“ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ქუთაისში კი და ისიც ფეხბურთის მიმართ - განსაკუთრებულები”, - ეს სიტყვები ერთ ცნობილ რიონისპირელ მოღვაწეს ეკუთვნის, რომელიც კარგა ხანს ძველი “ტორპედოს” მართვაში იღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია კომპანია “ვისოლის” მიერ მოწვეული მწვრთნელ-ფეხბურთელები. თუმცა, რომც გაეფრთხილებინა, ასე მოკლე დროში, დიდს ვერას გახდებოდნენ - არცერთი მათგანი “ქრისტე არაა, სასწაულები მოახდინოს”.
თითქოსდა, საქართველოა და რა სხვაობა უნდა იყოს საფეხბურთო პირველსა და უმაღლეს ლიგებს შორის? არადა, არის და საგრძნობიც. “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ ნესტორ მუმლაძეს, უმაღლეს ლიგაში გუნდების გაძღოლის გამოცდილება ნამდვილად აქვს. თავს აღარ შეგაწყენთ მისი თავკაცობით მოთამაშე გუნდების რეგალიებით, მაგრამ ერთს დავურთავთ - მას ყველგან (მეტნაკლები დოზით), სადაც კი “პირველ კაცად” მივიდა, პრაქტიკულად დაკომპლექტებული გუნდი დახვდა. ქუთაისში კი, საქმე სულ სხვაგვარად იყო. იქ, მუმლაძემ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის თავიდან “შეკოწიწება” დაიწყო და იმედი ჰქონდა, სეზონისწინა მზადების 2 თვე (ამ პერიოდში “ტორპედომ” 12 საკონტროლო მატჩი გამართა, რომლებშიც მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა ფრედ, დანარჩენი მოიგო), გუნდის შეთამაშებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა.
XXII ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე 6 ტური გავიდა და მუმლაძის დაკომპლექტებული და გაწვრთნილი “ტორპედო”, ერთადერთია 10 უმაღლესლიგელიდან, ვისაც თამაში არ მოუგია. მოგებას ვინღა უყურებს, მაყურებელს, რომელსაც საოცარი ერთგულება შეუძლია, ფეხბურთელებში ბოლომდე დახარჯვის სურვილის (მათი ოსტატობის დონე, კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ არავის დაუყენებია) თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები აქვს.
როცა ჩემპიონატის პირველი ქუთაისური მატჩი გაიმართა (რუსთავის “ოლიმპთან” 1:1), თითქმის 12-ათასიანი ტრიბუნები მაყურებელმა ლამისაა ბოლომდე გაავსო. ასპროცენტიანი ვერსიით, სტადიონზე მოსულთა დიდი ნაწილი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დავალებით, რეგიონის რაიონებიდან იყო მოყვანილი. ზემოთ ქუთაისელი მაყურებლის საოცარ ერთგულებაზე ვთქვით. როცა გუნდის წევრთა მინდორზე ქმედებაში, ეს მაყურებელი თავდადებას დაინახავს, იგი ძალიან მალე ისეთ ქომაგად გადაიქცევა, გუნდს წაგებასაც რომ აპატიებს და არც იმას შეუშინდება, ტრიბუნებზე შესაღწევი ბილეთის ღირებულება 2 ლარი რომ გახდა. როგორია, თამაშის დაწყებიდან მე-10 წუთზე, მაღალხელფასიანი მცველი თუ სხვა ამპლუის მოთამაშე, მუცელზე ხელს რომ მოიკიდებს და აშკარად სუნთქვის პრობლემა შეექმნება?
როცა ქუთაისელთა თავკაცს შეეკითხნენ, რა ხდება გუნდში ისეთი, რომ ფეხბურთელები თავის თავს არ ჰგვანანო, მან უპასუხა - ვერა და ვერ მოვიგეთ თამაში და ფეხბურთელები სტრესის ქვეშ არიანო. ეს თუ ასეა, ე.ი. მთლად ცუდად არ ყოფილა საქმე. არ გვიწყინონ ქართული მასშტაბებისთვის საკმაოდ მაღალანაზღაურებადმა ტორპედოელებმა, მაგრამ მათში “ვისოლს” იმდენი თანხა აქვს გადახდილი, ისინი რომ ამ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგაც “ჭკუამხიარულად” იყვნენ, საქმე ფსიქოლოგების გამოსასწორებელი იქნებოდა.
