ფეხბურთი

15:57 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

არჩევანი კი არა, არადანი

"როცა ყველა გზა რუსეთსა და უკრაინაში მიდის"


 

არც რომი, არც მანჩესტერი, არც მადრიდი, არც ბარსელონა. იქ ვინ ჩივის, ჰანოვერისა თუ ვალიადოლიდის გზაც კი მოჭრილია, როცა საქმე ქართველ ფეხბურთელებს ეხება. სამაგიეროდ, იხილეთ ფართო არჩევანი: კრასნოდარი, სევასტოპოლი, კრივოი როგი, მარიუპოლი, უჟგოროდი, ვლადიკავკაზი, ხაბაროვსკი...

გადავხედოთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას და აღმოვაჩენთ, რომ დიდი უმრავლესობა რუსულ ან უკრაინულ კლუბში თამაშობს. შემტევები უფრო უკრაინაში არიან, მცველები - რუსეთში. გამეფებულია აზრი: "ქართველები იქ ვერ ვითარდებიან".

შორს ვართ იმ აზრისგან, თითქოს ქართველებს სპეციალურად ბლოკავდნენ რუსეთში. კლუბის მფლობელი ფულს ხარჯავს, მწვრთნელს კი შედეგს სთხოვს. რაში აინტერესებს მწვრთნელს, ფეხბურთელი ქართველი ჰყავს თუ ბოსნიელი, როცა საქმე სამსახურის დაკარგვა-შენარჩუნებას ეხება? ან პრეზიდენტს რატომ უნდა ადარდებდეს ფეხბურთელის წარმომავლობა, როცა საუბარი ჯიბეზეა?

თუმცა, აზრი, რომ "ქართველები იქ ვერ ვითარდებიან", სულაც არაა საფუძველს მოკლებული. ვცდილობ, შაბათ-კვირას მაქსიმალურად ბევრი ლეგიონერის თამაშს ვუყურო, ან მეორე დღეს მომენტები ვნახო და ხშირ შემთხვევაში, მატჩს არ შეეხედება.

უხეშობას ზღვარი არ აქვს. მაგალითად, ამასწინათ დონეცკის "მეტალურგისა" და ლვოვის "კარპატის" შეხვედრას ვუყურებდი. სტატისტიკა არ მინახავს, მაგრამ ჯარიმების არანორმალური რაოდენობა იყო. ყოველ შეხებაზე ფეხებში დარტყმა და მსაჯის სტვენა ნერვებს დაგაწყვეტდა. ალბათ, 90 წუთიდან ნახევარიც არ უთამაშიათ სუფთა დრო.

განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ურტყამენ ტექნიკურ ფეხბურთელს, რომელსაც ბურთით რაღაცის გაკეთება შეუძლია. ყენიას ორი კაცი, როგორც იტყვიან, ფეხზე ეჯდა.

დაახლოებით იგივე იყო "ილიჩივეც"-"კრივბასის" შეხვედრისას. დავით თარგამაძეს და განსაკუთრებით, თორნიკე ოქრიაშვილს ეტყობოდათ, რომ სხვა გარემოში იყვნენ - არასასურველში. ოქრიაშვილის მიერ ბურთის მიღება და მოზვერივით მცველების წამოსვლა ერთი იყო.

ამ მხრივ უკრაინის ჩემპიონატი სრული ანტიპოდია ჰოლანდიისა, სადაც შემტევებისთვის სივრცე საკმაოა და გახსნილი თამაში მიმდინარეობს. კი, მართალია, უკრაინის პრემიერლიგაში უფრო დაჯირკდები, მაგრამ მეტისმეტია...

ცალკე სათქმელია ზოგიერთი სტადიონი და ტრიბუნები. ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მითხრა, რამდენჯერაც მარიუპოლში ჩავედით, სტადიონზე გასვლისას უსიამოვნო გრძნობა გვიჩნდებაო - ალკოჰოლით გაჟღენთილი მაყურებლები, რაღაც ზურნის ხმა და გინება.

სპეციალისტები და გულშემატკივრებიც ღიზიანდებიან, როცა ქართველები უკრაინაში ან რუსეთში გადადიან, თუმცა პირიქით ფიქრობენ ფეხბურთელები, მათი ოჯახის წევრები, ნათესავ-ახლობლები. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც უფრო ჩახედულნი არიან, თუ რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი.

მთავარი ამოსავალი წერტილი - ფული! ამაზე ორი აზრი არც არსებობს, თუმცა სხვა ფაქტორებიცაა.

