ბოლო სეზონები: წინსვლა კუს ნაბიჯებით
ბოლო წლებია, “ატლანტა” რეგულარულად გადის პლეი ოფში, მაგრამ იქ უკვე ადრეული სტადიიდანვე ეთიშება ბრძოლას (უკანასკნელ სეზონში პირველ რაუნდში დამარცხდა “ბოსტონთან” – 2:4), თითქოს ჯორჯიული კლუბის პროგრესი ადგილზე გაიყინა, რასაც ვერ შეეგუა გუნდის ხელმძღვანელობა. მოსალოდნელი იყო ცვლილებები და ასეც მოხდა: გენერალური მენეჯერი რიკ სანდი კლუბში სხვა თანამდებობაზე გადავიდა (საკალათბურთო ოპერაციების მთავარი მრჩეველი), ხოლო მისი ადგილი დაიკავა დენი ფერიმ. მან მოსვლისთანავე (2012 წლის 25 ივნისი) გადაწყვიტა, განეტვირთა კლუბის სახელფასო ბიუჯეტი და ტრეიდების შედეგად გაასხვისა ორი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე: ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”) და მარვინ უილიამსი (“იუტა”). მათ მაგივრად კი გუნდი შეავსეს არავარსკვლავურმა, მაგრამ სახელოვანმა და გამოცდილმა მოთამაშეებმა: დუეინ ჰარისმა, ლუის უილიამსმა, ენტონი მოროუმ, კაილ კორვერმა. ტრანსფერების შედეგად, გუნდის ყველა რგოლი მეტნაკლებად თანაბრადაა დაკომპლექტებული და “ქორები“ დიდი იმედებით ელიან ახალ სეზონს.
მთავარი მწვრთნელი: ლარი დრიუ
ლარი დრიუ კლუბის სტრუქტურაში 2004 წლიდან მუშაობს, თავდაპირველად მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, ხოლო 2010 წლიდან უკვე თავად ჩაუდგა გუნდს სათავეში. ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ საკალათბურთო სპეციალისტები, თუმცა ლარიმ სადებიუტო სეზონშივე (მთავარი მწვრთნელის რანგში) საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია, გაიყვანა რა გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში. გასულ სეზონში დრიუმ “ატლანტელი ქორების” თამაში ნელ-ნელა უკანახაზელი ჯო ჯონსონიდან გადააწყო დომინიკანელ ცენტრ ელ ჰორფორდზე, თუმცა რეგულარულის მეორე ნახევარში ამ უკანასკნელის მიღებულმა ტრავმამ (მუცლის კუნთის დაზიანება) უარყოფითად იმოქმედა გუნდის საბოლოო შედეგზე.
ზაფხულში სამწვრთნელო შტაბი შეავსო ორმა ძალიან გამოცდილმა სპეციალისტმა: ბობ უაიზმა და კენი ატკინსონმა. უაიზი 1990-93 წლებში ჯორჯიული კლუბის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო ატკინსონს უკანასკნელი 4 წელი “ნიუ იორკ ნიქსის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი ეკავა.
ახალი იმედი: ლუის უილიამსი
იშვიათად ხდება, როდესაც დრაფტზე 45-ე ნომრად არჩეული მოთამაშე 100% ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. მათ საკალათბურთო ბრილიანტებს უწოდებენ, რადგან კარიერის დასაწყისში ღრმად ფსკერზე წვანან და მოძიება ურთულესი საქმეა. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ლუის უილიამსი, რომელიც “ფილადელფიამ“ 2005 წელს აიყვანა დრაფტზე. პირველ სეზონში ძალიან გაუჭირდა ნბა-ს მაღალ მოთხოვნებთან შეგუება და კლუბის ხელმძღვანელებმა რაღაც დროით D-ლიგაში დააბრუნეს. თუმცა ახალგაზრდა გამთამაშებელი არ აპირებდა დანებებას და უმოკლეს დროში კვლავ მოიპოვა ფილადელფიელთა ნდობა და დაიბევა ადგილი უკვე სასტარტო ხუთეულში. მის კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო გახლავთ 2009-10 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი, აგროვებდა რა მატჩში საშუალოდ 14 ქულას, 3 მოხსნას და 4,2 გადაცემას. უილიამსს აქვს ძალიან კარგად დაყენებული სროლა, როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციიდან. სწრაფად გადადის კონტრშეტევაზე და ხშირად უკეთებს მოწინააღმდეეგებს პროვოცირებას პერსონალურ ჯარიმებზე. თუმცა მის ქმედებებში შეინიშნება ნაკლოვანებებიც: ძალზე პასიურია უბურთოდ თამაშისას, არ აქვს მაღალი ნახტომი, მისი სიმაღლე (185 სმ) ხშირად არ აძლევს საშუალებას, წარმატებით დაიცვას თავი მოწინააღმდეგეთა მეორე ნომრებთან თამაშისას, თუმცა ორმაგი დაცვის შესრულებისას შეუდარებელია. იგი ზაფხულში გაცვლების შედეგად მოხვდა “ატლანტაში”, სადაც ჯეფ ტიგთან, დუეინ ჰარისთან, ენტონი მოროუსთან და დეშონ სტივენსონთან ერთად “დაბლების“ სერიოზული ხაზი შეიქმნა. სავარაუდოდ არ გაუჭირდება სასტარტოში დამკვიდრება და მომავალ სეზონში სერიოზულ დახმარებას გაუწევს ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებს.
