საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება იმ ფაზაშია შესული, რომ ძნელია განსაზღვრო რომელ თამაშში გაიმართება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და რომელ სტადიონზე გაიმართება ცენტრალური შეხვედრა.
ამის თქმის საფუძველს წელს უპრეცედენტოდ დაძაბული ჩემპიონატის გარდა, ამ მომენტისთვის შექმნილი სიტუაციაც იძლევა. 20-წლამდელთა ნაკრების მსოფლიო თასის “ალაფაზე” ჰონკონგში გამგზავრების ფონზე, ყველაზე მეტად მე-16 ტურში ქუთაისის “აია” და თბილისის “არმაზი” დაზარალდნენ, რომელთაც შესაბამისად შვიდი და ხუთი მორაგბე დააკლდებათ. ამავე მიზეზით სხვა გუნდების დანაკლისი მოკრძალებულია –“ალაფაზე” “არმიას”, “ლოკომოტივს” და “ხარებს” ორ-ორი, ხოლო “ლელოს” ერთი მოთამაშე ჰყავს მივლინებული.
და მაინც, ტურის ორი ცენტრალური მატჩი კვირასაა დანიშნული, შაბათის შეხვედრებისგან კი, მხოლოდ მოულოდნელობებს თუ დაველოდებით. პირველ დღეს ორი თამაშია დანიშნული და მასში გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც რეგულარული ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დასრულებას ცდილობენ, რათა პლეი ოფს უკეთეს პირობებში შეხვდნენ, იმ გუნდებს ეთამაშებიან, რომლებიც მომავალი გათამაშებისთვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობენ.
თბილისში, “ავჭალაზე”, “ლოკომოტივი” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ ერთი დღით ლიდერობის შანსი ეძლევა. თავის მხრივ, რუსთაველები პირდაპირ გასავარდნ ზონას უკვე 7 ქულით რომ დაშორდნენ, ახლა გადათამაშებისთვის თავის არიდებას ცდილობენ და მათთვის ყოველი ქულა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს გუნდები ძლიერი შერკინების ხაზით გამოირჩევიან და 16 საათზე სტადიონზე მისული მაყურებელიც დაძაბულ ბრძოლას იხილავს.
“ლოკომოტივი” ის გუნდია, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატჩში ყველაზე მეტი - 11 თამაში აქვს მოგებული, მაგრამ მოწინავე ექვსეულში “ყოჩებთან” ერთად ყველაზე ცოტა, 4 პრემიალური ქულა აქვს აღებული და ესაა მიზეზი მისი მესამე ადგილზე ყოფნისა. ცნობისათვის, განვლილ 15 მატჩში “ლელოს” 10 პრემიალური ქულა აქვს, “არმიას” 9, “აიას” და “ჯიქებს” (ამ უკანასკნელს 17 თამაშიდან) კი 7-7. “ხარებმა” 2014 წელს ოთხი თამაში ჩაატარა და სამში გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი კი, 50-ე წუთზე ჩაიშალა (“ყოჩებთან”) და რუსთაველებს წაგება ჩაეთვალათ.
რუსთაველთა ეს შედეგი იმის დასტურია, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაშია და იოლად “ლოკომოტივთანაც” არაფერს დათმობს. პირველ წრეში რკინიგზელებმა “ხარებს” რუსთავში 31:15 აჯობეს და მაშინ პრემიალური ქულაც აიღეს.
16 საათზე ანგისაზე იწყებს მატჩს რუსთაველთა მთავარი კონკურენტი “ბათუმი”, რომელსაც “ხარებზე” ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და გარდა იმისა, რომ გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა სურს, მოგებით გადათამაშებისთვის თავის არიდებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მაგრამ ზღვისპირელებს იოლი ბრძოლა არ ელით, რადგან მათი მეტოქე ბოლო დროს შედეგიანად მობურთალი ბოლნისის “ყოჩები” იქნება, რომელიც ზედიზედ რამდენიმე მოგებამ ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდად აქცია.
დიახ, ქვემოქართლელებმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება თუ ჩაიწერეს, საუკეთესო ოთხეულში შეაბიჯებენ და კვირის მატჩების შედეგებს დაელოდებიან. “ყოჩები” ლიდერს უკვე 5 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ერთ მატჩშიც შესაძლებელია, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელმაც მოგებისთვის პრემია მხოლოდ ერთ მატჩში ჩაიწერა (მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის) და ის ერთადერთი “ღირშესანიშნავი” გამარჯვება სწორედ “ბათუმთან” მოიპოვა, როდესაც ბოლნისში 59:27 დაამარცხა.
მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა, ბათუმელები ლეგიონერებით გაძლიერდნენ და საკუთარ მოედანზე გამორჩეულად კარგად თამაშობენ. მათ სამივე თამაში სწორედ ზღვისპირეთში მოიგეს, 12 მარტს ანგისაზე “არმაზსაც” სძლიეს და “ყოჩებთან” რევანშისთვის და სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ამჯერად მაქსიმუმს გაიღებენ.
