ძიუდო

21:29 | 28.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

არასრული და არადამაჯერებელი დასაწყისი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მოსკოვის დიდი სლემის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. 150 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიან ტურნირზე, დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ, ქართულ გუნდს კი წარმომადგენლები მხოლოდ 73-ში ჰყავდა. ტატამზე ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი გავიდნენ, მაგრამ კვარცხლბეკამდე მისვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო. დიდ სლემს ორივე თითო მოგებით დაემშვიდობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ნუგზარ ტატალაშვილი კენჭისყრამ პირდაპირ მეორე წრეში – მეთექვსმეტედფინალში მოახვედრა და მან მერვედფინალში ჭიდაობით 36 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო ამბაკო ავალიანს 24 ქულა დაერიცხება.
ავალიანმა ჩინელი ვეი ლიუს ვაზარ-იუკოთი ძლევის შემდეგ, მომავალ ჩემპიონს, ჰოლანდიელ დექს ელმონს ვეღარაფერი მოუხერხა. წილისყრაში არც ტატალაშვილს გაუმართლა და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელს, დექს ელმონს საწყის ეტაპზევე გადაეყარა. ქართველი დაძაბულ შეხვედრაში იუკოთი დამარცხდა. ამ ორთაბრძოლამდე ნუგზარმა მასპინძელ დენის იარცევს მტკივნეული ილეთით აჯობა.
60 კილოგრამში ოქროს მედალს და 5 ათას დოლარს უმთავრესი ფავორიტი, უზბეკი რიშოდ სობიროვი დაეუფლა და 300 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა. შეგახსენებთ, სობიროვი უმსუბუქეს წონაში მსოფლიოს რეიტინგის აშკარად გამოკვეთილი ლიდერია და ამ გამარჯვებით მდევრებს: უკრაინელ გიორგი ზანთარაიას და იაპონელ ჰიროაკი ჰირაოკას კიდევ უფრო დიდი უპირატესობით გაუსწრო. ცნობისთვის, რუსულ ტატამზე არც ერთი არ გასულა.
66 კილოგრამში ჩემპიონი რუსი მუსა მოგუშკოვი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან პოლონელ ტომაშ კოვალსკის სძლია, რომელმაც მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის მონღოლი ლიდერი ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი დაამარცხა და უმედლოდ დატოვა, რადგან დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს.
დღესვე, მედლები ქალთა ოთხ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იაპონელები: ტომოკო ფუკუმი (48 კგ) და აიკო სატო (57 კგ), მონღოლი ბუნდმაა მუნხბაატარი (52 კგ) და სლოვენიელი ურსკა ზოლნირი (63 კგ) ავიდნენ.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა დარჩენილ ოთხ და ქალთა სამ წონაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ლევან ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე 100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) და ნინო ოძელაშვილი (70 კგ) იჭიდავებენ.
ჟორჟოლიანი და მსხალაძე ტურნირს მეორე წრით დაიწყებენ, ისევე, როგორც მათი მეტოქეები: კამერუნელი ფრანკ მარტიალ მუსიმა ევანე და უზბეკი უტკურ კურბანოვი. მსხალაძეს წარმატების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეგვიპტელ რამადან დარვიშთან მოუწევს დაპირისპირება, ხოლო თუ ეს ბარიერიც დაძლია, მეოთხედფინალში ყველაზე რეალური ნოწინააღმდეგე, ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (2002 და 2010 წლებში) ელკო ფან დერ ხესტია. ლევან ჟორჟოლიანის ბადეში კი, სხვებთან შედარებით გამოსარჩევი მასპინძელთა ჯილა სერგეი სამოილოვიჩია. ქართველი და რუსი ძიუდოისტების გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
ხანჯალიაშვილს პირველ მოწინააღმდეგედ ყირგიზი იური კრაკოვეცკი ერგო. მოგების შემთხვევაში კი, გერმანელი ანდრეას ტოლცერისა და მონღოლი სუგარიარგალ ბოლდპურევის წყვილიდან გასულს დაეჭიდება მეოთხედფინალში გასასვლელად. ტოლცერი მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანია და მოსკოვის დიდ სლემზე მეორე ნომრადაა განთესილი. მასზე მაღალრეიტინგიანი (მე-2 ადგილი) ეგვიპტელი ისლამ ელ შეჰაბი ბადის მეორე მხარესაა.
ნინო ოძელაშვილი პირველსავე წრეში ერთ-ერთ ფავორიტს, სამხრეთკორეელ იე-სულ ჰვანგს შეხვდება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

დიდი სლემი. მოსკოვი
28 მაისი

კაცები

60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 სიფიან მილუ (საფრანგეთი)
3 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

66 კგ
1 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
2 ტომაშ კოვალსკი (პოლონეთი)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
3 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)

73 კგ
1 დექს ელმონი (ჰოლანდია)
2 კრისტოფერ ფიოლკი (გერმანია)
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
3 მურატ კოძაკოვი (რუსეთი)

ქალები

48 კგ
1 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
2 ნატალია კონდრატიევა (რუსეთი)
3 ფრედერიკ ჟოსინე (საფრანგეთი)
3 ელენა მორეტი (იტალია)

52 კგ
1 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
2 იუკა ნიშიდა (იაპონია)
3 ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

57 კგ
1 აიკო სატო (იაპონია)
2 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
3 საბრინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

63 კგ
1 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)
2 მუნხზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3 იარდენ გერბი (ისრაელი)
3 ლილი ქსუ (ჩინეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171834