სხვა

0:18 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

არნახული ქომაგობა და ღირსეული რევანში

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მეორე საშინაო მატჩი ჩაატარა და ისევ დამაჯერებლად მოიგო. სერბი სპეციალისტის, ჯორჯე რაშიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სპორტის სასახლეში თურქეთს უმასპინძლა და სამი დღის წინ სტუმრად განცდილი მარცხის (23:29) გამო ღირსეული რევანში აუღო – 33:26.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშზე დასწრება უფასო იყო, სპორტის სასახლეში მხოლოდ პირველი იარუსის ტრიბუნები შეივსო. დაახლოებით ორი ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე ისე აქტიურად უქომაგეს ნაკრებს, სრული ანშლაგის შემთხვევაშიც რომ სანატრელია ხოლმე. ამ ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნაში კი ლომის წვლილი შეხვედრის წამყვანს, ხელბურთის ფედერაციის პრეს-ატაშე გიორგი გულბანს და ქართული სპორტის ქომაგებს მიუძღვით.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, რევაზ ჭანტურიას გოლით. თურქებმა უმალ აღადგინეს წონასწორობა. მე-9 წუთამდე ასე გაგრძელდა – მასპინძლები მცირე უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ერთქულიან უპირატესობას ვერაფრით სცდებოდნენ, ვიდრე რატი მსხვილიძემ არ გატეხა ნავსი და პირველი ტაიმის შუაწელს გუნდი 8:5 არ დააწინაურა. მასპინძელთა გაქცევას სტუმართა კაცნაკლულად დატოვებაც დაერთო, მაგრამ მათი პირველივე საპასუხო შეტევისას მსაჯმა სერგო დათუკაშვილსაც დაატოვებინა ორი წუთით მოედანი და ხუთი ხუთზე თამაშისას თურქებმა იხეირეს – ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მატჩის ბედის სათავისოდ შესატრიალებლად არც ძალა ეყოთ და არც ოსტატობა. ჭანტურიამ, მსხვილიძემ და ვლადიმერ რუსიამ სამბურთიანი ჰანდიკაპი მალევე აღადგინეს და საქართველოს ნაკრებმა მორიგი გაქცევა სტაბილურად შეინარჩუნა. ტაიმი კი სულაც 19:15 მოიგო.

შესვენების შემდეგ, სტუმრებმა სწრაფი შეტევებით სცადეს ჩამორჩენის შემცირება. მათ გააქტიურებას ქართველი ხელბურთელების მიერ დაცვაში დაშვებული რამდენიმე შეცდომა და შეტევაში ვერგამოყენებული ურეალურესი შანსებიც დაერთო, მაგრამ მეკარე შოთა თევზაძის ბრწყინვალედ თამაშის გამო საწადელს ვერაფრით მიაღწიეს. თამაშის განახლებიდან ხუთიოდ წუთში მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში 7-მეტრიანი დანიშნა. თევზაძემ მოიგერია და შეხვედრაც გაგრძელდა, მაგრამ რამდენიმე წამში მატჩის კომისარმა 7-მეტრიანის თავიდან დარტყმა მოითხოვა. თურქებმა ვერც ნაჩუქარი შანსი გამოიყენეს, ისევ ქართველი მეკარის კარგად თამაშის გამო. ამ ემოციურმა ეპიზოდმა სტუმრებზე ცუდად იმოქმედა. მასპინძელთათვის კი თევზაძის ბრწყინვალე თამაში დამატებითი მუხტი აღმოჩნდა და ეს ნელ-ნელა ანგარიშსაც დაეტყო. მე-15 წუთზე რაშიჩის გუნდი უკვე 8 ქულით იგებდა – 26:18.

დროის ამ მონაკვეთში ქართველთაგან მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ირაკლი ჩიქოვანი იყო, რომელმაც საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თურქებმა ერთხელაც გაიბრძოლეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ვლადიმერ რუსიას, ჭანტურიასა და მსხვილიძის შეტევებს ვერაფერი მოუხერხეს. წერტილი სწორედ მსხვილიძემ დასვა, მატჩის დასრულებამდე ორიოდ წამით ადრე, ჩვეული უძლიერესი დარტყმით.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და მხოლოდ 7-ქულიან ლიტვას ჩამორჩება. ფინეთის ანგარიშზე 3 ქულაა, ცხრილის აუტსაიდერი კი თურქეთია, 2 ქულით.

8 იანვარს ქართველი ხელბურთელები სპორტის სასახლეში ლიტველებს უმასპინძლებენ. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ბალტიისპირელებმა 23:17 მოიგეს. თუ რევანში შედგა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გამსვლელი ერთ ნაკრებს 11 იანვარს გასამართი დასკვნითი ტური გამოავლენს. საქართველო ფინეთში ითამაშებს, ლიტვა კი თურქეთს მიიღებს.

 

ხელბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

მე-4 ტური

თბილისი. 5 იანვარი

 

საქართველო – თურქეთი 33:26 (19:15)

საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, გიორგი გვაზავა (1), უჩა გამზარდია (1), ზურაბ აბრამიშვილი, სერგო დათუკაშვილი (2), ვლადიმერ რუსია (6), ირაკლი ჩიქოვანი (5), რევაზ ჭანტურია (5), რატი მსხვილიძე (11), აკაკი ტალახაძე (2).

მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რაშიჩი

თურქეთი: ტანერ გიუნაი, რეჯეფ კირდალი, ალფერენ პეტკაში (4), ატილა ზამანი (1), ონურ ერსინი (2), ემრე იოზი (1), ჩეთინ ჩელიქი (2), თოლგა ოზბაჰარი (3), ტუგბერკ ჩატკინი (5), ემრე კესკინი (1), მიქაილ ილდირიმი (3), ჩან ჩელები (4).

მთავარი მწვრთნელი: ადნან ოზთურქი

მსაჯები: რობერტ არაბაჯუ, სილვიუ სტანესკუ (ორივე რუმინეთი)

კომისარი: ვასილი ფეგირი (უკრაინა) .

0.136187