სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:27 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ჟღენტი: “გუნდის ყველა წევრის წარმატებული თამაშის იმედი მაქვს”

 საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “შსს აკადემიამ” წლევანდელი სუპერლიგა წარუმატებლად დაიწყო. სასტარტო 5 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ “მაკაბისა” და “ოლიმპს” მოუგო, სამში კი დამარცხდა. ამის შემდეგ აკადემიელებს სათავეში არჩილ ჟღენტი ჩაუდგა, მისი დამრიგებლობით გუნდმა 10 მატჩიდან 8 მოიგო და რეგულარული პირველობის მესამე საფეხურზე დასრულების შანსი აქვს. “შსს აკადემიის” მთავარ მწვრთნელს “სოხუმთან” 2 ოვერტაიმისგან შემდგარი დრამატული და მომქანცველი შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ და ცხადია, პირველი კითხვა მომდევნო, სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან პაექრობაზე დავუსვით.

 - სუპერლიგის რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში მეტად პრინციპული შეხვედრის ჩატარება მოგიწევთ ბათუმში. რა განწყობით გაემგზავრებით აჭარის დედაქალაქში?

- ბათუმში იმედიანად წავალთ. კარგად მესმის, რომ ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენი მოთამაშეების იმედი მაქვს. კარგად გავაანალიზებთ წინა შეხვედრებს, სათანადო დასკვნას გამოვიტანთ და ბათუმში მოსაგებად გავალთ პარკეტზე. დიდწილად “ბათუმთან” დაპირისპირებას მომავალი პლეი ოფის გენერალურ რეპეტიციად განვიხილავთ, ამავე ასპექტით ვუდგებოდით “სოხუმთან” მატჩსაც.

- პლეი ოფისთვის “შსს აკადემიის” მიერ თამაშის მომატების რეზერვს თუ ხედავთ?

- ჩემი გათვლით ასეც მოხდება. სათამაშო ტემპს უნდა მოვუმატოთ, დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ და თუკი ეს მოვახერხეთ, შეტევაში პრობლემები ნაკლებად შეგვექმნება. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ინდივიდუალურადაც მოუმატებენ. დიდი ხანი არაა, რაც ლევან ფაცაცია დავიმატეთ. საქართველოს ნაკრების წევრი გუნდს სარგებლობას მოუტანს. ლევანი კარგა ხნის განმავლობაში ტრავმირებული გახლდათ, სათამაშო რიტმში თანდათან შედის და ვიმედოვნებ, სეზონის გადამწყვეტ მატჩებში სათანადო დონეზე იასპარეზებს. “სოხუმთან” საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა პერიშ ბრაუნმა. ჩვენ მეფარე მილე ილიჩს რაც შეეხება, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მან ტრავმა მიიღო, რამაც ხელი შეუშალა შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში. პლეი ოფამდე ბალკანელიც მოუმატებს. რეგულარულ პირველობაზე ზოგიერთ კალათბურთელს შედარებით ნაკლებად უწევდა თამაში, თუმცა, სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდის ყველა წევრის წარმატებული ასპარეზობის იმედი მაქვს. ზემოთ ნახსენებ მოთამაშეებთან ერთად უკეთ ასპარეზობას მერაბ ბოქოლიშვილი, რევაზ როგავა, კოკა ტომარაძეც შეძლებენ.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაზე რას გვეტყოდით?

- გავიხსენოთ შარშანდელი სუპერლიგა. თავიდანვე 2 ფავორიტი, “შსს აკადემია” და “ოლიმპი” გამოიკვეთა და როგორც ეროვნული თასის ფინალში, ასევე, ჩემპიონატის სუპერფინალში სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს. წლეულს განსხვავებული სიტუაციაა – მაღალი მიზნისთვის 6 გუნდს შესწევს ბრძოლა, რაც შარშანდელთან შედარებით სუპერლიგას მეტ დაძაბულობას სძენს. წინ მეტად საინტერესო პერიოდი გველის და პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა, პირადად მე უპირატესობას “დინამოს” მივანიჭებდი.

- ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ სპორტისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ქართულ კალათბურთს?

- ჯერჯერობით საქართველოში ერთადერთი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი კლუბი “სოხუმია” და ყველა ვხედავთ, როგორი სირთულეების წინაშე დადგა. სადღეისოდ, სახელმწიფო კლუბებს ფინანსურად უნდა დაეხმაროს. ჯერჯერობით სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კალათბურთი ურთულეს სიძნელეებს წააწყდება და დაღუპვის პირასაც შეიძლება აღმოჩნდეს. ავიღოთ თუნდაც შვეიცარიისა და გერმანიის მაგალითი. ამ ქვეყნებს ეკონომიკურად ჩვენზე გაცილებით უფრი ულხინთ, თუმცა, სახელმწიფო საკალათბურთო კლუბებს ფინანსურად მაინც ეხმარება. კაუნასის “ჟალგირისიც” კერძო კლუბია, მაგრამ როგორც ლიტველთა საკალათბურთო ბრენდს, სახელმწიფო მილიონ დოლარით ეხმარება. საქართველოში კალათბურთის შემდგომ განვითარებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც დიდად შეუწყობს ხელს. ეს ჩვენ ეროვნულ ნაკრებსაც სასიკეთოდ წაადგება.

- რადგან სიტყვა ნაკრებზე ჩამოვარდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდის შანსს როგორ შეაფასებთ?

- ჩეხეთთან, უნგრეთსა და პორტუგალიასთან პაექრობა სრული მობილიზებით გვმართებს. თუკი ყველა ლეგიონერი ჯანმრთელად იქნება, ზედიზედ მესამედ კონტინენტის პირველობის საგზურის დაუფლებას აუცილებლად შევძლებთ. ეს მთლიანად ქართული კალათბურთის იმიჯზეც მეტად სასიკეთოდ იმოქმედებს.

- ჩვენ სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელთაგან ვის კანდიდატურას შესთავაზებდით ნაკრების დამრიგებლებს?

- საქართველოს ეროვნულ გუნდს კვალიფიცირებული სპეციალისტებით დაკოპლექტებული მწვრთნელები უდგანან სათავეში, ამიტომაც მათი გადასაწყვეტია, რომელ მოთამაშეებს მიიწვევენ, თუმცა, ერთ კანდიდატურას მაინც შევთავაზებდი – მიმდინარე ჩემპიონატში ნაჩვენები თამაშით “ქუთაისის” უკანახაზელი ლევან ცეკვავა ნაკრების გაფართოებულ სიაში მიწვევისა და გასინჯვის ღირსია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.105539