“აუგსბურგის” მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ვაინცირლმა ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიონხენგლადბახის “ბორუსიას” 2:1 ძლევის შემდეგ ჟურნალისტებთან გუნდის მიზანზე ისაუბრა. სპეციალისტი ჩემპიონატის პირველ წრეში 24 ქულის აღებით კმაყოფილია და მეორე წრეშიც მინიმუმ ამ შედეგის განმეორებას გეგმავს.
“ამჟამად “აუგსბურგი” საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ყველას დავანახეთ, რომ უძლიერეს გუნდებთან ღირსეულად ბრძოლის ძალა შეგვწევს. მთავარია, წარმატებული თამაში სტაბილური გახდეს. გუნდის მიზანი იმდენივე ქულის აღებაა, რამდენიც ზამთრის შესვენებამდე დააგროვა. თუ ამას შევძლებთ და 48 ქულა ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად გვეყოფა, ძალიან გამიხარდება” – განაცხადა ვაინცირლმა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე “აუგსბურგს” 38 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.