ვენაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ორი დღე ისე ჩაჭიდავდა, საქართველოს ნაკრების წევრებმა სამეულში შეღწევა ვერაფრით მოახერხეს. გუშინ ტატამზე 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცები გავიდნენ. ამირან ტოტიკაშვილის შვიდეულიდან კი კიმონო ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) და ლევან წიკლაურმა (81 კგ) მოირგეს და კვარცხლბეკამდე ორივეს თითო გამარჯვება დააკლდა.
კედელაშვილი 2006, 2007 და 2008 წლებში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა კონტინენტის ჩემპიონი. შარშანდელი თბილისური ევროპირველობა ძიუდოს შიდა სამზარეულოში აგორებული სკანდალის გამო გამოტოვა, ხოლო წლეულს, ავსტრიულ ევროპირველობაზე ერთი წონით მაღლა იჭიდავა და ნახევარფინალამდე წარმატებულად მივიდა. ბელარუს ვიტალი შაულიუკსა და ესტონელ კინტერ როტბერგს 2-2 წუთში მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში ერთ-ერთ ფავორიტს, ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, დირკ ვან ტიჩელტს ოქროს დროში შესრულებული ვაზარით აჯობა. ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში კი პორტუგალიელ ჟოაო პინასთან მეოთხე წუთზე იპონზე დავარდა. იპონითვე დამარცხდა რეპეშაჟის ფინალში, ნაკლებად ცნობილ ფრანგთან, უგო ლეგრანთან. ამ უკანასკნელმა ბრინჯაოს მომტანი ილეთი წუთსა და 39 წამში შეასრულა.
ევროპის ჩემპიონი ჟოაო პინა გახდა, რომელმაც ფინალში რუს ბათრაზ კაიზმატოვს სძლია. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ლეგრანთან ერთად, უნგრელი ატილა უნგვარი ავიდა.
ლევან წიკლაური (81 კგ) საჩემპიონო ბრძოლას მეოთხედფინალში, ფრანგმა ანტუან ჯანინმა მტკივნეული ილეთით გამოთიშა. იქამდე ქართველმა ლიტველ რადვილას მატუკასს იუკოთი სძლია, ხოლო ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი სამწუთნახევარში შებოჭა. რეპეშაჟში გადართულ ქართველს ზედიზედ მეორე ევროპული ბრინჯაოს მოსაპოვებლად ორი მეტოქის ჩამოცილება სჭირდებოდა. პირველი ბარიერი უბრძოლველად გაიარა, რადგან ტრავმირებული სლოვენიელი აკჯაზ სედეჟი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბოლო წუთამდე, იუკოთი ამარცხებდა ჰოლანდიელ ჯილომ ელმონს და მაშინ, როდესაც საფინალო სირენამდე ორმოციოდე წამი რჩებოდა, იპონზე წამოეგო.
ამ წონაში ჩემპიონატი წაუგებლად სირაჟუდინ მაგომედოვმა ჩაამთავრა. რუსეთის ნაკრების მეორე ნომერმა ყველა კონკურენტი ადვილად დაჩაგრა. ფინალში მან ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს ჯილომ ელმონი და ბრიტანელი იან ბარტონი დაეუფლნენ.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში - 90 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) გავლენ. ლიპარტელიანი პირველ წრეში უნგრელ ლევენტე ლედენის შეხვდება, ჟორჟოლიანი – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ხოლო ხანჯალიაშვილი ჩემპიონატში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება და მეტოქედ ბოსნიაჰერციგოვინელი სუბოტიჩ დრაჟენი ეყოლება.
მამაკაცთა 4 წონითი კატეგორიის შედეგების დაჯამების შემდეგ, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილზეა. წინ კი გადახალისებული შემადგენლობებით მოჭიდავე რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი, ბელარუსი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, სლოვენია და იტალია დგანან.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
23 აპრილი
კაცები
73 კგ
1 ჟოაო პინა (პორტუგალია)
2 ბათრაზ კაიტმაზოვი (რუსეთი)
3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
3 ატილა უნგვარი (უნგრეთი)
5 ზაზა კედელაშვილი (საქართველო)
81 კგ
1 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
2 ალექსანდრ სტიაშენკა (ბელარუსი)
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)
3 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)
5 ლევან წიკლაური (საქართველო)
ქალები
63 კგ
1 ელისაბეტ ვილბურდსი (ჰოლანდია)
2 ედვიგ გვენდი (იტალია)
3 ვლორა ბეზეტი (სლოვენია)
3 ვერა კოვალი (რუსეთი)
70 კგ
1 ანეტ მესაროში (უნგრეთი)
2 რასა სრაკა (სლოვენია)
3 სესილია ბლანკო (ესპანეთი)
3 ჯულიან რობრა (შვეიცარია)