სელექციამ რომ მოიკოჭლა და ამ მხრივ ბევრი რამაა ქუთაისელთა “სამზარეულოში” გადასახედი, ბევრმა მაგალითმა დაადასტურა. “ვისოლს” უკან არ დაუხევია ახალწვეულთათვის (აქ რეკორდსმენი ვახტანგ კვარაცხელიაა, რომელსაც კვალში ნოდარ მაჭავარიანი, ზაურ ხაჭიპერაძე, გიორგი დათუნაიშვილი უდგანან) საკმაოდ მსუყე “პადიომნების” გადახდაში. მათგან რამდენიმე, მუმლაძეს “მყარად” უზის თადარიგში, თუმცა ეს, მწვრთნელის აკვიატების შედეგი ნამდვილად არაა - ფეხბურთელთა მზადყოფნის დონე ვერაა სათანადო.
მეტწილად, უიღბლობაში რომაა მიყოლებული წარუმატებლობის ახსნის მიზეზი, დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატზე “ტორპედოს” ლიდერობიდანაც ჩანს. ახალგაზრდა ქუთათურები 13 ქულით პირველ ადგილზე არიან და შედეგიანთან ერთად, იმედისმომცემ თამაშს აჩვენებენ. თუმცა, გუნდის მესვეურებს დუბლიორთა სელექციაშიც აქვთ იშვიათი, მაგრამ თვალშისაცემი იაღლიშები. მიჩნეულია, რომ დუბლების უპირველესი დანიშნულება მთავარი გუნდისთვის უახლოესი თადარიგის მომზადებაა. გვაპატიეთ, მაგრამ რომელ უახლოეს რეზერვზეა საუბარი, როცა დუბლიორთა შორის მომავალი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილს, 25, 26 და მთლად გასაკვირი - 29 წლის “დაღვინებული” ფეხბურთელები იკავებენ.
პარასკევის (24 სექტემბერი) მატჩისთვის “ტორპედოში” ისეთი სიტუაციაა, ფეხბურთელებზე მეტად, სტრესის ქვეშ გუნდის თავკაცი ნესტორ მუმლაძე უნდა იყოს. ქუთათურებს თავიანთი თავკაცის ყოფილ გუნდთან - თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” უწევთ რუსთავში სტუმრობა. ამდენი წარუმატებელი ოფიციალური მატჩის შემდეგ, მუმლაძეს “რკინის ნერვები” აღმოაჩნდა და აგრესიულად განწყობილი ქუთაისელი “ჯუნგლების” მოთხოვნის (წადი, წადი) საპირისპიროდ, გუნდს, შესაძლოა, მისი სამწვრთნელო კარიერის უმთავრესი მატჩისთვის ამზადებს.
აშკარაა, რიონისპირელთა დამრიგებელი, კლუბის მეპატრონის მხრიდან სრულ მხარდაჭერას გრძნობს. აღნიშნული ფაქტორი სულაც არაა მეორეხარისხოვანი, მაგრამ ხანდახან (თუ ყოველთვის არა), ფეხბურთში იღბალიც ხომ საჭიროა? კულუარული ინფორმაციით, ნესტორ მუმლაძემ საკუთარ თავს, ჩემპიონატის უახლოეს ორ გასვლით მატჩში, ბოლო ქუთაისური ამოცანა დაუსახა. “ვიტელებთან” სტუმრობაზე ვთქვით, ხოლო 29 სექტემბერს, ცხინვალის “სპარტაკი” “ტორპედოს” თბილისში უმასპინძლებს.
ვერ გეტყვით, გამოადგებათ თუ არა ქუთაისელთა მესვეურებს პირველი საამსეზონო წარმატების მისაღწევად ჩვენი “რეცეპტი”, მაგრამ გავბედავთ და მაინც შევთავაზებთ. არ დავმალავთ და გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ვისაც ტოტალიზატორში უცხოურ გუნდებზე ფსონის დადება, მავნე ჩვევაში აქვს გადაზრდილი. იქნებ, მწვრთნელებმა, ყველას ერთად “ტორპედოს” მოგებაზე თანხის შეტანა დაავალდებულონ და მათაც, სტრესის ერთხელ და სამუდამოდ დასაძლევად, შესაძლოა, მინდორზე ყველაფერი გამოუვიდეთ.
ბოლოს, მცირე დარიგება “ტორპედოს” ახალწვეულების (ასეთები გუნდის ძირითად შემადგენლობაში აშკარა უმრავლესობაა) მისამართით. ქუთაისი თავისებური ქალაქია. აქ, ბოლომდე თუ არა, ნახევრადქუთაისელი მაინც არ გახდი - კარგ ფეხბურთს ვერ ითამაშებ; კარგი ფეხბურთი თუ ვერ ითამაშე - ქომაგს არ შეუყვარდები, ქომაგს თუ არ შეუყვარდი - საკუთარი მისამართით უხამსი ლექსიკის “პილპილწაყრილი მარგალიტების” გაგონებაც ნუ გაგიკვირდება. ასე რომ, დროებით მაინც გახდით მაქაურები - ვნახოთ და წარმატებაც მოვიდეს.
ფრიდონ კერვალიშვილი