30 წლის ესპანელი მეკარე მიგელ ანხელ მოია კარიერას “ატლეტიკოში” განაგრძობს. მადრიდულმა გუნდმა “ხეტაფეს” კარის დარაჯის ტრანსფერი დაადასტურა.
“ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ხეტაფესთან” და ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. დარჩენილია სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება. მოია მადრიდელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჯერჯერობით უცნობია, მოია “ატლეტიკოს” პირველი მეკარე იქნება, თუ არა. ამის მიზეზი ისაა, რომ გაურკვეველია ტიბო კურტუას ბედი. ახალგაზრდა ბელგიელი კიპერი ან მადრიდში დარჩება, ან “ჩელსის” დაუბრუნდება.
ივარაუდება, რომ “ატლეტიკოს” დატოვებს 34 წლის დანიალ არანსუბიაც, რაც იმას ნიშნავს, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს, კურტუას წასვლის შემთხვევაში, კიდევ ერთი მეკარის დამატება მოუწევს. ესპანური პრესის ცნობით ეს იქნება “ესტუდიანტესის” 22 წლის კარის დარაჯი ხერონიმო რული.