13-14 თებერვალს, ვენაში გამართული მსოფლიოს თასი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ძალზე წარუმატებელი გამოდგა - ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა ერთი მედლის მოპოვებაც ვერ მოახერხა. ავსტრიულ ტატამზე სულ 11 ქართველი გავიდა და მათგან 10-მა მეოთხედფინალსაც კი ვერ მიაღწია.
ვენაში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არ ჩასულა და შესაბამისად, დიდ შედეგიანობასაც არავინ ელოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ განაცხადში რამდენიმე გამოცდილი ძიუდოისტი მაინც იყო, აბსოლუტურ უშედეგობასაც ნაკლებად ელოდა გულშემატკივარი. საგულისხმოა ისიც, რომ არც სხვა ქვეყნების ნაკრებთა თავკაცებს გაუყვანიათ ტატამზე საუკეთესო შეგირდები.
ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს კიმონო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოირგო. ევროპის მოქმედ ვერცხლის პრიზიორს წარმატებული სპორტული პერიოდი რომ არ უდგას, თბილისის მსოფლიოს თასზეც გამოჩნდა, მაგრამ ზედიზედ მეორედ საწყის ეტაპზე წაგებას და უმედლოდ დარჩენას მაინც ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა. მით უმეტეს, იმ სტარტის შემდეგ, ლიპარტელიანმა ვენის მსოფლიოს თასზე რომ აიღო.
90 კილოგრამში მოჭიდავე ქართველი კენჭისყრამ პირდაპირ მე-2 წრეში განთესა. იქ კი ლიპარტელიანმა ავსტრიელ კრისტიან ჰაასს 38 წამში მშვენიერი იპონი შეუსრულა. მერვედფინალში მეტოქედ ერთ-ერთი ფავორიტთაგანი, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი (81 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ტიაგო კამილო ერგო. ვარლამმა ეს შეხვედრაც კარგად დაიწყო. პირველ ოთხ წუთში მოწინააღმდეგეს 3 იუკო აუღო, მაგრამ საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე, მოულოდნელად, თავის წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და ბეჭებზე დავარდა. აშკარა იყო, ქართული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტაქტიკამ დააღალატა. გაგახსენებთ, სწორედ ტაქტიკური შეცდომების გამო დაკარგა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2009 წლის დეკემბერში და თბილისის მსოფლიოს თასის სამეულში მოხვედრის შანსი, 2010 წლის იანვარში. უნიჭიერესი ქართველი ძიუდოისტის უშედეგობის უმთავრესი მიზეზი შეხვედრის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნების არცოდნა უფროა, ვიდრე სასურველ სპორტულ ფორმაში არყოფნა.
წარუმატებელი გამოდგა საერთაშორისო ტატამზე ზურაბ ზვიადაურის დაბრუნებაც. 100 კილოგრამში მოჭიდავე ზვიადაურმა მსოფლიოს თასი უნგრელი ბალინტ ფარკაშის ძლევით გახსნა, მაგრამ ამ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ძველ სპორტულ ფორმამდე ძალიან ბევრი უკლია.
ფარკაშს ტაქტიკურად აჯობა – 2 იუკო აუღო და უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა. აშკარა იყო, ზვიადაური ძალას ზოგავდა, მაგრამ მეორე მოწინააღმდეგესთან, შვედ მარტინ პაცეკთან სწორედ ფიზიკამ დააღალატა. მე-4 წუთის მიწურულს, შვედმა იპონით იმარჯვა და ათენის ოლიმპიურ ჩემპიონს მედლის გზა გადაუკეტა.
მეორე დღეს, ლიპარტელიანისა და ზვიადაურის მსგავსად, თითო მოგება-წაგება მიითვალეს 81 და 100 კილოგრამში მოჭიდავეებმა - დავით ჭაბუკაშვილმა და დავით ლორიაშვილმა. ჭაბუკაშვილი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთო და იტალიელი ჯოვანი კაროლო სამწუთნახევარში ჩამოიცილა. მერვედფინალში კი, იგივე დროში, თავად დავარდა იპონზე, რუს მურატ ხაბაჩიროვთან. ლორიაშვილმა მონღოლი ტემუულენ ბატულგა, ორ წუთსა და 47 წამში, ორჯერ დააგდო ვაზარიზე, მაგრამ მერე იტალიელ ჯანლუკა ჯაკალიასთან შიდოთი დამარცხდა.
ხვიჩა ხუციშვილმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) პირველსავე მეტოქეებთან სუფთად წააგეს. ხუციშვილმა – იტალიელ ფრანჩესკო ბრიერთან, ხოლო ოქრუაშვილმა – მონღოლ ნაიდან ტუვშინ ბაიართან.
მედლის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ხელიდან ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) გაუშვა, მსოფლიოს თასის პირველ დღეს. ძირითადი ბადე მან პირდაპირ მე-2 წრით გახსნა და ზედიზედ 2 წმინდა გამარჯვებაც იზეიმა - შვედ ოლე სანდსტრიომს 51 წამში მოუმთავრა საქმე, იტალიელ ფაბრიციო პიატის - ორ წუთსა და 21 წამში. მეოთხედფინალში ის ბრიტანელ ჯეიმს მილარს დაეჭიდა. ამ ბრძოლის ბედიც იპონმა გადაწყვიტა, მაგრამ მომგებიანი ილეთი მილარმა შეასრულა, სულ რაღაც 39 წამში. პაპინაშვილი დამამშვიდებელი ეტაპზე გადაერთო და მონღოლ გამბატ ბოლდბაატარს წუთნახევარში მოუმთავრა საქმე. რეპეშაჟის ფინალში კი იაპონელ დაიჩი იანოს 2 იუკოთი უგებდა და მედალი მე-4 წუთზე, იპონით დაკარგა.
