რაგბი

14:04 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმია” თბილისი

 

თბილისის “არმიამ” 2011 წელს მძლავრად შემოაბიჯა საქართველოს ჩემპიონატში და ახალშექმნილმა გუნდმა პირველივე ჯერზე მოახერხა მთავარი ჯილდოს მოგება.

მერე ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე რომ გადავიდა, არმიელებმა გარდამავალი, საგაზაფხულო თასიც მოიგეს, ბოლო ორ სეზონში კი, ფინალში გააღწიეს, მაგრამ გადამწყვეტი ჯახი ორივეჯერ დათმეს “ლელოსთან”. ძნელი სათქმელია, ამის ბრალია თუ არა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ გუნდს დაინანსება შეუწყვიტა, “არმიაც” მასობრივად დატოვეს წამყვანმა მორაგბეებმა და გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მაგრამ “არმიამ” ამ გასაჭირს გაუძლო. გაურკვევლობა ივლისის ბოლოს რომ დასრულდა, “ავჭალის” ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადება განახლდა და “მსოფლიო სპორტმა” გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკო ჭავჭავაძეს მიაკითხა:

-       გასული სეზონის საბოლოო შედეგით უკმაყოფილოები დავრჩით. რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრე ცუდად ჩავატარეთ და ზედიზედ ოთხი თამაში ვერ მოვიგეთ. თუმცა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გუნდში კონკურენცია იყო და ყველასთვის უნდა მიგვეცა შანსი, რომ მეორე წრეში ძირითადი ბირთვი შეგვერჩია. მერე უფრო მეტი ვიმუშავეთ, ზედიზედ მოვიგეთ თამაშები და ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავასრულეთ. სამწუხაროდ, პლეი ოფის პირველ ეტაპზე დავმარცხდით და მცირე ფინალის ჩატარება ისეთ სიცხეში მოგვიწია, რომ ბიჭები გამოიფიტნენ და ფინალი სათანადო დონეზე ვეღარ ჩავატარეთ. სათამაშო დისციპლინამაც დაგვაღალატა, ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით და ირაკლი ყიასაშვილმა ცხრიდან რვა შანსი გამოიყენა.

-       ორი წელია “არმია” რეგულარულ პირველობას იგებს, “ლელოს” ამარცხებს, მაგრამ პლეი ოფებში და ფინალში ამ გუნდს ვეღარ ჯობნის. “ლელოს”, ან გადამწყვეტი თამაშების კომპლექსი ხომ არ გაქვთ?

-       არანაირი კომპლექსი. ზემოთნახსენები სათამაშო დისციპლინისა და გამოფიტვის გარდა, საკვანძო მოთამაშეები ტრავმირებული გვყავდა - ზვიად მაისურაძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ელიზბარაშვილი. ამათგან ნებისმიერს შეეძლო თამაშის დალაგება და სათამაშო დისციპლინის გამოსწორება, მაგრამ იმ დღეს მოედანზე არცერთი არ გვყავდა.

-       მომავალი სეზონის წინ “არმია” ძალიან ბევრმა მორაგბემ დატოვა. იქნებ აგვიხსნათ რა ხდება თქვენს კლუბში?

-       ეს არ იყო ჩვენი, მწვრთნელების გადაწყვეტილება. პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობდით ბირთვის შენარჩუნებას, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე თავდაცვის სამინისტრომ განგვიცხადა, რომ გვიწყვიტავდა დაფინანსებას. სიტყვიერი შეთანხმებით, სამინისტრო მცირედით დაგვეხმარება, თუმცა ჯერ ზუსტად არც ვიცით ეს რა სახის დახმარება იქნება. ბიჭებს იმ ხელფასებს ვეღარ მივცემდით, რასაც მანამდე ვაძლევდით და შედეგად, 16-მა მოთამაშემ დაგვტოვა.

-       ამხელა დანაკარგის შევსება იოლი არ იქნება.

