რაგბი

0:44 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ თასი არ დაგვანება

“თბილისის თასი 2014”-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ტურნირის მთავარი ჯილდო საქართველოში არც მეორედ გამოიზამთრებს და ამჯერად ოკეანის მიღმა, არგენტინაში გაემგზავრება.

გარკვეულწილად, პირველი ტურის სცენარი ამჯერადაც გამეორდა - საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ქულა აიღო, არგენტინამ კი, პირველი ტაიმი მინიმალურად დათმო და გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა. მაგრამ თამაში ვინც იხილა, უთუოდ დაინახავდა ძალიან დიდ სხვაობას, როგორც საქართველოს, ასევე არგენტინის ნაკრების მხრიდან.

“ბორჯღალოსნების” ისედაც გადახალისებული შემადგენლობა კიდევ უფრო რომ გადახალისდა, გუნდმა ითამაშა ოთხი დღის წინანდელზე მეტი მონდომებით და ნაკლები იყო ტექნიკური წუნი, მაგრამ კატასტროფულად არ ვარგოდა სათამაშო დისციპლინა. შერკინებამ მეტოქე ვერ დაჩაგრა და გამოჩნდა, რომ ჩვენი პირველი ხაზის რესურსი არც ისე დიდია, როგორც წარმოგვედგინა. შედეგად, ამ კომპონენტში მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა და მერე ეს სათანადოდაც გამოიყენა. ამ თამაშით, საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ნაკლებად იმსახურებდა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი მიახლოებულია იმ თამაშთან, რომელიც მოედანზე გასულმა გუნდებმა აჩვენეს.

თუ ამ ტურნირს ეროვნული გუნდის კანდიდატთა კუთხით შევხედავთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მგეზავის - ლაშა მალაღურაძის თამაში. კონკრეტულად არგენტინასთან მატჩში კარგად გაისარჯა ბექა ბიწაძე, კვლავ გამოიჩინა თავი შეცვლაზე შესულმა ლაშა ლომიძემ, იაქტიურა და ბევრი იბრძოლა გურამ კავთიძემ, მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა და უფრო ორგანიზებულად მოთამაშე არგენტინამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი შეცდომა მე-3-ე წუთზე დავუშვით, როდესაც გიორგი როხვაძის ფეხით დარტყმული მეტოქეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა, კონტრშეტევაზე ლელოს გაშვების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ გივი ბერიშვილმა მეტოქის შეჩერება მოახერხა. ის ბრძოლას არ გამოეთიშა, რაქიდან არგენტინელებს ბურთის სწრაფად გატანის საშუალება არ მისცა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ხუან-პავლო სოსინომ კარის წინ 21 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. მე-9 წუთზე “ბორჯღალოსანთა” შერკინება მეტოქისამ მაგრად დაჩაგრა და 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში 6:0 გახდა.

ორიოდე წუთში მეტოქეს კაცნაკლულმა საქართველომ კარიდან ოდნავ მარცხნივ, 45 მეტრიდამ მალაღურაძის ზუსტი დარტყმით უპასუხა, მერე კი, უკვე თანაბარ პირობებში არგენტინის შერკინება რომ დაჯარიმდა, მალაღურაძემ საკუთარი ნახევრიდან მეტოქის ჩათვლის მოედანში, თითქმის 60-მეტრიანი დარტყმით კარგი აუტი გამოიმუშავა. დერეფანი ბექა ბიწაძემ მოიგო და არგენტინამ მოლი ზედ ჩათვლის მოედანთან შეაჩერა, მაგრამ ზურაბ ჟვანია სწრაფად გაერკვა სიტუაციაში, ბურთი აიტაცა დაშეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახვით ანგარიში 10:6 გახადა.

