ჯერ კიდევ მსოფლისო საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მქონე ლიონელ მესი, საშობაო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას თითქმის უკვე მიაღწიეს და იანვრის დასაწყისში კონტრაქტზე ხელმოწერების დასმა ოფიციალურად მოხდება.
მესიმ კონტრაქტი ბოლოს მიმდინარე წლის 2 ივლისს გაახანგრძლივა. მას მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2018 წლამდე აკავშირებს. თითქოს, ბოლო ხელმოწერიდან 6 თვის შემდეგ ახალი კონტრაქტის გაფორმების საჭიროება არ უნდა დამდგარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიდის.
ცოტა ხნის წინათ, კრიშტიანუ რონალდუმ “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა და პორტუგალიელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ, კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების სურვილი მესიმაც გამოთქვა. მოგვიანებით, “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტების ყოველ 6 თვეში გაფორმებას არ აპირებს, რის გამოც, მან მესისგან საჯარო კრიტიკა დაიმსახურა. ამის პარალელურად, “ბარსას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესოა და ის ყველაზე მაღალ ხელფასსაც იმსახურებს. ახლახანს, იგივე “ბარსელონას” კიდევ ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმაც განაცხადა. როგორც ჩანს, მესისა და “ბარსელონას” შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება მართლაც ახლოსაა.