რაგბი

22:36 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმიას” რევანშის შანსი

 

თბილისის “არმიამ” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მცირე ფინალში “ლოკომოტივს” გამანადგურებელი მარცხი აგემა და ერთი კვრის თავზე ფინალში “ლელოს” დაუპირისპირდება.

ეს იქნება არმიელთა შანსი რევანშის აღებისა, არა მხოლოდ 10 მაისს პლეი ოფში განცდილი მარცხისათვის, არამედ შარშანდელი ფინალისთვის. შეგახსენებთ, ისევე, როგორც წელს, რეგულარული პირველობა “არმიამ” მოიგო, მაგრამ “ლელოსთან” ჯერ პლეი ოფის მეორე ეტაპზე, ხოლო მერე ფინალში დამარცხდა და “ბზის თასის” მას გადაულოცა. წელს სცენარი მეორდება, ყოველ შემთხვევაში ამ ფინალურ შეხვედრამდე - “არმიამ” რეგულარული პირველობა მოიგო, პლეი ოფში “ლელოსთან” დამარცხდა, მაგრამ მცირე ფინალში იმარჯვა და “ბზის თასისთვის” კვლავ “ლელოს” ეთამაშება.

აქამდე პლეი ოფში იოლად მომგები გუნდი შემდეგ ეტაპზე სათანადო თამაშს ვერ აჩვენებდა. ასე იყო პირველ ეტაპზე, როდესაც “ყოჩებს” “აიამ” წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მაგრამ შემდეგ, “ლოკომოტივთან”, რომელმაც “ჯიქებს” ლელოს წესით აჯობა, თავად ვერ ააწყო თამაში და ფაქტობრივად უბრძოლველად დამარცხდა. ამჯერად “ლოკომოტივი” ვერ აღუდგა წინ “არმიას” და 10 წუთის შემდეგ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ფინალისტის ვინაობა უკვე გარკვეული იყო.

დიახ, რკინიგზელებს დღეს არაფერი გამოსდიოდათ. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ვერაფერი დაუპრისპირა არმიელთა გაშლილ თამაშს, 7 ლელო მიიღო და ასეთი სხვაობით წელს პირველად დამარცხდა. “არმიამ” 48:17 სრულიად დამსახურებულად იმარჯვა და ქართული რაგბის გულშემატკივარს 24 მაისს “ლელო”-“არმიას” კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირების ხილვა მოუწევს.

ანგარიში მე-2-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მომავალმა ფინალისტებმა კარგად გაშალეს იერიში, ბახვა კობახიძე ორ მცველთან კონტაქტში შევიდა და იერიში მამუკა ნინიძეს გააგრძელებინა, ხოლო მან ბურთი ჩათვლის მოედანში გუნდის კაპიტან ლაშა თავართქილაძეს შეაყოლა. კობახიძის გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ არმიელები ამან ვერ შეაჩერა და მე-8-ე წუთზე მეორე ლელო გავიდა. ამჯერად იერიში შალვა მამუკაშვილმა წამოიწყო, შებოჭილმა ბურთი გიორგი შკინინს ამოუგდო, რომელმაც ცრუმოძრაობით ბოლო მცველი უსაქმოდ დატოვა და ჩათვლის მოედანში გაინავრდა. ამჯერად კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ხუთიოდე წუთში ანგარიშის გაზრდის შანსი ირაკლი ჩხიკვაძეს ჰქონდა, მაგრამ მან შკინინის გადაცემა ვერ შეიმაგრა, თუმცა, მე-16-ე წუღზე ირაკლი ღვინჯილიამ ცრუმოძრაობით რკინიგზელთა დაცვა დააბნია და ჯვარზე შკინინი შეიყვანა, რომელიც თავის მხრივ ბექა წიკლაურს გასცდა და დავით ჩიტიძის ლელოს კობახიძემ გარდასახვა მიაყოლა - 19:0. განახლდა თამაში და გოდერძი ჭინჭარაულმა არეკნით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ 28-ე წუთზე ჩხიკვაძემ სუფთად გაჭრა ხაზი, მეოთხე ლელო გაიტანა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა.

კობახიძემ ზუსტ გარდასახვას 33-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და ტაიმი 29:3 დასრულდა. ესვენების შემდეგ “ლოკომოტივი” მოედანზე ბევრად უფრო მოტივირებული გამოვიდა, მაგრამ ალექსი ტუჩაშვილმა გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 55 მეტრი ირბინა, რითაც მეტოქის მონდომებას ცივი წყალი გადაასხა. “ლოკომოტივმა” პირველი საპასუხო ლელო 53-ე წუთზე გაიტანა. ორიოდე წუთით ადრე, ალეკო ზაბახიძემ ჯარიმა სწრაფად რომ გაითამაშა, ირაკლი ქორიძემ 10 მეტრის წესი არ დაიცვა და სინბინით დაისაჯა, მერე მან დერეფანში ბურთი პირველ კაცზე ააგდო, სწრაფადვე მიიღო საპასუხო გადაცემა და ლელო გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვა გამოიყენა.

რკინიგზელებს მალევე მიეცათ მეორე ლელოს გატანის შანსი, მაგრამ მიზნამდე ნახევარი მეტრი დააკლდათ და მერე დაუცველ ფლანგზე ბურთის გატანა დაუგვიანდათ. 63-ე წუთზე მათ უკვე საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი, არმიელებმა ჯერ მარჯვენა ფლანგზე შეუტიეს, მერე იერიშის მიმართულება შეცვალეს, თავართქილაძემ გრძელი გადაცემა მიიღო და ალამთან დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე ვანო გაბროშვილმა საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზთან ჩაჭრა გადაცემა და მეტოქის ჩათვლის მოედანმდე ირბინა, რის შემდეგაც ანგარიში 48:10 გახდა, ბოლო წუთზე დავით ჟამუტაშვილის მიერ გატანილმა ლელომ კი, მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

17 მაისი. მცირე ფინალი

თბილისი. “შევარდენი”. 1200 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 48:17 (29:3)

არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჩხიკვაძე, 12. გაგოშვილი (გაბროშვილი 44), 11. შკინინი, 10. ნინიძე, 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 44); 1. კაკოვინი (ქორიძე 41), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 41), 3. ზაქაშვილი (გურგენაძე 41), 4. დ. ჩიტიძე (ხარებავა 68), 5. ცხადაძე, 6. დარასელია (ხარებავა 56-65), 7. ჟღენტი (სურგულაძე 19), 8. თავართქილაძე.

7 ლელო: თავართქილაძე (2), შკინინი, ჩიტიძე, ჩხიკვაძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი

5 გარდასახვა: კობახიძე

1 ჯარიმა: კობახიძე

1 სინბინი: ქორიძე

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე (ფ. გასვიანი 41), 12. კავთიძე, 11. თ. ჩიტიძე, 10. ჭინჭარაული (ჟამუტაშვილი 60), 9. ზაბახიძე (კლიმიაშვილი 67); 1. დ. გასვიანი (ზარიძე 37), 2. გენებაშვილი (კვანტიძე 37), 3. მაღალდაძე (ელოშვილი 53), 4. ხულუაშვილი (ტალახაძე 55), 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. თავბერიძე (ახვლედიანი 60), 8. ბერიშვილი.

2 ლელო: ზაბახიძე, ჟამუტაშვილი

2 გარდასახვა: წიკლაური

1 არეკნი: ჭინჭარაული

 

24 მაისი. ფინალი.

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)

0.276379