აბა, დავფიქრდეთ, რამდენი ქართველი აგენტი მუშაობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე? ძალიან ცოტა. უმეტესობას მაინც რუსეთ-უკრაინაში აქვს კავშირები. შევხედოთ ფეხბურთელის თვალით. საქართველოს ჩემპიონატში ითამაშა, აქაურობისთვის გადაიზარდა და წასვლა სურს. ვიცი ისეთებიც, რომლებსაც რუსეთ-უკრაინისკენ გახედვა არ სურთ, ან ფრენას ვერ იტანენ, ან სიცივეს, ან თამაშის სტილს. და დასავლეთევროპული 10000 ურჩევნიათ ჩრდილოურ 25000-ს, მაგრამ იცნობენ კი ქართულ ფეხბურთს ევროპაში?

რუსეთში და უკრაინაში მაინც იციან ქართველის ფასი - "вот грузин, классно работает с мячом, "грузины хорошие технари" და ასე შემდეგ.

ის აგენტები, რომლებსაც დასავლეთ ევროპაში აქვთ არხი გაჭრილი, ჯერ ერთი, უმცირესობაში არიან და მეორეც, გაცილებით ურთულდებათ საქმე, რადგან გინდა-არ გინდა, რუსეთ-უკრაინიდან მეტი მოთხოვნაა ქართველებზე და ამასთან, მსუყე გასამრჯელოსაც გამოდიან.

მახსოვს, ჯაბა კანკავას ადრე ვკითხე: "კიოლნი" გიწვევდა და უკრაინაში რატომ წახვედი-მეთქი. მიპასუხა, "კიოლნზე" ყურმოკვრით გავიგე, სერიოზული წინადადება არ ყოფილა, ხოლო უკრაინაში პირდაპირ კონტრაქტს მთავაზობდნენო.

ანუ, აქ იმ შემთხვევაზე ვლაპარაკობთ, როცა ფული არაფერ შუაშია. გამოდის, რომ ფეხბურთელი ცოდოა, რადგან არჩევანი არ აქვს.

დიდი ოთხეულის ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ. ბევრ სხვა ჩემპიონატშიც არ ჩანან ქართველები. მაგალითად, საბერძნეთში დავით კვირკველია იყო ცოტა ხანს და სულ ესაა, თურქეთსა და რუმინეთში კანტი-კუნტად გამოჩენილან, ავსტრიაში არ არიან. პორტუგალიას საერთოდ ცხრაკლიტული აქვს დადებული.

ზოგადად კი, უკრაინაში და განსაკუთრებით რუსეთში დიდი ხელფასებია. ბევრი ვერ გაუძლებს ცდუნებას. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა იტალიის ნაკრების ფეხბურთელი (სალვადორე ბოკეტი) ყაზანის "რუბინში" მიდის. ეს ადრე ვინმეს რომ გაეფიქრებინა, გიჟად მონათლავდნენ. ბოკეტისა და ქართველ ფეხბურთელებს შორის განსხვავება დიდია - აპენინელს ფართო არჩევანი ჰქონდა და ფულის საშოვნელი გზა აირჩია, ხოლო ქართველს მწირი არჩევანი აქვს.

ისე არ გამოგვივიდეს, თითქოს ქართველ ფეხბურთელებს ფული არ აინტერესებდეთ. მეტწილად მაინც მატერიალური კუთხეა წინა პლანზე და ვერც გაამტყუნებ - ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და უნდა, რომ ნაოფლარი დაუფასდეს, რათა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, წლები შედარებით უზრუნველად გაატაროს.

მოკლედ, ფულიცაა და სხვა ფაქტორებიც, რაზეც ზემოთ დავწერეთ. ნამდვილად ვიცით, ბევრ ქართველ ლეგიონერს არ სურს იქ ყოფნა, სადაც არის. უბრალოდ, არჩევანში კი არა, არადანშია საქმე.

სხვა საქმეა, რომ ბოლო წლებში ისეთი არავინ გამოჩნდა, საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ გრანდ-ჩემპიონატის თუნდაც ასაკობრივ გუნდში რომ წაიყვანდნენ. 2007 წელს ლევან ყენია მოხვდა "შალკეს" ასაკობრივში, 2009 წელს კი გიორგი ჭანტურია - "ბარსელონაში". ბოლო შემთხვევიდან 4 წელი გავიდა.

0.14327