საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 18 ივნისს, 17:00 საათზე, “ავჭალაზე” “თბილისის თასი 2014”-ის ფაქტობრივად გადამწყვეტ მატჩს გამართავს.
“ბორჯღალოსნებმა”, რომლებიც ეროვნულის სახელით კი თამაშობენ, მაგრამ რეალურად მეორე გუნდით არიან წარმოდგენილი, პირველ ტურში ესპანეთი 23:13 დაამარცხეს. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველი მორაგბეები აირივნენ და შესვენებამდე გატანილ 20 ქულას და 3 ლელოს, დასკვნით წუთზე მხოლოდ ჯარიმა შემატეს, რის გამოც პრემიალური ქულა ვერ აიღეს.
თავის მხრივ, “იაგუარებმა”, რომელიც არგენტინის მესამე გუნდად უნდა მივიჩნიოთ, იტალიასთან ჩატარებული არცთუ დამაჯერებელი პირველი ტაიმის შემდეგ (9:10), მეორე ნახევარში მეტოქეს თავბრუ დაახვიეს, ექვსი ლელო გაუტანეს და 45:20 მოიგეს. მათ პრემიალური ქულაც მიითვალეს და რადგან დასკვნით ტურში ესპანეთს ეთამაშებიან, ქართველებთან მოგებით თასს არგენტინაში წასაღებად ნაადრევად გაამზადებენ. არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნარდო ურდანეტამ იტალიასთან მოგებულ შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელა. მან გამოცვალა 9-10 ნომრები, ერთი შუამარბი და ერთიც გარემარბი. ცვლილებები შეეხო შერკინების ხაზსაც, კერძოდ, პირველ ხაზში ორი, ხოლო მესამეში ერთი მორაგბე შეცვალა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაშიც. ფულბეკის პოზიციაზე ესპანეთთან სრულად გაისარჯა ბექა წიკლაური, ახლა კი, შანსს ირაკლი ყიასაშვილი მიიღებს. გარემარბებად თამაზ მჭედლიძე და სანდრო თოდუა რჩებიან, შუმარბთა წყვილი - რეზო გიგაური და დავით კაჭარავა კი, თედო ზიბზიბაძემ და მერაბ შარიქაძემ შეცვალეს. ოთხი დღის წინ ეს მორაგბეები განაცხადშიც არ იყვნენ, ახლა კი, გუნდს შარიქაძე უკაპიტნებს და გახდება 27-ე მორაგბე, რომელსაც ეროვნული გუნდისთვის უთავკაცია. როტაცია შეეხო 9 ნომრის პოზიციასაც და ამ ჯერზე თამაშს გიორგი როხვაძე იწყებს, ხოლო გიორგი ბეგაძე თადარიგშია.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა შერკინების ხაზში. პირველ ხაზში შალვა მამუკაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად, თამაშს სიმონ მაისურაძე და გიორგი მჭედლიშვილი იწყებენ. მეორე ხაზი უცვლელია, მესამე ხაზში კი, მნიშვნელოვანი როტაცია მოხდა. შალვა სუთიაშვილის ტრავმის გამო, რომელიც “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი იყო, მაგრამ ესპანეთთან კუნთი დაიზიანა, დიმიტრი ბასილაიამ შემკვრელის პოზიციიდან ფლანკერად გადაინაცვლა. მეორე ფლანკერი კოკი თხილაიშვილის ნაცვლად გივი ბერიშვილი იქნება, ხოლო 8 ნომერზე ბექა ბიწაძე დადგება. სათადარიგოთა შორის გამოჩნდნენ გურამ კავთიძე და დაჩი ყუფარაძე, ეს უკანასკნელი გუნდმა ბოლო მომენტში დაიმატა.
საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიის “ა” ნაკრები ესპანეთს ეთამაშება. ორივე თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და ხვალ მათი შეძენა სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.
თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”
18 ივნისი
საქართველო - არგენტინა “იაგუარები” (17:00 საათი)
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი როხვაძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. სიმონ მაისურაძე, 3. გიორგი მჭედლიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ კავთიძე, 18. დაჩი ყუფარაძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური.
არგენტინა: 15. გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14. მატიას მასერა, 13. ხუან კაპიელო, 12. ხუან-პავლო სოსინო, 11. რამირო მოჟანო, 10. ხავიერ როხასი, 9. ფელიპე ესკურა; 1. ნაუელ ლოვო, 2. ფაკუნდო ვოში, 3. დამიან არიასი, 4. მარტინ ჩიაპესონი, 5. ლუკას პონსე, 6. ნიკოლას პროტო, 7. ფაკუნდო ისა, 8. ლისანდრო აუალი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. სანტიაგო გარსია-ვოტა, 17. ტომას ვარავაჟე, 18. გასტონ კორტესი, 19. ლუკას მაგვაიერი, 20. ლაუტარო კასადო, 21. მარკოს ვოჟინი, 22. დან ისაკი.
რეფერი: ლუქ პირსი (ინგლისი)
კიდეებზე: საბა აბულაშვილი, ნიკოლოზ ამაშუკელი
იტალია “ა” - ესპანეთი (19:00 საათი)
იტალია: 15. დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14. სიმონე რაგუზი, 13. ტომაზო ბონი, 12. ტომაზო კასტელო (კაპ.), 11. მიკელე ვიზენტინი, 10. ედოარდო პადოვანი, 9. მარჩელო ვიოლი; 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ ჯეგა, 3. რუდი ბიანკოტი, 4. ფილიპო ჯეროზა, 5. მიკელე ანდრეოტი, 6. მაკსიმე მბანდა-მატა, 7, ემილიანო კაფინი, 8. მატეო ფერო.
სათადარიგოები: 16. ჯოვანი სკალვი, 17. ლუკა სკარსინი, 18. იაკოპო სარტო, 19. ნიკოლა ბელარდო, 20. ჯულიო ბიზენი, 21. ჯეიმზ ამბროზინი, 22. კარლო კანა.
ესპანეთი: 15. ხავიერ კარიონი, 14. ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი, 13. პაბლო ფონტესი, 12. დენიელ-როს სნი, 11. სერხიო ფერნანდეს, 10. მარიანო-ესეკიელ გარსია, 9. პაბლო ფეიხო (კაპ.); 1. ფრანსისკო-ხავიერ სანსი, 2. ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. ალეხანდრო ბლანკო, 5. იგნასიო-დუკო მოლინა, 6. მანუელ მორა, 7. ხავიერ დე-ხუანი, 8. ადამ-რობერთ ნიუთონი.
სათადარიგოები: 16. ფრანსისკო ბლანკო, 17. რომენ აზენსი, 18. გაბრიელ-აგუსტინ ორტისი, 19. ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 20. ფრანსისკო კოპლეტი, 21. ალბერტო დიასი, 22. ფაკუნდო მუნიჯა.
რეფერი: ენდრიუ მაკ-მენემი (შოტლანდია)
კიდეებზე: თევზაძე, გვირჯიშვილი
1. | იაგუარები | 1 | 1 | 0 | 0 | 45-20 | 5 |
2. | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 23-13 | 4 |
3. | ესპანეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 13-23 | 0 |
4. | მზარდი იტალია | 1 | 0 | 0 | 1 | 20-45 | 0 |
22 ივნისი
საქართველო - იტალია “ა” (17:00 საათი)
ესპანეთი - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)