სამიოდე წუთში ბიწაძემ აქტიურობით მეტოქეს ბურთი აართვა, ჟვანიამ ხაზი გაჭრა და კიდევ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, უპირატესობის ხაზის გადალახვა ვეღარ მოხერხდა და მალაღურაძემ 30 მეტრიდან არეკნი დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. მალე არგენტინელებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, მერე ხუან კაპიელო სანდრო თოდუაზე შუბისებრი ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, ხოლო მალაღურაძემ 55 მეტრიდან კარში დარტყმა გადაწყვიტა და ანგარიში 13:9 გახადა. მომდევნო ჯერზე ლაშას 45 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა, ზედ შესვენების წინ კი, უწყინარ სიტუაციაში უკვე თავად დავჯარიმდით და ტაიმი 13:12 დასრულდა.

მეორე ტაიმი დაიწყო და არგენტინის შერკინებამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. სტატიკაში დაშვებულმა ორმა შეცდომამ, სტუმრებს 5 ქულით დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ 55-ე წუთზე ბეგაძის ჰაერში ბოჭვისთვის სიმონე რაგუზი სინბინით დაისაჯა და მალაღურაძემ კარიდან მარცხნივ, 45 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. სამწუხაროდ, ეს ბოლო აღებული ქულა აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, არადა, სამჯერ ლელოს გატანის და მეტოქის გატეხის კარგი საშუალება გვქონდა. მანამდე ის მოხდა, რომ შეცვლაზე შესულმა დაჩი ყუფარაძემ რეფერის შეგონება ყურად არ იღო დაშერკინებაში მორიგი ჯარიმისთვის სინბინით დაისაჯა, რამაც გუნდების თანაფარდობა აღადგინა.

არგენტინამ ლელოზე თამაში გადაწყვიტა და ჯარიმა აუტში გაგზავნა, მაგრამ იქიდან ვერაფერი ააწყო და მერაბ შარიქაძემ კონტრშეტევა წამოიწყო, უკვე ცენტრის სიახლოვეს მალაღურაძემ მარჯვენა ფლანგზე ფეხით ჩაკიდა ბურთი და მას კოტე მიქაუტაძე დაუფლა. სამი ქართველი ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩა და მეტობის გამოყენებით ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მიქაუტაძემ პასი დააგვიანა, თავად გადაწყვიტა გარღვევაზე წასვლა, მბოჭავს ვერ გაექცა და შანსი დაიკარგა.

მალევე შანსი თედო ზიბზიბაძეს მიეცა, რომელმაც ხაზი სუფთად გაიჭრა და ყველამ იფიქრა, რომ ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მცველმა ნახტომში ხელი ფეხზე ოდნავ გამოკრა და შემტევს წონასწორობა დააკარგვინა. ზიბზიბაძე ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში წაიქცა და სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ მსაჯმა იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა და ჯარიმა დანიშნა. ორიოდე წუთში მსაჯთა ბრიგადას ტრიბუნიდან მორიგი რისხვა დაარტყდა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს დერეფანში აართვა ბურთი, მალაღურაძემ დაუცველი ზონა კიდევ ერთხელ შენიშნა და ფეხით კვლავ მარჯვნივ ჩაკიდა, თამაზ მჭედლიძე ბურთს დაეწია, წონასწორობა შეინარჩუნა და ალამთან ლელო გაიტანა.

საქართველოს ნაკრებისა და გულშემატკივართა ზეიმი ქართველმა გვერდითმა მსაჯმა ჩაშალა, რომელმაც ბრძანა, თაზო ბურთის დამიწებამდე ფეხით გვერდით ხაზს შეეხოო. სამწუხაროდ, ვიდეორეფერი ასეთი დონის თამაშებზე არ გამოიყენება და სიმართლე ამის გამო ვერ დადგინდა, ფაქტი კი ისაა, რომ ლელო არ ჩაითვალა და ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. შედეგად, არგენტინელთა აუტს გუნდური ჩხუბი მოყვა, მსაჯმა გიორგი მჭედლიშვილი და ფაკუნდო ვოში წითელი ბარათით გააძევა, საქართველოს ნაკრებმა კი, მუხტი დაკარგა.