-       მინდა მადლობა ვუთხრა იმ გუნდებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და თავად შემოგვთავაზეს მოთამაშეები. მათ არ სურდათ “არმია” რომ დაშლილიყო. ყველას საერთო აზრია, რომ ამ გუნდმა უნდა იარსებოს, რადგან თავისი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში და ჩემპიონატსაც ერთგვარი ხიბლი შემატა. მოთამაშეები დავიმატეთ “ჯიქებიდან,” პირველლიგელი ფოთიდან და “ივერიიდან”. “აიადან” გადმოვიდა ირაკლი ჩხიკვაძის ძმა, ბურჯი ტარიელ ჩხიკვაძე. ვაპირებთ ახალი გუნდის აწყობას. Fაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. შემადგენლობა მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ლიგაში დასარჩენად საქმე არ გვექნება და პლეი ოფის საგზურისთვის ვიბრძოლებთ.

-       რამდენად შეძლებენ, პირველლიგელი, გამოუცდელი ბიჭები პლეი ოფისთვის ბრძოლას?

-       ზოგჯერ შეუფასებელი მოთამაშეები უფრო ბევრს აკეთებენ, ვიდრე დაფასებულები. ყველანი მონდომებული არიან, თანაც, ჩვენ გარკვეული ბირთვი შევინარჩუნეთ - შერკინების ბირთვი იგივე რჩება, დაუშვილიც დაგვემატა უკრაინიდან, დარჩა ელიზბარაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე. ახალგაზრდებისთვის ამ გამოცდილი მორაგბეების გვერდით თამაში დიდი პატივი იქნება და მონდომებას არ დააკლებენ. მჯერა, ისინი ახლა უფრო მეტს გააკეთებ, ვიდრე პირველ ლიგაში აკეთებდნენ.

-       ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა გვიან დაიწყეთ მზადება?

-       ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ, მანამდე ფინანსური კუთხით გაურკვევლობა იყო და ასეთ პირობებში ვერავის ვერაფერს ვთხოვდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოედნის ქირასაც ვერ გადავიხდიდით. ვარჯიში ივლისის მიწურულს დავიწყეთ და ძირითადად ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, რადგან რაგბიში 80 პროცენტს სწორედ ეს კომპონენტი იგებს. სამწუხაროდ, შეკრება არ გამოგვივა და ჩემპიონატამდე “ავჭალის” ბაზაზე ვივარჯიშებთ. ვფიქრობ, 17 აგვისტოს მაყურებელი “ბათუმთან” კარგ თამაშს იხილავს.

 

თბილისურ სიცხეში ვარჯიში იოლი საქმე არაა, მაგრამ თავს არავინ ზოგავს. გიორგი კალმახელიძეც კი, რომელმაც 7-კაცა ნაკრებში თამაშისას რომში ხელი მოიტეხა და საოპერაციო გახდა, დასვენების ნაცვლად ინდივიდუალურად ემზადება, რათა სექტემბერში მოედანზე დაბრუნება შეძლოს. ფიზიკურად მძიმე ვარჯიშების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” გამოცდილ პირველხაზელ გოგა კაკოვინს გაესაუბრა:

“ვარჯიში ივლისის ბოლოს დავიწყეთ და სიცხეებმა მაგრად შეგვაწუხა, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს. მოკლე პერიოდში გვიწევს როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად და ტაქტიკურად მზადება და გაორმაგებული ძალებით გვიწევს ვარჯიში. ვფიქრობთ, პირველი თამაშისთვის ყველაფერს მოვასწრებთ და სრულ მზადყოფნაში ვიქნებით. გუნდში მრავლად არიან ახალი მოთამაშეები, უმეტესად ახალგაზრდები და მგონია, რომ მათ აყოლიებას შევძლებთ და ექვსეულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ, მერე კი, ვნახოთ რა მოხდება”.

0.171558