კვირის მატჩები მოწინავე ექვსეულში ადგილების გადანაწილებას და “არმაზისთვის” იქ მოხვედრის ბედს წყვეტს. პირველი მატჩი 14:30 საათზე ქუთაისში, “დინამოზე” დაიწყება და “აია” ლიდერ “არმიას” დაუხვდება. ქუთაისელებს შემადგენლობის მხრივ მეტოქეზე დიდი პრობლემები აქვთ, მაგრამ საკუთარი მაყურებლის წინაშე ისინი მუდამ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ და ორმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვიტას მათ თვალწინ ამ მომენტისთვის უძლიერეს კლუბთან ეცდებიან.
მაგრამ გულხელდაკრეფილი არც მეტოქე იქნება. “არმიამ” გასულ ტურში დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს, ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული და “არმაზთან” ტაიმის 3:6 დათმობის შემდეგ, მეტოქე მეორე ნახევარში სრულად დაჯაბნა - 36:6. ამ მოგებამ და მეტოქეების მარცხმა, არმიელები პირველ ადგილზე გაიყვანა და ახლა ისინი მიღწეულის შენარჩუნებას ეცდებიან, რათა პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენება დაიბევონ. და მაინც, “აიამ” “არმიას” პირველ წრეში თბილისში 24:18 აჯობა და ახლა საკუთარ კედლებში იგივეს გამეორებას ეცდება, რათა, თავის მხრივ, მოწინავეთა შორის დარჩენით, პლეი ოფში დასვენება, ან საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობის უფლება თავად დაიტოვოს.
კვირა დღის მეორე მატჩი “შევარდენზე” 16 საათზე იწყება და მის შედეგს “არმაზისთვის” და “ლელოსთვის” უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არმაზელები ბოლო დროს არასტაბილურად თამაშობენ, შედეგად, ექვსეულს მიღმა სწორედ ისინი არიან, უახლოეს კონკურენტს უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან და მარცხი მათთვის ფაქტობრივად პლეი ოფთან დამშვიდობების ტოლფასი იქნება.
მაგრამ “ლელოს” საკუთარი გეგმები აქვს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ ორი მარცხით ლიდერის პოზიცია დაკარგა და თუ ასე გააგრძელა, იმ მეორე ადგილსაც დაემშვიდობება, რომელიც პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენების საშუალებას იძლევა. კრიტიკულ სიტუაციაში ამ გუნდს მობილიზების უნარი გააჩნია და მაყურებელიც საინტერესო დაპირისპირების მომსწრე გახდება. პირველ წრეში “ლელომ” მეტოქეს 28:3 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ამ ტურის თამაში უკვე ჩატარებული აქვთ “ჯიქებს” და “აკადემიას”. “ჯიქებს” ერთგვარი ჩავარდნა ჰქონდა და ექვსეულსაც დაშორდა, მაგრამ ბოლო დროს ბიჭებმა ბრძოლიუნარიანობის მორიგი მაგალითი გამოავლინეს, ლიდერები - “არმია” და “ლელო” ერთიმეორეს მიყოლებით დაამარცხეს და ექვსეულში დაბრუნებულებმა 8-ქულიანი ფორაც შეიქმნეს. მაგრამ მათ მეტოქეთაგან განსხვავებით მხოლოდ ერთი თამაში დარჩათ ჩასატარებელი, რომელსაც დასკვნით ტურში “ბათუმთან” გამართავენ და მანამდე უშუალო კონკურენტებისთვის თვალის დევნება შორიდან მოუწევთ.
“აკადემია”უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს 8 პრემიალური ქულის ხარჯზე ინარჩუნებს. მათ სულ ორი თამაში აქვთ ჩასატარებელი, ამ შაბათს კი, იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ “ბათუმი” ანგისაზე “ყოჩების” დამარცხებას ვერ მოახერხებს.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XVI ტური
5 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ბათუმი. ანგისა. 16:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი)
6 აპრილი
ქუთაისი. “დინამო”. 14:30 საათი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16 საათი
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
1 | არმია | 15 | 10 | 1 | 4 | 410-235 | 51 |
2 | ლელო | 15 | 10 | 0 | 5 | 400-193 | 50 |
3 | ლოკომოტივი | 15 | 11 | 0 | 4 | 334-263 | 48 |
4 | აია | 15 | 10 | 0 | 5 | 323-205 | 47 |
5 | ყოჩები | 15 | 10 | 1 | 4 | 315-258 | 46 |
6 | ჯიქები | 17 | 8 | 2 | 7 | 302-257 | 43 |
7 | არმაზი | 15 | 8 | 0 | 7 | 255-308 | 35 |
8 | ხარები | 16 | 4 | 0 | 12 | 197-371 | 19 |
9 | ბათუმი | 15 | 3 | 0 | 12 | 224-479 | 15 |
10 | აკადემია | 16 | 1 | 0 | 15 | 184-375 | 12 |