76-ე წუთზე სოსინომ ჯარიმით სტუმრები 21:16 დააწინაურა, მერე რამირო მოჟანომ ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრალურ ხაზზე, მარჯვენა ფლანგზე დაიჭირა, განზე ირბინა და ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ამან აღარაფერი შეცვალა და საქართველოს ნაკრებმა თუნდაც ერთი პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა, არადა, ასეთ მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა.

მეორე დღის მეორე მატჩი უსახური გამოდგა და სიცხისგან გათანგულმა იმ მაყურებელთა ნაწილმა, რომელმაც პირველი შეხვედრის შემდეგ სტადიონზე დარჩენა და მეორე შეხვედრის ხილვა გადაწყვიტა, შესვენებაზე თავს უშველა. იტალიამ ესპანეთი 37:0 დაამარცხა, ხუთი ლელო გაუტანა, პრემიალური ქულა ჩაიწერა და თასის მოპოვების თეორიული შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, დასკვნით ტურში არგენტინა ესპანეთთან დამარცხდეს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები სწორედ იტალიას ეთამაშება და ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული საპატიო მეორე ადგილს დასჯერდება.

პრესკონფერენცია

ლისანდრო აუალი: “ველოდით, რომ რთული თამაში გველოდა და ეს მოლოდინი გაგვიმართლდა. მეტოქის ძალის გათვალისწინებით, იძულებულნი გავხდით სათამაშო სტილი შეგვეცვალა და ისეთი ლაღი თამაში აღარ გამოგვივიდა, როგორიც იტალიასთან ვაჩვენეთ. რადგან ეს მატჩი ფინალის ტოლფასი იყო, შედეგზე თამაში ვირჩიეთ და ბედნიერი ვარ, მიზანს რომ მივაღწიეთ. ორივე შეხვედრის პირველი ტაიმი დავთმეთ, მაგრამ შესვენებაზე ჩვენი შეცდომები გავიაზრეთ, ისინი გამოვასწორეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. მეტოქის გუნდიდან ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება. ჩვენ ვეთამაშეთ შეკრულ გუნდს, რომელმაც არაერთხელ გაგვიჭრა ხაზი და ყველას დამსახურება იყო”.

მილტონ ჰეიგი: “არ ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ესპანეთთან. ტექნიკური წუნი ნაკლებად გვქონდა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში 10 ჯარიმა გავეცით. ამდენი ჯარიმა მთელი ექვსი თვის განმავლობაში არ მოგვიგროვებია, დღეს კი, დისციპლინაში მოვიკოჭლებდით. რაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, სულ დისციპლინაზე მაქვს საუბარი, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის. ჩვენ თავად გავირთულეთ საქმე, თორემ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ამ ტურნირის მიზანი ჩვენი მოთამაშეთა რაოდენობის ზრდაა. ზოგს კიდევ მიეცემა შანსი, ზოგი ამ შანსს ვეღარ მიიღებს, ზოგმა კი, თავი უკვე გამოიჩინა. მსოფლიო თასამდე ჯერ კიდევ 15 თვეა. დღეს მალაღურაძემ და ბიწაძემ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ამ და სხვა პოზიციებზე რეზერვი ისევ გვაქვს საძებნი”.

მერაბ შარიქაძე: “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ ასაკში საქართველოს ნაკრების გაძღოლა. ამის გამო, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი და შესაძლოა,ამის ბრალიცაა ჩვეულად რომ ვერ ვითამაშე. იყო ასეთი გამოცდილი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდის კაპიტანი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება თამაშს და ტურნირს, მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში უნდა მივიღოთ ახალგაზრდებმა გამოცდილება და მერე ის ოფიციალურ შეხვედრებში გამოვიყენოთ”.

