ცოტამ თუ იცის, რომ ზინედინ ზიდანის, ანდრეი შევჩენკოს, დიეგო მარადონას და სხვა ვარსკვლავთა კარიერა, შესაძლოა, სხვაგვარად წარმართულიყო. გარკვეული გარემოებები რომ არა, “ზიზუს” “ნიუკასლის” მაისურით ვიხილავდით, კრიშტიანუ რონალდუ “ლივერპულისთვის” გაიტანდა, რონალდინიო შოტლანდიაში იბურთავებდა... როგორც მიხვდით, არშემდგარი ტრანსფერების შესახებ ვისაუბრებთ.
ზინედინ ზიდანი “ნიუკასლში”
“კაჭკაჭების” ძალზე აქტიურმა ქომაგმა თუ იცის, რომ 1995 წელს, ზიდანი ნისლიან ალბიონს უახლოვდებოდა. ტიმ შერვუდის წარმატებული თამაშის გამო, “ნიუკასლმა “ზიზუს” ტრანსფერი წელიწადით გადადო. 1996 წელს, “ბორდომ” ინგლისელებს ფრანგი 1.2 მილიონ გირვანქა სტერლინგად დაუფასა, მაგრამ “კაჭკაჭებმა” ტრანსფერი იუარეს. 2 წლის შემდეგ, ზიდანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ოქროს თასსაც დაეუფლა, “ნიუკასლის” ხელმძღვანელეთა სინანული კი, დაგვიანებული იყო. არადა, ვინ იცის, ალან შირერთან ერთად რა ამბებს დაატრიალებდა “ზიზუ” ინგლისის პრემიერლიგაში...
ანდრეი შევჩენკო “ვესტ ჰემში”
18 წლის ანდრეი შევჩენკო კიევის “დინამოში” წარმატებით ასპარეზობდა და ევროპელი სკაუტები მასში დიდ ნიჭს ხედავდნენ. “ვესტ ჰემის” იმჟამინდელმა თავკაცმა ჰარი რედნაპმა ნორჩ უკრაინელს დაუმიზნა, მაგრამ კიეველები მიხვდნენ, რომ “შევას” გაყიდვა უფრო სარფიანადაც შეიძლებოდა. ამის გამო, “დინამომ” თავდამსხმელს მაღალი ფასი დაადო და ინგლისისკენ გზა გადაუკეტა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საბოლოოდ, შევჩენკო “მილანში” გადაბარგდა და იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ნათელ წერტილად იქცა.
დიეგო მარადონა “შეფილდ იუნაიტედში”
1978 წელს, “შეფილ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი ჰასლამმა 17 წლის დიეგო მარადონას ტრანსფერი 600 ათას გირვანქა სტერლინგად თითქმის გაჩარხა. ინგლისელებს არგენტინელის შესაძენად ეს თანხა უკვე გამოყოფილი ჰქონდათ, მაგრამ არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, ხელმძღვანელებმა ფული სხვა საკითხებს მოახმარეს. იმ პერიოდში, “შეფილდი” ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა და შანსი ჰქონდა, ისტორიული ტრანსფერი გაეკეთებინა.
მიქაელ ლაუდრუპი “ლივერპულში”
“ბრონდბიუსა” და დანიის ნაკრების ნიჭიერ ნახევარმცველ მიქაელ ლაუდრუპს “ლივერპულში” გადასვლის კარგი შანსი ჰქონდა. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, მაგრამ “წითლებთან” კონტრაქტის გაფორმება თავად ფეხბურთელმა იუარა. საქმე ისაა, რომ მერსისაიდელები ლაუდრუპს ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობდნენ, დანიელს კი, ნისლიან ალბიონზე დარჩენა 3 წელზე მეტი ვადით არ სურდა. საბოლოოდ, გარიგება ჩაიშალა. რამდენიმე წელიწადში, ლაუდრუპმა იტალიას მიაშურა და ჯერ “ლაციოში” ითამაშა, შემდეგ – “იუვენტუსში”. მოგვიანებით, დანიელმა “ბარსელონასა” და “რეალის” მაისურებითაც იასპარეზა.
რონალდინიო “სენტ მირენში”
შესაძლოა, წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ 2001 წელს, “გრემიოს” დატოვების შემდეგ, რონალდინიო შოტლანდიის პრემიერლიგასთან ახლოს იყო. პსჟ-ში გადასვლამდე, გაუჩოს ევროპულ ფეხბურთთან შეჩვევა სურდა და ამისთვის, შოტლანდია იდეალურად მიაჩნდა. პარიზელებს “სენტ მირენთან” 6-თვიანი იჯარა თითქმის შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ შოტლანდიური კლუბის ხელმძღვანელობის თავმოუბმელობამ გარიგება ჩაშალა. შოტლანდიელმა ქომაგმა რონალდინიოს თამაშის ხილვის ტრიბუნიდან ცქერის შანსი დაკარგა.
კრიშტიანუ რონალდუ “ლივერპულში”
“ლივერპულის” თავკაც ჟერარ ულიეს ლისაბონის “სპორტინგის” ახალგაზრდა გარემარბის – კრიშტიანუ რონალდუს თამაში ძალიან მოსწონდა და მისი შეძენა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. მერსისაიდელთა ფინანსური შესაძლებლობები პორტუგალიელის ხელში ჩაგდების საშუალებას არ იძლეოდა. თანაც, რონალდუსთვის უკვე სერიოზული ბრძოლა იყო გაჩაღებული. ლონდონის “არსენალის” დამრიგებელმა პორტუგალიელისთვის 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო, “მანჩესტერ იუნაიტედმა” კი, “სპორტინგს” სამმაგი თანხა შესთავაზა და რონალდუც “ოლდ ტრაფორდზე” აღმოჩნდა.