“სანტოსის” წარმატება საერთაშორისო არენაზე პელეს სახელს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც ედსონ არანტეს დოს ნასიმენტუმ მშობლიური კლუბი დატოვა, კლუბის სალიბერტადორესო ტრიუმფები თითქოს ისტორიას საბოლოოდ ჩაბარდა, მაგრამ 2011 წელს სანტოსელებმა საკუთარ ისტორიაში მესამედ მოახერხეს ევროპული ჩემპიონთა ლიგის ანალოგი ტურნირის მოგება და წლის ბოლოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც ჩაებმებიან. გუნდთან ერთად, პელემაც მიიღო საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა და თანამედროვე სანტოსელებს სამომავლო წარმატება უსურვა. ფეხბურთს ისტორიული პარალელები უყვარს. შეგახსენებთ, როდესაც “სანტოსმა” პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი, ისევე როგორც წლეულს, ფინალში მონტევიდეოს “პენიაროლს” სძლია, რასაც საკონტინენტთაშორისო თასზე ლისაბონის “ბენფიკას” (ბრაზილიელებმა ორივე მატჩი მოუგეს ეუსებიოს გუნდს - 3:2, 5:2) დამარცხებაც მიაყოლა. თუკი ისტორია კიდევ განმეორდა, “პენიაროლის” მძლეველი “სანტოსი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც უნდა გახდეს. ისე კი, ძალიან საინტერესო იქნება წლის მიწურულს იაპონიაში ჩასატარებელი საკლუბო მუნდიალის “ბარსელონა”-“სანტოსის” გადამწყვეტი მატჩი. თუკი იმ დროისთვის “სანტოსმა” საკუთარ რიგებში უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელები ნეიმარი და განსო შეინარჩუნა, მსოფლიოს საკლუბო პირველობის ჯერჯერობით წარმოსახვით ფინალში კატალონელებს იოლი თამაში სულაც არ ელით.
...“ფეხბურთის მეფის” მომავალი კლუბი “ამერიკანოს” სამმა წევრმა დააარსა, რომლებიც მშობლიურ სანტოსში მას შემდეგ დარჩნენ, რაც მათი კლუბი სან-პაულუში გადავიდა. 1916 წელს “სანტოსმა” პირველად მიიღო მონაწილეობა სან-პაულუს შტატის ჩემპიონატში, ხოლო 1933 წელს მეორე პროფესიულ ბრაზილიურ კლუბად იქცა.
წარმატებას “სანტოსმა” მხოლოდ გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწია. სწორედ იმ ხანად გუნდის ღირსებას არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იცავდა. იმისთვის, რომ მათგან ერთიანი, ორგანიზებული შემადგენლობა შეკრულიყო, “სანტოსის” ხელმძღვანელობამ ბრაზილიის ნაკრების ვეტერან, ჟანრ და როზა პინტუსთან (ის მომავალ პენტაკამპეონთა გუნდში 1950 წლის მუნდიალზე თამაშობდა) გააფორმა კონტრაქტი. იმ პეროდშივე “სანტოსის” მესვეურებმა 15 წლის პელე შენიშნეს. 1956-1974 წლებში პელემ “სანტოსის” შემადგენლობაში 1116 მატჩი ჩაატარა და 1088 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, “ფეხბურთის მეფემ” მშობლიურ კლუბთან ერთად 11-ჯერ გაიმარჯვა სან-პაულუს შტატის ჩემპიონატში, 5-ჯერ ბრაზილიის თასის გათამაშებაში, ორჯერ ლიბერტადორესის თასის და ორჯერაც საკონტინეტთაშორისო თასის გათამაშებებში. როგორც ცნობილია, შემდეგ პელე აშშ-ში გადაბარგდა, სადაც “კოსმოსში” (1975-1977) თამაშობდა. 1993 წელს კი, “სანტოსს” დირექტორის რანგში დაუბრუნდა. სხვათა შორის, წლების წინ “სანტოსის” კარს პელეს ვაჟიშვილი, ედსონ ჩოლბი დუ ნასიმენტუ ედინიო იცავდა, რომელიც ნარკომაფიასთან კავშირის ბრალდებით სან-პაულუს შტატის პოლიციამ ორჯერ დააპატიმრა.