 

თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”

18 ივნისი

საქართველო - არგენტინა “იაგუარები” 16:26 (13:12)

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი როხვაძე (21. გიორგი ბეგაძე 41); 1. ზურაბ ჟვანია (17. გურამ კავთიძე 51), 2. სიმონ მაისურაძე (16. შალვა მამუკაშვილი 51), 3. გიორგი მჭედლიშვილი (18. დაჩი ყუფარაძე 43), 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლაშა ლომიძე 35-41; 60), 6. დიმიტრი ბასილაია (20. გიორგი თხილაიშვილი 56), 7. გივი ბერიშვილი (გიორგი მჭედლიშვილი 59), 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 22. ბექა წიკლაური.

1 ლელო: ჟვანია

1 გარდასახვა: მალაღურაძე

3 ჯარიმა: მალაღურაძე

2 სინბინი: ბერიშვილი, ყუფარაძე

1 გაძევება: მჭედლიშვილი

არგენტინა: 15. გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14. მატიას მასერა, 13. ხუან კაპიელო, 12. ხუან-პავლო სოსინო, 11. რამირო მოჟანო, 10. ხავიერ როხასი, 9. ფელიპე ესკურა; 1. ნაუელ ლოვო, 2. ფაკუნდო ვოში, 3. დამიან არიასი, 4. მარტინ ჩიაპესონი, 5. ლუკას პონსე, 6. ნიკოლას პროტო, 7. ფაკუნდო ისა, 8. ლისანდრო აუალი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. სანტიაგო გარსია-ვოტა, 17. ტომას ვარავაჟე, 18. გასტონ კორტესი, 19. ლუკას მაგვაიერი, 20. ლაუტარო კასადო, 21. მარკოს ვოჟინი, 22. დან ისაკი.

რეფერი: ლუქ პირსი (ინგლისი)

კიდეებზე: საბა აბულაშვილი, ნიკოლოზ ამაშუკელი

 

იტალია “ა” - ესპანეთი 37:0 (22:0)

იტალია: 15. დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14. სიმონე რაგუზი, 13. ტომაზო ბონი, 12. ტომაზო კასტელო (კაპ.), 11. მიკელე ვიზენტინი, 10. ედოარდო პადოვანი, 9. მარჩელო ვიოლი; 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ ჯეგა, 3. რუდი ბიანკოტი, 4. ფილიპო ჯეროზა, 5. მიკელე ანდრეოტი, 6. მაკსიმე მბანდა-მატა, 7, ემილიანო კაფინი, 8. მატეო ფერო.

სათადარიგოები: 16. ჯოვანი სკალვი, 17. ლუკა სკარსინი, 18. იაკოპო სარტო, 19. ნიკოლა ბელარდო, 20. ჯულიო ბიზენი, 21. ჯეიმზ ამბროზინი, 22. კარლო კანა.

ესპანეთი: 15. ხავიერ კარიონი, 14. ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი, 13. პაბლო ფონტესი,  12. დენიელ-როს სნი, 11. სერხიო ფერნანდეს, 10. მარიანო-ესეკიელ გარსია, 9. პაბლო ფეიხო (კაპ.); 1. ფრანსისკო-ხავიერ სანსი, 2. ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. ალეხანდრო ბლანკო, 5. იგნასიო-დუკო მოლინა, 6. მანუელ მორა, 7. ხავიერ დე-ხუანი, 8. ადამ-რობერთ ნიუთონი.

სათადარიგოები: 16. ფრანსისკო ბლანკო, 17. რომენ აზენსი, 18. გაბრიელ-აგუსტინ ორტისი, 19. ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 20. ფრანსისკო კოპლეტი, 21. ალბერტო დიასი, 22. ფაკუნდო მუნიჯა.

რეფერი: ენდრიუ მაკ-მენემი (შოტლანდია)

კიდეებზე: თევზაძე, გვირჯიშვილი

 

1. იაგუარები   2   2    0   0   71-36   9
2. მზარდი იტალია   2   1   0   1   57-45   5
3. საქართველო   2   1   0   1   39-39   4
4. ესპანეთი   2   0   0   2   13-60   0

 

 

22 ივნისი

საქართველო - იტალია “ა” (17:00 საათი)

ესპანეთი - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)

0.116016