ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის პირველ სათამაშო დღეს არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მათ რიგებს ვერ მივაკუთვნებთ “პარი სენ ჟერმენისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას. მართალია, ფრანგებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ, ხოლო ესპანელები, აქამდე, გოლს არ უშვებდნენ, მაგრამ ლორან ბლანის ვარსვკლავური გუნდის მოგება გასაკვირი არცერთ მეტოქესთან იქნება. მითუმეტეს, რომ პსჟ, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში ტრადიციულად კარგად თამაშობს. “ბარსელონასთან” გამართული დაპირისპირება ზედიზედ 30-ე საშინაო მატჩი იყო, რომელიც პარიზელებმა არ წააგეს.
იბრაჰიმოვიჩის, ლავესისა და ტიაგუ სილვას გარეშე მოთამაშე პსჟ “ბარსას”, უფრო ხშირად, ფლანგებიდან აწუხებდა, რაც კატალონიელთა განაპირა მცველების შეცდომებს იწვევდა. სტუმართა კარში სამივე გოლი სწორედ ალვესისა და ალბას შეცდომების შემდეგ გავიდა. მე-10 წუთზე, ალვესმა ბურთი საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და მისი დაბრუნების მცდელობისას თამაშის წესები დაარღვია. სტანდარტი ლუკას მოურამ შეასრულა, რომელმაც დავიდ ლუისს ზუსტად უპასა და ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა “ბარსელონას”, მიმდინარე სეზონში, პირველი გოლი გაუტანა.
“ბარსამ” მალევე გაათანაბრა და ეს ძალიან ლამაზი გოლით გააკეთა. სტუმართა მრავალსვლიანი შეტევის ბოლოს, მესიმ და ინიესტამ ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, ხოლო არგენტინელმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 68-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი, “ბარსელონასთვის”, ჩემპიონთა ლიგაზე მე-500 გამოდგა. კატალონიელებზე მეტი მხოლოდ “რეალსა” და “ბაიერნს” აქვთ გატანილი.
გავიდა 14 წუთი და თავის ფლანგზე ცუდად უკვე ალბამ ითამაშა, რასაც კუთხურის დანიშვნა მოჰყვა. მოტას ჩაწოდების შემდეგ, შეცდომა ტერ შტეგენმაც დაუშვა, რომელიც კარიდან ცუდად გამოვიდა და მარკო ვერატის პსჟ-ს მაისურით სადებიუტო გოლის გატანის საშუალება მიეცა.
სიტუაცია არც მე-2 ტაიმში შეცვლილა. მასპინძელი გუნდი მეტოქის ფლანგის დაწიოკებას განაგრძობდა. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, ვან დერ ვილი მარჯვენა ფლანგზე მარტოდმარტო დარჩა. ჰოლანდიელმა ბურთი კარის წინ მყოფ ბლეზ მატუიდის გადააწოდა, ხოლო ფრანგმა ნახევარმცველმა მომენტი ხელიდან არ გაუშვა.
მორიგი გოლო 2 წუთში გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან ალვესის ჩაწოდების შემდეგ, ნეიმარმა ბურთი მკერდით მიიღო და არცთუ ძლიერი, მაგრამ ძალიან ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
შეხვედრის ბოლომდე, “ბარსელონა” გათანაბრებას კი ეცადა, მაგრამ კატალონიელებს მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდსმენის, ჩავის გამოსვლამაც ვერ უშველა. ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა ლიგაზე 143-ე თამაში ჩაატარა და აქამდე რეკორდსმენ რაულს გადაუსწრო.
ჩემპიონთა ლიგაზე ასე ადრე “ბარსელონას” დიდი ხანია არ წაუგია. 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე სექტემბერში გამართულ მატჩში უქულოდ დარჩნენ.
ჯგუფის მე-2 მატჩში, კვლავ 1:1 ითამაშა “აიაქსმა”. თუ ამსტერდამელთა მიერ, პირველ ტურში, პსჟ-სთან ქულების გაყოფას შეგვიძლია წარმატება ვუწოდოთ, აპოელ-თან ვერმოგებაზე იგივეს ვერ ვიტყვით.
