამინისტრომ არჩევანი მსოფლიოს ჩემპიონ და ევროპის პრიზიორ ჩიდრაშვილზე შეაჩერა.

2013 წლის საუკეთესო მსაჯი ძიუდოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე გახდა. მის გარდა ნომინანტები იყვნენ მაკა კუპატაძე (კალათბურთი) და ლაშა სილაგავა (ფეხბურთი).

სპორტულ ფედერაციებს შორის საუკეთესოდ ხელბურთის ფედერაცია დასახელდა. მის გარდა პირველობისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს რაგბის და ქართული ჭიდაობის ფედერაციები შემორჩნენ.

წლის გუნდის სახელი ძიუდოისტთა ნაკრებმა მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა წლეულს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დამსახურებული აღიარებაც მიიღო. ძიუდოისტების გარდა პრეტენდენტთა შორის 19-წლამდე მორაგბეთა და ფეხბურთელთა ნაკრებები იყვნენ.

მწვრთნელებს შორის საუკეთესოდ სწორედ უზნაძე დასახელდა, მორაგბეთა ნაკრების დამრიგებელ მილტონ ჰეიგთან და კალათბურთელთა ექსთავკაც იგორ კოკოშკოვთან კონკურენციაში.

ძიუდოისტებს კიდევ ერთი ჯილდო ერგოთ – 17 წლის მარიამ ჯანაშვილი გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენი ქალისთვის დაწესებული პრიზი გადაეცა. ამავე ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ ევროპის ვიცეჩემპიონი მოჭადრაკე სალომე მელია და 14-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ბატუტზე მხტომელთა წყვილი – ანა ოდიშვილი და თეონა ჯანჯღავა. შეგახსენებთ, მარიამ ჯანაშვილი 2013 წელს იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

ბოლო და უმთავრესი ნომინაციის გამარჯვებულის – წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსაცხადებლად სცენაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ავიდა. კანდიდატი აქაც სამი იყო: ავთანდილ ჭრიკიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ დავით მარსაგიშვილს და მორაგბე მამუკა გორგოძეს აჯობა.

ძირითადი ნომინაციების გარდა სპორტის სამინისტრომ სპეციალური პრიზებიც დააწესა, რომლებიც საქართველოს წყალბურთის ფედერაციას, პროექტს - “სახალისო ფეხბურთი ქართულ სკოლებში” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს გადასცა.

0.532323