დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად იყო შანსი იმისა, რომ დღეს, ლიონელ მესის მადრიდის “რეალში” ეთამაშა, კრიშტიანუ რონალდუს კი, კატალონიის “ბარსელონას” ღირსება დაეცვა. ესპანურმა პრესამ ძველი ინფორმაციები მოიძია და დღეს, “ელ კლასიკოს” წინ გამოაქვეყნა.
რონალდუ “რეალში” თამაშის სურვილს არასდროს მალავდა და ეს ოცნება 2009 წელს აიხდინა კიდეც. 2010 წელს, პორტუგალიელმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ საფეხბურთო სამყარო გააოცა. მადრიდელთა ვარსკვლავს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, ითამაშებდა თუ არა “ბარსელონაში”, თავდამსხმელმა კი მიუგო, რომ არაფერს გამორიცხავდა. ეს განცხადება დიდ მითქმა-მოთქმას არ გამოიწვევდა, რომ არა 2007 წელს განვითარებული მოვლენები. 6 წლის წინათ, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგისტაინი რონალდუს აგენტს შეხვდა და მოლაპარაკებების პირველი ეტაპიც გაიარა. მოგეხსენებათ, იმ დროს, პორტუგალიელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ესპანელთა მოქმედებებით აღშფოთებული იყო და ტრანსფერზე უარი განაცხადა.
2008 წელს, “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას ნაცვლად სანდრო როსელს რომ გაემარჯვა, რონალდუს კატალონიაში გადაბარგების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. როსელის წინასაარჩევნო დაპირება სწორედ პორტუგალიელის შეძენა იყო. მოგვიანებით, როსელი “ბარსას” პრეზიდენტი გახდა, მაგრამ, ჯერჯერობით, რონალდუს ტრანსფერზე არაფერი უთქვამს.
იმ პერიოდში, როდესაც კატალონიელები რონალდუს აგენტს ხვდებოდნენ, “ბარსელონაში” ახალი ვარსკვლავი – ლიონელ მესი თანდათან ბრწყინდებოდა. არგენტინელს “ბლაუგრანას” პირველ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, წელიწადის შემდეგ კი, კლუბის ხელმძღვანელობამ ჭაბუკ შემტევს კონტრაქტი შესთავაზა. ცხადია, მესი შემოთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, “ბარსამ” რამდენიმე პირობა დაარღვია. საქმე ისაა, რომ მესი სრულწლოვანი არ იყო და კონტრაქტის გაფორმების უფლება არ ჰქონდა. “ბარსელონას” ხელმძღვანელობის ამ შეცდომამ პატარა ლეოს მამა განარისხა. მესის ოჯახის წევრებმა სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტების განხილვა დაიწყეს. მესის ერთ-ერთმა აგენტმა თავის კლიენტს მადრიდის “რეალში” გადაბარგება შესთავაზა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იფიქრა, მაგრამ საბოლოოდ, თავის შეკავება გადაწყვიტა. ესპანური პრესის ინფორმაციით, პერესი კატალონიელებთან ახალ კონფლიქტს მოერიდა, რადგან ლუიშ ფიგუსთან დაკავშირებული ცნობილი ფაქტი კარგად ახსოვდა. თანაც, “ბარსელონამ” თავისი შეცდომა მალევე გამოასწორა და მესის შენარჩუნება მოახერხა.