“აიაქსი” თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდა და ამსტერდამელებმა, 28-ე წუთზე, ანგარიშიც გახსნეს. ანდერსენის ზუსტ დარტყმას კვიპროსელებმა 3 წუთში უპასუხეს, როდესაც ვან რეინმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, ხოლო მანდუკამ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” კარში გატანილი ბოლო 6 გოლიდან 4 პენალტით გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დამყარდა “სიტისა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრაში. ინგლისში გამართული მატჩის 23-ე წუთზე, ნაინგოლანის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ტოტიმ ჰარტს ბურთი თავზე გადაუგდო. ამ გოლის გატანის დროს, ტოტი 38 წლისა და 3 დღის იყო. ის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ყველაზე ხანდაზმული მეგოლეა. აქამდე რეკორდი რაიან გიგზს ეკუთვნოდა, რომელმაც ლიგაზე თავი 37 წლისა და 86 დღისამ გამოიჩინა.
სანამ ტოტი გაიტანდა, “სიტის” ანგარიში უკვე გახსნილი ჰქონდა. მე-8 წუთზე, აგუერომ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.
აგუეროსა და ტოტის გოლებს გუნდებმა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი შემატეს, რაც ხელს “რომას” აძლევდა. “ჯალოროსისთვის”, პირველ ტურში მოგების შემდეგ, უშუალო კონკურენტთან სტუმრად ქულის მოპოვება ნამდვილდ კარგი შედეგია. “სიტიმ” კი, “ბაიერნთან” წაგების შემდეგ, მოგება ვერც მე-2 ტურში მოახერხა.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, “ბაიერნია”. მიუნხენურმა გუნდმა მე-2 თამაშიც 1:0 მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდი მოსკოვის ცსკა-ს ეწვია. შეხვედრის ერთადერთი ბურთი 22-ე წუთზე გავიდა. მარიო გიოტცე ცსკა-ს საჯარიმო ხაზის სიახლოვეს წაიქცა, არბიტრმა ეპიზოდი საჯარიმოს შიგნით წესების დარღვევად შეაფასა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მიულერმა ზუსტად შეასრულა.
“ბაიერნის” გარდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც სტუმრად მოიგო, “ჩელსია”. ლონდონელებმა, მიუნხენელთა მსგავსად 1 ბურთი იკმარეს. ეს ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა. ფაბრეგასმა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო მატიჩმა თავით კარგად დაარტყა. “ჩელსის” ესპანელი ახალწვეულისთვის, ეს, მე-8 თამაშში გაკეთებული მე-7 საგოლე გადაცემა იყო.
მე-2 ტურშიც ქულა აიღო “შალკემ”. თუ გელზენკირხენელებს “ჩელსისთან” ქულების გაყოფა აქტივში ეთვლებათ, “მარიბორთან” შინ ვერმოგება იენს კელერის გუნდისთვის სერიოზული წარუმატებლობაა. სახიფათო მომენტებით დახუნძლულ პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. სლოვენიელთა მიერ 37-ე წუთზე გათამაშებული კარგი კომბინაცია გოლით ბოჰარმა დაასრულა. “შალკემ” მეტოქის შეცდომის წყალობით გაათანაბრა. 56-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომმა ჰუნტელაარმა ბურთი “მარიბორის” მცველისგან მიიღო და მე-2 მატჩში მე-2 გოლი გაიტანა. “შალკემ”, შეხვედრის ბოლომდე, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ გერმანელებმა მოგება მაინც ვერ მოახერხეს.
2 საინტერესო თამაში გაიმართა H ჯგუფში. “შახტარისა” და “პორტუს” დაპირისპირებაში, სტუმრებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ 35-ე წუთზე, პიატაოვმა ბრაიმის თერთმეტმეტრიანი აუღო. “პორტუ”, ამ მომენტამდეც და მის შემდეგაც, დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პორტუგალიელები სახიფათო მომენტებს მხოლოდ მეტოქის კართან არ ქმნიდნენ. 52-ე და 85-ე წუთებზე, სტუმარი გუნდის მცველებმა, საკუთარ საჯარიმოსთან, ბურთი მეტოქეს 2-ჯერ ჩააბარეს, რასაც ჯერ ალექს ტეიშეირას, შემდეგ კი ადრიანოს მიერ გოლის ცარიელ კარში გატანა მოჰყვა. შეხვედრის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში ჯექსონ მარტინესი ჩაერთო. მოედანზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა, 89-ე და 94-ე წუთებზე, დუბლი გაიფორმა და “პორტუ” ჯგუფის ლიდერად აქცია.
ესპანურ კლუბებს, ბელარუსის წარმომადგენლებთან გამართულ 10 თამაშში 10 მოგება ჰქონდათ. ბატე-სთან ფავორიტად ითვლებოდა “ბილბაოც”, მაგრამ ბასკურმა გუნდმა მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა და შინ უქულოდ დაბრუნდა.
