ფრანგული პსჟ-ს იტალიელ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის უახლოეს 48 საათში მადრიდის “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში წარადგენენ.
53 წლის სპეციალისტი დიდი ხანია “სამეფო კლუბში” მუშაობაზე ოცნებობს და პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნების ძალა აღარ შერჩა. AS-ის ცნობით, უახლოეს დღეებში გაიმართება გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც ამ საკითხს საბოლოო წერტილს დაუსვამს.
წყაროს მტკიცებით, გასარკვევი ისღა დარჩა, რა ფორმით და რა თანხის სანაცვლოდ მოხდება ანჩელოტისა და ფრანგული კლუბის მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ თავად კარლო ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს - “მე არაფერი ვიცი”, AS-ის ინფორმაციით იტალიელის “რეალის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაკეთდება.
გასულ სეზონში ანჩელოტიმ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა და ქვეყნის ჩემპიონობა მოაგებინა, “რეალი” კი, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით უტიტულოდ დარჩა და პორტუგალიელი ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა.