კალათბურთი

18:12 | 19.01.2014 | ნანახია 1357 - ჯერ

არაგონელთა მარცხი ბასკეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ვიტორიას ესტუმრა და ფავორიტად მიჩნეულ “ლაბორალ კუტხასთან” 83:92 წააგო.

ქართველ კალათბურთელთა გუნდი შეხვედრის დასაწყისში სოლიდურად ჩამორჩა, თუმცა, მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა და საფინალო სირენამდე რამოდენიმე წუთით ადრე, მეტოქეს ქულამდე დაუახლოვდა.

არაგონელთათვის სამწუხაროდ, დასკვნითი პერიოდი ბასკებმა უკეთ ჩაატარეს და სეზონში მე-9 გამარჯვება იზეიმეს, “სარაგოსამ” კი 8 მოგების ფონზე მე-8 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე აღმოჩნდა.

გასულ მატჩში ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, ჩვეულად დიდი დრო არ დათმობიათ. შერმადინმა მოედანზე 15:40 წუთი გაატარა და 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

უქულოდ დაასრულა მატჩი სანიკიძემ, რომელმაც 12:46 წუთში სამივე სამქულიანი ააცილა. ვიქტორის აქტივში 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

შერმადინის გარდა, სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი ასცდა. ხორვატმა დამიან რუდეზმა 16 ქულა ჩააგდო, პედრო ლომპარტმა – 12, ხოლო ამერიკელმა მაიკლ როლმა – 11.

ქართველთა კლუბს ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა 25 იანვარს შინ “მურსიასთან” ელის, მანამდე კი, 21 იანვარს, ევროთასის ეგიდით ლიტვურ “ლიეტუვოს რიტასს” დაუხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.129031