სხვა

16:50 | 17.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

არმსტრონგი მეორედ წავიდა

“ტურ დე ფრანსის” 7-გზის გამარჯვებულმა, ლენს არმსტრონგმა კარიერა დაასრულა. ინფორმაცია დღეს, “asssociated press”-მა გაავრცელა. აქამდე ცნობილი იყო, რომ 39 წლის ამერიკელი სპორტსმენი, წლეულს სამშობლოში, რამდენიმე შეჯიბრში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრა. არმსტრონგის ბოლო რბოლა ავსტრალიის თოურ Down Under აღმოჩნდა, რომელზეც 65-ე ადგილი დაიკავა.
ლენს არმსტრონგმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ 2005 წელსაც გააკეთა განცხადება, მას შემდეგ, რაც მორიგი “ტურ დე ფრანსი” მოიგო. 2008 წელს კი, გადაწყვიტა საყვარელ საქმეს ისევ დაბრუნებოდა და ამით ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ დოპინგის მიღების შესახებ გავრცელებული ხმები სიცრუე იყო. ამასთან, სპორტული ინტერესიც ჰქონდა – სურდა “ტურ დე ფრანსზე” მერვედაც გაჩემპიონებულიყო. ორი დასახული მიზნიდან ვერც ერთს ვერ მიაღწია. დოპინგის თაობაზე, ბოლო წლებში ინფორმაცია არაერთგზის გავრცელდა (თუმც ისევ და ისევ ვარაუდის დონეზე და დაუდასტურებელი). “ტურ დე ფრანსზე” კი 2009 წელს მე-3, ხოლო 2010-ში 23-ე ადგილები დაიკავა. ამის მიუხედავად, სპორტსმენმა ინტერვიუებში რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ ოდნავადაც არ უნანია დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. მე-8 ტიტულის ვერმოგების მიზეზებად კი, ავარიები და ველოსიპედის გაუმართაობა დაასახელა.
არმსტრონგმა 12 წლის ასაკში, ტრიატლონში დაიწყო ვარჯიში. 16 წლის უკვე პროფესიონალი ტრიატლონისტი იყო. 1989-90 წლებში მოკლე დისტანციაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონიც გახდა. 1991 წლიდან კი გადაწყვიტა, რომ ყველაზე უკეთ ველორბოლა გამოსდიოდა და მთლიანად ამ სახეობაზე გადაერთო. 1993 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ერთი რეკორდიც ჩაიწერა – იქამდე, 22 წლის ასაკში მსოფლიოს პირველობა არავის მოეგო.
1996 წლის ოქტომბერში, არმსტრონგს სათესლე ჯირკვლების სიმსივნე აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, მეტასტაზები უკვე ლამის მთელ სხეულში იყო გაფანტული და სპორტსმენის გადარჩენის შანსი 10 პროცენტს არ აღემატებოდა. ველომრბოლმა გადაწყვიტა პრობლემას არ შეგუებოდა. მკურნალობის პარალელურად, ცდილობდა სავარჯიშო პროცესს არ ჩამოსცილებოდა. მალე სასწაული მოხდა – არმსტრონგმა სიმსივნე დაამარცხა. "მეორედ დაბადებულმა” სპორტსმენმა “ლენს არმსტრონგის ფონდი” ჩამოაყალიბა, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.  ვარჯიშიც გაორმაგებული ენერგიით განაგრძო და მოკრძალებულ კლუბთან - “US Postal”-თან (ამერიკის საფოსტო სამსახური) გააფორმა კონტრაქტი. ცნობისთვის, შვიდივე დიდი გამარჯვება ამ კლუბის სახელით მოიპოვა. სპორტში დაბრუნების შემდეგ კი, ასტანასა და Team Radio Shack-ის ღირსებას იცავდა.

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169263