“ბილბაოს”, 2 ტურის შემდეგ, მხოლოდ 1 ქულა აქვს. ასეთი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე 232-ჯერ დაფიქსირებულა და ცუდი სტარტის მიუხედავად მომდევნო ეტაპზე გასვლა გუნდებმა მხოლოდ 32-ჯერ მოახერხეს.
E ჯგუფი
ცსკა-ბაიერნი 0:1 (0:1)
ხიმკი, “არენა ხიმკი”
ცსკა (4-1-4-1): აკინფეევი, ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ა. ბერეზუცკი, ტოშიჩი (ეფრემოვი 78), ნაჩო (დუმბია 66), ერემენკო, მილანოვი, მუსა.
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბენატია, დანტე, ბერნატი, ალონსო, ალაბა, რობენი (რაფინია 81), მიულერი, გიოტცე (შაქირი 77), ლევანდოვსკი (პისარო 90).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
გოლი: 0:1 მიულერი (22, პენ).
გაფრთხილებები: ერემენკო 45+1 – ლამი 40, ბენატია 68.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 27%-73%, დარტყმა: 11 (4)-23 (8), კუთხური: 2-12, თამაშგარე: 3-3, სეივი: 7-4, ჯარიმა: 5-8.
სიტი-რომა 1:1 (1:1)
მანჩესტერი, “ეტიჰადი”
სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ნავასი (მილნერი 46), ტურე, ფერნანდინიო, სილვა, ჯეკო (ლემპარდი 57), აგუერო (იოვეტიჩი 84).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
რომა (4-3-3): სკორუპსკი, მაიკონი (ტოროსიდისი 89), მანოლასი, იანგა-მბივა, კოული, პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი, ფლორენცი (ჰოლებასი 83), ტოტი (იტურბე 72), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: 1:0 აგუერო (4, პენ), 1:1 ტოტი (23).
გაფრთხილებები: საბალეტა 55 – მაიკონი 4, ნაინგოლანი 81.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 15 (2)-9 (4), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-1, ჯარიმა: 13-16.
ბაიერნი 2 2 0 0 2-0 6
რომა 2 1 1 0 6-2 4
სიტი 2 0 1 1 1-2 1
ცსკა 2 0 0 2 1-6 0
F ჯგუფი
პსჟ-ბარსელონა 3:2 (2:1)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ლუისი, მაქსველი, ვერატი (კაბაიე 71), მოტა, მატუიდი, ლუკასი (ბაებეკი 90+1), კავანი, პასტორე (შანტომი 86).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი (სანდრო 83), მასკერანო, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ჩავი 69), ინიესტა, მესი, ნეიმარი, პედრო (მუნირი 62).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
გოლები: 1:0 ლუისი (10), 1:1 მესი (12), 2:1 ვერატი (26), 3:1 მატუიდი (54), 3:2 ნეიმარი (56).
გაფრთხილებები: ვერატი 28, მატუიდი 44, ვან დერ ვილი 66 – ალვესი 9.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 12 (5)-14 (2), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-2, ჯარიმა: 8-9.
აპოელ-აიაქსი 1:1 (1:1)
ნიქოზია, “ნეო GშP”
აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, ამორინი, კარლაო, ანტონიადესი, გომესი (დე ვინსენტი 71), მორაიში, ვინიციუსი, ალონეფტისი, მანდუკა (ეფრემი 79), შერიდანი (ჯებური 82).
მწვრთნელი: გიორგიოს დონისი.
აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ბოილესენი, კლაასენი, ვიერგევერი, სერერო, შონე (ელ-გაცი 74), სიგთორსონი, ანდერსენი (კიშნა 74).
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.
გოლები: 0:1 ანდერსენი (28), 1:1 მანდუკა (31).
გაფრთხილებები: ამორიმი 81, ალონეფტისი 89 – მოიზანდერი 36, ვიერგევერი 48, სილესენი 56, სიგთორსონი 90.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 8 (2)-12 (6), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 5-1, ჯარიმა: 13-17.
პსჟ 2 1 1 0 4-3 4
ბარსელონა 2 1 0 1 3-3 3
აიაქსი 2 0 2 0 2-2 2
აპოელ 2 0 1 1 1-2 1
G ჯგუფი
სპორტინგი-ჩელსი 0:1 (0:1)
ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”
სპორტინგი (4-1-4-1): პატრისიუ, ალვეში, სარი, მაურიციო (ოლივეირა 64), სილვა, კარვალიო, კარილიო (კაპელი 81), მარიო, სილვა (მონტერო 81), ნანი, სლიმანი.
