მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი მედლისა და ოლიმპიური ლიცენზიის მომპოვებელი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სალიცენზიო ქულების დაგროვებას საერთაშორისო ტურნირებზე გააგრძელებს. პირველი შეჯიბრება, რომელზეც პეტერ ზაიზენბახერის დამოძღვრილი გუნდი იჭიდავებს, მომავალ უქმეებზე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გასამართი მსოფლიოს თასია. მართალია, ეს ტურნირი ქულათა დარიცხვის სიუხვით დიდ პრიზს, დიდ სლემსა და მასტერსს აშკარად ჩამოუვარდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს რეიტინგსიაში დიდად ვერ ყოჩაღობენ, მსოფლიოს თასის სამეულიც შეიძლება სასიკეთოდ წაადგეთ. მაგრამ...
ავსტრიელმა სპეციალისტმა აზერბაიჯანში წასაყვანად ერთობ ექსპერიმენტული შემადგენლობა დაასახელა. ზაიზენბახერის ათეულიდან მინიმუმ ხუთი ისეთი სპორტსმენია, რომლებსაც თავად მწვრთნელი მიმდინარე სეზონში ნაკრების უმთავრეს კანდიდატებს შორის აშკარად არ მოიაზრებდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანულ ტატამზე უშანგი კუზანაშვილი და პაატა მერებაშვილი გავლენ. 66 კილოგრამში ლევან ჩუბინიძე და გიორგი მკალავიშვილი იჭიდავებენ, 73-ში – თენგიზ პაპოშვილი და ამბაკო ავალიანი, 81-ში – პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძე, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმე წონაში – ადამ ოქრუაშვილი. 90 კილოგრამში კი, ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, ქართულ გუნდს მონაწილე არ ეყოლება.
ამრიგად, ბაქოს მსოფლიოს თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 6 წონაში მიიღებს მონაწილეობას და აქედან 3-ში კიმონოს ის სპორტსმენები მოირგებენ (კუზანაშვილი, ჟორჟოლიანი, ოქრუაშვილი), რომლებიც ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, ოღონდ არა ძიუდოს, არამედ სამბოს საჭიდაოდ.
მსოფლიოს თასის ქართულ დელეგაციაში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძეც იქნება, რომელიც ტურნირზე იმსაჯებს.
ოთარ მაღლაკელიძე







