ფეხბურთი

18:43 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “პირველ მატჩში 0:0 ურიგო შედეგი არაა”

ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი ლონდონის “არსენალის” ისტორიაში კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან ჩრდილოლონდონელებს სამჯერ ინგლისის პრემიერლიგა, 4-4ჯერ კი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასი და სუპერთასი მოაგებინა. თუმცა, უკვე კარგა ხანია “არსენალს” არცერთ ტურნირში არ უმარჯვია, წლეულს კი მისი გულშემატკივრები იმედს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ამყარებენ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მერვედფინალში “მეთოფეებს” მიუნხენის “ბაიერნის” სახით ურთულესად დასაძლევი მოწინააღმდეგე ერგოთ. ამის მიუხედავად, ვენგერი ბავარიელებთან ორმატჩიან დაპირისპირებას იმედიანად ელის, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად კი “ბარსელონას” თვლის.

 
- გასულ შაბათს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე საკუთარ “ემირეიტს არენაზე” “ბლექბერნ როვერსთან” 0:1 დამარცხდით. ეს წაგება იმით ხომ არ ყოფილა გამოწვეული, რომ თქვენი ფეხბურთელები მიუნხენის “ბაიენთან” ჩასატარებელ სამერვედფინალო შეხვედრაზე ფიქრობდნენ? საფეხბურთო ანალიტიკოსები “ვარდებთან” წაგებაში ბრალს თქვენც გდებენ, აქაოდა, ვენგერმა მატჩის მიწურულამდე უილშირი, კასორლა და უოლკოტი სათადარიგოთა სკამზე დატოვაო...
- კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ბრალს ნაკლებად მოტივირებულ თამაშში გვდებენ. ხშირად ისინი ზედაპირულ ანალიზს აკეთებენ და დაუფიქრებლად მდებენ ბრალს შემადგენლობის არასწორად შერჩევასა თუ ტაქტიკის არჩევაში. ისინი მსაყვედურობენ, თითქოს ასოციაციის თასის მატჩს ნაკლები სერიოზულობით მივუდექი. ამ საყვედურს კატეგორიულად არ მივიღებ. ეს ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული და დამისახელეთ მწვრთნელი, რომელმაც პლანეტის უძველესი შეჯიბრება ჩემზე მეტჯერ (სერ ალექს ფერგიუსონმა “მანჩესტერს” ასოციაციის თასი ხუთჯერ მოაპოვებინა-რედ) მოიგო. “ბლექბერნთან” იმიტომ კი არ დავმარცხდით, მინდორზე შედარებით სუსტი მოთამაშეები რომ გვყავდა, მიზეზი სხვა გარემოებებში უნდა ვეძებოთ. ამგვარი ბრალდება სასტარტოში მყოფი ფეხბურთელების შეურაცხყოფაა. არადა, გადამწყვეტი სწორედ შეხვედრის ის დასკვნითი 20 წუთი იყო, რომლის განმავლობაშიც თქვენ მიერ ნახსენები მოთამაშეები მინდორზე იყვნენ. გავიმეორებ, ჟურნალისტებმა და ანალიტიკოსებმა ზედაპირულად გაარჩიეს შეხვედრა. “ბლექბერნთან” წაგებისთვის პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მაგრამ ანალიზისას მეტი დაფიქრებაა საჭირო.
- ერთ-ერთ ვებგვერდზე თქვენც საფეხბურთო ანალიზს აკეთებთ. კოლეგების მისამართით ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული ხომ არ ხართ?
- ექსპერტების ეპოქაში ვცხოვრობთ. დემოკრატია მათი აზრის მოსმენას მოითხოვს, მაგრამ უამრავი ექსპერტია, რომელთა თვალსაზრისიც, რბილად რომ ვთქვათ, მცდარია.
- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასიდან გავარდნის შემდეგ მიმდინარე სეზონში “არსენალს” მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა თუ შეუძლია. თქვენ გუნდს 2005 წლიდან მოყოლებული არცერთ ტურნირში არ უმარჯვია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი “ბაიერნი” შეგხვდათ, რომელიც ამჟამად საუკეთესო ფორმაშია და გერმანულ ბუნდესლიგაში უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებს...
- “არსენალი” ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადის. კარგად გვესმის, რა დონის მეტოქესთან მოგვიწევს შებმა. თქვენ, ჟურნალისტებს რომ გკითხოთ, ჩვენ წყვილში “ბაიერნი” გამოკვეთილი ფავორიტია. მოდით, ნუ ვიჩქარებთ ამგვარი დასკვნის გაკეთებისას. ყველაფერზე პასუხს უშუალოდ შეხვედრა გაგვცემს. ინგლისიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მხოლოდ ორი გუნდი გავიდა და მათგან ერთ-ერთი “არსენალია”. ვერ ვხედავ პესიმიზმის საფუძველს და საიმისო მიზეზს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ ვიბრძოლოთ და საამისო იმედი და ამბიცია არ გვქონდეს.
- უფრო კონკრეტულად რას გვეტყოდით “ბაიერნთან” დაპირისპირებაზე?
- “არსენალსაც” და მეც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გამოსვლის დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი. კარგად მესმის, რომ ორრაუნდიანი ორთაბრძოლა 180 სათამაშო წუთი გრძელდება და მოვლენათა ფორსირება პირველ მატჩში არ ღირს. მთავარია, საკუთარი ძალებისადმი რწმენა არ დავკარგოთ. პრინციპში, 0:0 ურიგო შედეგი არაა, მაგრამ “არსენალი” შემტევი გუნდია და ყოველ ზომას ვიხმართ, რათა მეტოქის კარი დავლაშქროთ. ჩვენი სათამაშო სტილი კი ყველასთვისაა ცნობილი – გუნდი საასპარეზოდ ყოველთვის პოზიტიური განწყობით გადის. “არსენალს” არც კლასი აკლია და არც ფსიქოლოგიური მდგრადობა.
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “არსენალის” საბოლოო მიზანს ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით?
- ჩვენ რეგულარულად გავდივართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და წლეულს ამ ეტაპზე შეჩერებას არ ვაპირებთ. მიუნხენის “ბაიერნი” შარშანდელი გათამაშების ფინალისტია, ოქტომბრიდან მოყოლებული მატჩი არ წაუგია, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ. თუკი ბავარიელთა ბარიერი დავძლიეთ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე?
- საყოველთაო ყურადღებას იპყრობს “ბარსელონასა” და “მილანის” დაპირისპირება. რას გვეტყოდით კატალონელთა და ჩრდილოიტალიელთა ორმატჩიან პაექრობაზე?
- “ბარსელონა” ნებისმიერი მატჩისა და ტურნირის უპირველესი ფავორიტია, მაგრამ გარწმუნებთ, “როსონერი” მას იოლად არაფერს დაუთმობს. “ბარსელონას” “მილანის” ძლევა ძალიან გაუჭირდება.
 
გოჩა კაჭარავა
0.122659