მწვრთნელი: მარკო სილვა.
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ფილიპე, ფაბრეგასი, მატიჩი, შიურლე (ვილიანი 58), ოსკარი (მიკელი 71), აზარი (სალაჰი 84), კოსტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლი: 0:1 მატიჩი (34).
გაფრთხილებები: კარვალიო 25, მარიო 43, მაურიციო 60, ალვეში 74 – ივანოვიჩი 58, აზარი 72, ფილიპე 75, ფაბრეგასი 90+3 .
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 15 (4)-14 (7), კუთხური: 2-12, თამაშგარე: 0-6, სეივი: 6-4, ჯარიმა: 14-13.
შალკე-მარიბორი 1:1 (0:1)
გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”
შალკე (4-2-3-1): ფერმანი, აიანი (უჩიდა 46), მატიპი, ნოიშტადტერი, ფუხსი, ბოატენგი (მაიერი 79), აოგო, ჩუპო-მოტინგი (ობასი 66), ბარნეტა, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: იენს კელერი.
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, მეიაცი, რაიჩევიჩი, სულერი, ვილერი, ბოჰარი (სალალიჩი 82), ფილიპოვიჩი, მერტელი (ნ’დიაიე 80), ვრსიჩი (მენდი 67), ტავარესი, იბრაიმი.
მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.
გოლები: 0:1 ბოჰარი (37), 1:1 ჰუნტელაარი (56).
გაფრთხილებები: ბოატენგი 71 – ფილიპოვიჩი 50, ვილერი 56, მარტელი 76, იბრაიმი 85.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 23 (4)-13 (4), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 13-13.
ჩელსი 2 1 1 0 2-1 4
შალკე 2 0 2 0 2-2 2
მარიბორი 2 0 2 0 2-2 2
სპორტინგი 2 0 1 1 1-2 1
H ჯგუფი
შახტარი-პორტუ 2:2 (0:0)
ლვოვი, “ლვოვ არენა”
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო, ფერნანდო, სტეპანენკო, დუგლას კოსტა (ბერნარდი 79), ალექს ტეიშეირა, ტაისონი (ილსინიო 75), ადრიანო.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
პორტუ (4-3-2-1): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, ერერა, მარკანო (კინტერო 65), ბრაიმი (ადრიანი 78), ტელიო, ტორესი, აბუბაკარი (მარტინესი 65).
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
გოლები: 1:0 ალექს ტეიშეირა (52), 2:0 ადრიანო (85), 2:1 მარტინესი (89, პენ), 2:2 მარტინესი (90+4).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ბრაიმი 35.
გაფრთხილებები: კუჩერი 34, სტეპანენკო 36, სრნა 48, ფერნანდო 69, ილსინიო 90 – ტორესი 35, მაიკონი 48.
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 5 (4)-19 (9), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-4, სეივი: 7-2, ჯარიმა: 13-9.
ბატე-ბილბაო 2:1 (2:1)
ბორისოვი, “ბორისოვ არენა”
ბატე (4-4-1-1): ჩერნიკი, კაგუში, პოლიაკოვი, ფილიპენკო, მლადენოვიჩი, გორდეიჩუკი (ოლეხნოვიჩი 90+2), იაბლონსკი, ა. ვოლოდკო, მ. ვოლოდკო (იაკოვლევი 81), კარნიცკი (როდიონოვი 86), სიგნევიჩი.
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი.
ბილბაო (4-3-2-1): ირაისოსი, ირაოლა (ტოკერო 77), სან ხოსე, ლაპორტე, ბალენსიაგა, ეჩებარია, იტურასპე, რიკო (სუსაეტა 46), მუნიაინი, იბაი (დე მარკოსი 46), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
გოლები: 1:0 პოლიაკოვი (19), 2:0 კარნიცკი (41), 2:1 ადურისი (45).
გაფრთხილებები: პოლიაკოვი 68 – ეჩებარია 84, ტოკერო 85, ლაპორტე 90+3.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 21 (7)-12 (2), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 15-13.
პორტუ 2 1 1 0 8-2 4
ბატე 2 1 0 1 2-7 3
შახტარი 2 0 2 0 2-2 2
ბილბაო 2 0 1 1 1-2 1