რაგბი

22:02 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არმაზი” და “აია” ლიდერობენ, ჩემპიონი ბრძოლაში დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრაული მატჩი დაძაბული გამოდგა. “ავჭალაზე” შეკრებილმა მაყურებელმა ოთხი ლელო იხილა და ყველა მათგანი ერთ ჩათვლის მოედანში გავიდა, მაგრამ სხვადასხვა ტაიმში.

“არმაზმა” საკუთარი ამბიცია “ლოკომოტივთან” გამართული მატჩის პირველ ტაიმში სამი გატანილი ლელოთი დაასაბუთა. თავი ბროძელმა, მინაშვილმა და გიგაურმა გამოიჩინეს, რასაც კიკნაძემ ზუსტი გარდასახვები დაურთო და არმაზელები 21:0 დაწინაურდნენ, მაგრამ “ლოკომოტივი” ასე იოლად დანებებას არ აპირებდა. მათი გარჯა მხოლოდ ერთ, თავბერიძის მიერ გატანილ ლელოში აისახა და წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ამან, მეტოქეს მხოლოდ პრემიალური ქულა დააკარგვინა - 21:7 “არმაზის” სასარგებლოდ.

გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ პრემიალური ქულის გარეშე მეორე იმ გუნდმაც, რომელმაც ერთი კვირის წინ 5 ქულა ჩაიწერა. ქუთაისის “აია” რატიშვილის ლელოთი და ჯინჭველაშვილის გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ ოდიშარიასგან ორი ჯარიმა მიიღო და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში, ლელო ლოსაბერიძემ მიითვალა, რასაც ჯინჭველაშვილმა და სინაურიძემ თითო-თითო ჯარიმაც შემატეს, მაგრამ ერთი ჯარიმა ოდიშარიამაც გაიტანა და ქუთათურებმა 18:9 იმარჯვეს.

ანგარიშის მიუხედავად, დაძაბული გამოდგა სადებიუტო ტურში დამარცხებული “აკადემიისა” და “ლელოს” დაპირისპირება. საქართველოს ჩემპიონმა, რომელიც პირველ ტურში გასული ჩემპიონატის აუტსაიდერ “ყოჩებთან” დამარცხდა, მეორე აუტსაიდერ “აკადემიასთან” საქმის მოთავება, პირველივე წუთებიდან გადაწყვიტა და დებიუტში ლელო ვერ გაიტანა, მაგრამ გოდერძი ჯოგლიძის ჯარიმით დაწინაურდა. მათვე, ცოტა ხანში, არეკნით სცადეს უპირატესობის გაზრდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.  

10-15 წუთის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა უკვე “აკადემიას” მხარეს გადავიდა. მათ ჯარიმით წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცათ, მაგრამ ქოპილაშვილმა, ბურთის სწრაფად გათამაშებით, ლელოს გატანა სცადა - მისი გუნდი უქულოდ დარჩა. აკადემიელები არ მოეშვნენ და კონტრშეტევაზე ორ მოიერიშეს ნიჟარაძემ დაასწრო ბურთის აღება, 27-ე წუთზე კი, დავითაშვილმა ჯარიმით სცადა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მალევე, ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ჯოგლიძემაც გააცუდა, თუმცა 34-ე წუთზე, როდესაც მჭედლიშვილმა გაჭრა ხაზი და რამდენიმე მეტრი ირბინა, ბურთი მარჯვენა ფლანგზე ბოლომდე ჩათამაშდა და ლექსო გუგავამ ლელო ალამთან გაიტანა. ჯოგლიძეს გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ ორიოდე წუთში, ჯარიმით ანგარიში 11:0 გახადა, თუმცა, ზედ შესვენების წინ, ჯარიმა დავითაშვილმა გაქვითა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ლომთაძემ “ლელოს” კარგი იერიში ლელოთი დააგვირგვინა, რასაც შეცვლაზე შესულმა ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტი გარდასახა მიაყოლა. მალე, მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რის გამოც, რეფერიმ ორივე გუნდის თითო მორაგბე - სურგულაძე და ჩაბრაძე გაასინბინა, ხოლო დავითაშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა - 6:18. ამის შემდეგ, “ლელოს” უპირატესობა საბოლოოდ გამოიკვეთა, მათ ჯარიმები კარში აღარ დაარტყეს და მალევე, 5-მეტრა დერეფანს, კარგი მოლი და ნიკოლაიშვილის პრემიალური ლელო მოჰყვა, ხოლო ყიასაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა.

ამას, “ლელოს” კარგი კონტრშეტევა მოჰყვა, გიორგი კაჭარავამ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა ანგარიში 32:6 გახადა. ანგარიშიდან გამომდინარე, წესით დაძაბულობა უნდა მოხსნილიყო, მაგრამ მოედანზე ისეთი გუნდური ჩხუბი ატყდა, რომ მსაჯებმა მორაგბეებს ცემა-ტყეპა ორი წუთი აცალეს და მერეღა ჩაერთვნენ საქმეში. რეფერიმ თითო გუნდიდან ბარათით ორ-ორი მორაგბე დასაჯა (ნებულიშვილი და ქოპილაშვილი “აკადემიადან” და მინდიაშვილი და ლომთაძე “ლელოდან”) და ყიასაშვილმაც ასპროცენტიანი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა. მატჩის მიწურულს, ბაჩანა კოლელიშვილმა მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გაუტანა, ხოლო ყიასაშვილმა საბოლოო შედეგი, 42:6 დააფიქსირა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. II რაუნდი

14 სექტემბერი

თბილისი. “ავჭალა”.

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 7:21

თბილისი. “შევარდენი”.

აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 6:42

ბათუმი. “ანგისა”.

ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) 9:18

 1        არმაზი                           2            2          0           0           60 -24             9                                
2 აია 2 2 0 0 35-21 9
3 ლელო 2 1 0 1 55-38 5
4 ყოჩები 1 1 0 0 32-13 4
5 არმია 1 1 0 0 21-9 4
6 ლოკომოტივი 2 1 0 1 26-38 4
7 ჯიქები 1 0 0 1 17-19 1
8 ხარები 1 0 0 1 12-17 1
9 ბათუმი 2 0 0 2 26-57 0
10 აკადემია 2 0 0 2 15-63 0

 

15 სექტემბერი

რუსთავი. “ახალი”. 17:00 საათი

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

0.678075