66 კილოგრამში გიორგი ფერსაშვილმა და გიორგი შოშიაშვილმა პირველსავე შეხვედრებში დაკარგეს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი. ფერსაშვილმა ეგვიპტელ აჰმედ ავადთან 3 იუკოთი წააგო. შოშიაშვილი კი, ბრაზილიელმა ალექს სილვამ მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
73-ში დავით კობერიძე ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ყაზახი ნაურიზბეკ შილდებაევის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში კანადელ ნიკ ტრიტონს დაეჭიდა. რომ მოეგო, სულ ცოტა, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ... შეხვედრის ბედი ტრიტონის მიერ შესრულებულმა ვაზარიმ გადაწყვიტა და საბოლოოდ, კობერიძემ მე-9 ადგილი დაიკავა. ამავე წონაში, ანზორ ხმიადაშვილმა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან მხოლოდ ორ წუთსა და 17 წამს გაძლო. ამ წონაში ნახევარფინალში მხოლოდ იაპონიის ნაკრების წევრები გავიდნენ. საბოლოოდ კი, კვარცხლბეკზე 3 მათგანი ავიდა.
გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრები, ლატვიასთან და რუსეთთან ერთად, მე-15 ადგილზე გავიდა. ყველაზე შედეგიანად კი, იაპონელებმა იჭიდავეს. ძიუდოს ფუძემდებლებმა ავსტრიაში ნაკრების 20 კანდიდატი ჩაიყვანეს და ჯამში, 5 ოქროს 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეგახსენებთ, 2010 წლის ევროპის ჩემპიონატს სწორედ ვენა უმასპინძლებს, 22-25 აპრილს. იქამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კანდიდატებს დიუსელდორფის დიდ პრიზსა (20-21 თებერვალი) და პრაღის მსოფლიოს თასზე (27-28 თებერვალი) დააკვირდება.
ძიუდო. მსოფლიოს თასი
ვენა. 13-14 თებერვალი
60 კგ
1 დავაადორჟ ტუმურხულეგი (მონღ.)
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
3 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)
3 დაიჩი იანო (იაპონია)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართვ.)
66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 მიარაგა სანიაასურენი (მონღ.)
3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
3 ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
17 გიორგი შოშიაშვილი (საქართვ.)
17 გიორგი ფერსაშვილი (საქართვ.)
73 კგ
1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
2 რიკი ნაკაია (იაპონია)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
3 რაშიტ კულბაიევი (ყაზახეთი)
9 დავით კობერიძე (საქართველო)
17 ანზორ ხმიადაშვილი (საქართვ.)
81 კგ
1 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
2 ტომ რიდი (ბრიტანეთი)
3 ფრანჩესკო ბრიერი (იტალია)
3 ლასლო ქსოკნიაი (უნგრეთი)
9 დავით ჭაბუკაშვილი (საქართვ.)
17 ხვიჩა ხუციშვილი (საქართველო)
90 კგ
1 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
2 ლუდოვიკ გობერი (საფრანგეთი)
3 მეთიუ პარსი (ბრიტანეთი)
3 მასამბა მბაიე (საფრანგეთი)
9 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართვ.)
100 კგ
1 კაიან ტაკაგი (იაპონია)
2 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია)
3 რამადან დარვიში (ეგვიპტე)
3 არიელ ზეევი (ისრაელი)
9 ზურაბ ზვიადაური (საქართველო)
17 დავით ლორიაშვილი (საქართვ.)
+100 კგ
1 ჰიროკი ტაჩიამა (იაპონია)
2 ვალტერ სანტოსი (ბრაზილია)
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
3 მატიაშ სერაჟი (სლოვენია)
9 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა
| 1 | იაპონია | 5 | 2 | 2 | 3 | 1 |
| 2 | მონღოლეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 |
| 3 | სლოვენია | 1 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 4 | ბრაზილია | 0 | 2 | 0 | 2 | 0 |
| 5 | საფრანგეთი | 0 | 1 | 2 | 2 | 1 |
| 6 | ბრიტანეთი | 0 | 1 | 1 | 1 | 0 |
| 7 | ეგვიპტე | 0 | 0 | 2 | 0 | 1 |
| 8 | ავსტრია | 0 | 0 | 1 | 1 | 0 |
| 8 | ყაზახეთი | 0 | 0 | 1 | 1 | 0 |
| 10 | აზერბაიჯანი | 0 | 0 | 1 | 0 | 1 |
| 11 | უნგრეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 11 | ისრაელი | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 11 | იტალია | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 14 | კანადა | 0 | 0 | 0 | 1 | 1 |
| 15 | საქართველო | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
| 15 | ლატვია | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
| 15 | რუსეთი | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
ოთარ მაღლაკელიძე