http://www.youtube.com/watch?v=3YzS9A11dng
მთავარი გმირი: ელ ჰორფორდი
ელ ჰორფორდი 2007 წელს დრაფტზე მე-3 ნომრად აიყვანა “ატლანტა ჰოუქსმა” და ეს კალათბურთელი სადებიუტო სეზონშივე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. შეუძლია როგორც ცენტრად, ასევე მძიმე ფორვარდად თამაში. შეტევაში მეტად მრავალფეროვანია. თამაშიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აქვს. ძალიან დამაჯერებელია ფარებთან ბურთის მოხსნისას, თამაშობს ძალიან აკურატულად, იშვიათად რომ არასაჭირო ფოლებით დაიტვირთოს. არ ახასიათებს ეგოიზმი და ეხერხება პარტნიორებზე შედეგიანი პასების გაცემაც. ელი ყოველ სეზონში პროგრესირებს, არადა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენია კლუბის ხელმძღვანელობას და 2012-13 წლების სეზონი დიდწილად მასზე აეწყობა. თუმცა შეგვიძლია მინუსად ჩაუთვალოთ სასურველზე მოკლე ხელები, ესეც ბუნების კანონია, ყველა ოლაჯუვონის მონაცემებით ვერ დაიბადება.
http://www.youtube.com/watch?v=YAsRpdxf32Y
მეხუთე ბორბალი: ზაზა ფაჩულია
მიუხედავად სათადარიგო მოთამაშის როლისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა “ატლანტაში”, უმთავრესად თავისი მებრძოლი ხასიათის გამო. ფაჩულიასთვის საკალათბურთო მოედანზე არ არსებობს ავტორიტეტები და ცდილობს ერთი სანტიმეტრიც კი არ დაუთმოს ვარსკვლავურ მოწინააღმდეგეებს. თუ საჭიროა, ჩხუბშიც ერთვება მათთან და იცავს მთლიანად გუნდის ინტერესებს. მოხსნებში საკმაოდ აქტიურია როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე. ასრულებს დიდძალ შავ სამუშაოს. უყვარს მარჯვნიდან თამაში და მიუხედავად საკმაოდ სოლიდური გაბარიტებისა, საკმაოდ სწრაფია. კარგად კეტავს სამწამიან ზონას. გამოსასწორებელი აქვს საშუალო დისტანციიდან ტყორცნა, თამაშში შესრულებული დაფარებების დიდი რაოდენობით ვერ ანებივრებს პირად გულშემატკივარს. გამოირჩევა ხისტი ფოლებით.
http://www.youtube.com/watch?v=NRh9bG61-dQ
X ფაქტორი: ჯოშ სმიტი
ლარი დრიუს ჯოშ სმიტის გამოყენება ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მუსბუქი, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. სმიტი ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი კალათბურთელია, რადგან თავისი სათამაშო სტილით ხშირად ამდიდრებს მატჩებს შოუსთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი ელემენტებით. ხშირი სტუმარია ტოპ-ათეულების გიჟური სლემ დანკებითა და დაფარებებით. წარმატებით შეუძლია პერიმეტრზე ამოსვლა და შორეული დისტანციებიდან მეტოქის სამქულიანებით დაბომბვა, თუმცა საშუალო დისტანციიდან ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი აქვს. თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც მარცხენა მხრიდან უტევს კალათს, ასევე ბრწყინვალეა პიკენროლების დროს თავდაცვისას. ჯოშს თამაშის ნებისმიერ მომენტში აფეთქება შეუძლია და უდიდეს დისკომფორტს უქმნის ამით მოწინააღმდეგე გუნდს.
http://www.youtube.com/watch?v=2zqhvBc_NO4&feature=related
სასტარტო ხუთეული: ჯეფ ტიგი, ლუის უილიამსი, კაილ კორვერი, ჯოშ სმიტი, ელ ჰორფორდი
ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში:
ქულები: ჯოშ სმიტი - 18,8
მოხსნა: ელ ჰორფორდი - 9,5
შედეგიანი გადაცემა: დუეინ ჰარისი - 5
დაფარება: ჯოშ სმიტი - 1,7
დასკვნა: ლარი დრიუს ეძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობა, საკმაოდ ძლიერი გუნდით გადალახოს პლეი ოფის მეორე წრე და გუნდი ათამაშოს კონფერენციის ფინალში. კლუბის მენეჯმენტმა საკმაოდ კარგად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე - ჰაინრიხის, სტექჰაუზის, რადმანოვიჩის და კოლინზის სახით, “ატლანტა“ შეელია გუნდში არსებულ ბალასტს და მათი ადგილი შეავსო “ბრუკლინ ნეთსიდან“ გადმოყვანილი ნიჭიერი ენტონი მოროუთი, “დალასში” საჩემპიონო ბეჭდის მომხვეჭ დეშონ სტივენსონით და ფრანგული “პო ორტეზის” აღზრდილ ჟოან პეტროთი. კლუბი ძირითადად დაკომპლექტებულია გამოცდილი მოთამაშეებით, რომელთა საშუალო ასაკიც 26 უტოლდება. თუ გუნდის ლიდერები თავიდან აიცილებენ სერიოზულ ტრავმებს, აღმოსავლეთ კონფერენციაში კიდევ ერთი სერიოზული გუნდი გამოჩნდება “ქორების” სახით.
გიორგი ბარბაქაძე