ჭადრაკი

15:38 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძის მორიგი გამარჯვება

 

ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2379) ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ იმარჯვა და მედლებისთვის ბრძოლაში ისევ ჩაება. საინტერესოა, რომ მერის უკვე 4 პარტია აქვს მოგებული, ერთში კი მარცხი განიცადა, მოკლედ, ყაიმი ჯერაც არ დაუფიქსირებია.

თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში არაბიძემ თეთრი ფიგურებით ინდოელი მონიშა (2094) დაამარცხა და 4.0 ქულით მე-6 ადგილს უწია. ამჟამად, მსოფლიოს პირველობას 3 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივში 4.5-4.5 ქულაა: 1. მედინა (ინდონეზია, 2301); 2. ბულმაგა (რუმინეთი, 2387); 3. კაშლინსკაია (რუსეთი, 2434).

მე-6 ტურში, ქართველი მოჭადრაკე თეთრებით ჩინელ იუე ვანგს (2392) გაეჯიბრება, კაშლინსკაია ედინას ეთამაშება, ხოლო ბულმაგა პერუელ კორის (2433) დაუპირისპირდება. გოგონათა ტურნირშივე მოთამაშე ანა კუჭავა (2092) შავი ფიგურებით ბელარუს სტეცკოსთან (2213) დამარცხდა და 2.5 ქულით 39-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ვაჟთა ტურნირის ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ზურაბ ჯავახაძე (2457) შავებით იტალიელ სიმონე დე ფილომენოს (2392) დაუზავდა და 3.0 ქულით 36-ე საფეხურზე იმყოფება. მე-6 ტურში ჯავახაძე თეთრი ფიგურებით მექსიკელ ბენიტესს (2308) ეთამაშება.

ცნობისთვის, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონთა  გამოსავლენად 118 ჭაბუკი და 77 გოგონა იბრძვის. ტურნირი შვეიცარული სისტემით 13 ტურად ტარდება და 26 სექტემბრამდე გასტანს.

0.117407