საერთოდ, ფეხბურთის ქომაგთა დიდი ნაწილი “სანტოსს” ყოველთვის ერთი ვარსკვლავის, ანუ პელეს გუნდად მიიჩნევდა, მაგრამ ეს არცთუ ისე სამართლიანი შეხედულებაა. სწორედ იმ პერიოდში კლუბმა მსოფლიო ტურნე ჩაატარა და გამომუშავებული მილიონი გირვანქით ახალი მოთამაშეები შეიძინა, რომლებიც ღირსეულად ამოუდგნენ მხარში უკვე “მბრწყინავ” პელეს. მათ რიცხვში იყვნენ გოლკიპერი ჟილმარი, ცენტრალური მცველი, მაურო და განაპირა ნახევარმცველი, ზიტო, რომლებიც 1958 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. “სანტოსის” ღირსებას იცავდნენ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც დორვალი, მენგალვიო და კუტინიო იყვნენ. ამ უკანასკნელს პელეს ტყუპისცალად მოიხსენიებდნენ, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ისინი მოედანზე ერთმანეთს თითქმის ტელეპატიურად უგებდნენ. იმ ხანად “სანტოსის” მაისურით ასპარეზობდა პეპეც, რომელმაც გასული საუკუნის 50-60-იან წლებში გუნდთან ერთად 750 მატჩი ჩაატარა (ამ მხრივ “სანტოსში” პელეს შემდეგ ის მეორე ადგილზეა) და 405 გოლი გაიტანა. ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ პელეს, ზიკოსა და რობერტო დინამიტს აქვთ პეპეზე მეტი გატანილი გოლი თავ-თავიანთ კლუბებში. აი, სან-პაულუს ჩემპიონატში მოგებათა რაოდენობის მიხედვით კი, პეპე თვით “მეფესაც” უსწრებს. მან შტატის პირველობაში 11-ჯერ “სანტოსის” მოთამაშის, ხოლო ორჯერაც მწვრთნელის ამპლუაში გაიმარჯვა. პეპე პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში, _ თანაც მხოლოდ “სანტოსის” შემადგენლობაში _ 15 წლის მენძილზე ასპარეზობდა. იგი “სანტოსის” ისტორიაში არა მარტო უბრალოდ, მეორე ბომბარდირია, არამედ გუნდის ქომაგთა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც გახლავთ. ერთხელ მას უთქვამს: “სანტოსის~ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ”. როდესაც მისთვის უკითხავთ - ეს როგორ, მაშ პელე ვინღააო, პეპეს დაუფიქრებლად უპასუხია: “პელე მხედველობაში არ მიიღება, ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არაა”.
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში “სანტოსი” ჩვეულებრივი კლუბი ნამდვილად არ ყოფილა, იგი ერთგვარი “საფეხბურთო თეატრი” გახლდათ, რომელიც მუდმივად გასტროლებზე იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გუნდის მუდმივად ტურნეში ყოფნისა და მეტისმეტად გადატვირთული სატურნირო კალენდარის გამო, მისმა არაერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდა მოთამაშემ საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, “სანტოსი” ორჯერ მოექცა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის მწვერვალზე: 1962-1963 წლებში გუნდმა ზედიზედ ორ-ორჯერ გაიმარჯვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთასორისო თასების გათამაშებებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ წარმატებათა მთავარი სულისჩამდგმელი პელე იყო. უკვე 1964 წელს ლიბერტადორესის თასის გათამაშების ნახევარფინალში “სანტოსი” არგენტინულ “ინდეპენდიენტესთან” დამარცხდა.
ძველი დიდება “სანტოსმა” 21-ე საუკუნეში დაიბრუნა, როდესაც 2002 წელს ემერსონ ლეაოს მწვრთნელობით ბრაზილიის ჩემპიონატში გაიმარჯვა. მაშინ პელესა და პეპეს მშობლიურმა კლუბმა გადამწყვეტ მატჩებში “კორინთიანსი” დაამარცხა (2:0; 3:2).
ორი წლის შემდეგ, “სანტოსი” კვლავ დაეუფლა ეროვნული პირველობის გამარჯვებულის ტიტულს. ამჯერად, გადამწყვეტ მატჩში მას მეტოქეობას “ვასკო და გამა” (სწორედ ამ გუნდს გაუტანა პენალტით პელემ თავისი მეათასე გოლი) უწევდა. ფეხბურთის ევროპელ ქომაგთათვის კარგად ცნობილი ვანდერლეი ლუშემბურგოს თავკაცობით, “სანტოსმა” 2:1 მოიგო და მეორედ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი.
2010 წლიდან მოყოლებული სანტოსელთათვის თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო. გუნდმა ორჯერ ზედიზედ პაულისტას შტატის პირველობა მოიგო, 2010-ში ბრაზილიის ეროვნულ თასს დაეუფლა, მურისი რამალიოს დამოძღვრილმა “სანტოსმა” კი რამდენიმე კვირის წინ, თითქმის 50 წლიანი პაუზის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟული სამხრეთამერიკული საკლუბო შეჯიბრება მოიგო.
მონტევიდეოს “პენიაროლის” ძლევის (გასვლაზე “სანტოსი” ურუგვაულ გრანდს 0:0 დაუზავდა, შინ 2:1 აჯობა) შემდეგ სანტოსელთა დღევანდელმა ლიდერმა ნეიმარმა “გლობოს” განუცხადა, ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეაო. ნეიმარს ევროპაში უხმობენ, თუმცა, “სანტოსის” ერთგული ქომაგები იმედოვნებენ, რომ, პელეს მსგავსად, მის დატოვებასაც მოახერხებენ და გუნდი კვლავაც განაგრძობს წარმატების მიღწევას საშინაო თუ საერთაშორისო სარბიელზე...
გოჩა კაჭარავა