სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:20 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” შურლეს შეძენა სურს

ანტუან გრიზმანისა და მარიო მანჯუკიჩის დამატების მიუხედავად, მადრიდის “ატლეტიკო” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. სულ ცოტა ხნის წინ, “მსოფლიო სპორტმა” შინჯი კაგავასა და ხავიერ ერნანდესის მიმართ მადრიდელთა ინტერესზე გაუწყათ.

დღეს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიეგო სიმეონე კლუბის ხელმძღვანელებს ლონდონის “ჩელსის” გერმანელი შემტევის - ანდრე შურლეს შეძენას სთხოვს.

იმის მიუხედავად, რომ შურლე “ჩელსის” უცვლელ წევრად სულაც არ მოიაზრება, ის მოურინიუს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და ძნელად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელი მას შეელიოს. კიდევ ერთი პრობლემა, სავარაუდოდ, ფეხბურთელის საკმაოდ მაღალი სატრანსფერო ფასია – ერთი წლის წინ ლონდონელებმა იგი “ბაიერიდან” 22 მილიონ ევროდ შეიძინეს და შურლემ მასზე გაცემული ავანსები ნამდვილად გაამართლა - 43 მატჩში 9 გოლი. ამასთან, იგი თამაშში ძირითადად სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა. ანდრემ მსოფლიო ჩემპიონატზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სამი გატანილი გოლით გამოირჩა, რაც მის ფასს კიდევ უფრო ზრდის.

AS-ის ინფორმაციით, შურლეს შეძენა “ატლეტიკოს” დაახლოებით 40-50 მილიონი ევრო დაუჯდება. ამისათვის კი მადრიდელები ჟოსუა გილავოგის, კრისტიან როდრიგესისა და ემილიანო ინსუას გაყიდვას აპირებენ.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.10613