ფეხბურთი

15:08 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აქტობეს” წამყვანი მცველიც ტოვებს?

ყაზახურმა “აქტობემ”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქეა, შესაძლოა, კიდევ ერთი დანაკლისი განიცადოს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ალმა-ატის “ქაირათთან” გამანადგურებელი (1:7) მარცხის შემდეგ, “აქტობე” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ნიკიტენკომ დატოვა, ახლა კი, გუნდიდან აბარგებას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რობერტ არზუმანიანი აპირებს.

სომხეთის ნაკრების მცველი სწორედ გასულ შეხვედრაში დაშავდა. არზუმანიანმა თავში დარტყმა მიიღო და წარბი გაუსკდა, თუმცა, ეჭვი არსებობს, რომ მას ტვინის შერყევაც აქვს.

არზუმანიანი გამოკვლევაზე უკვე გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 9 ივლისამდე დარჩება.

თუმცა, ამ ისტორიაში მთავარი სხვაა. ცნობილია, რომ სომეხ მცველს რამდენიმე წინანადადება გააჩნია და მას “აქტობესთან” თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურს.

გაჩნდა ინფორმაცია, რომ იგი რუსეთში სწორედ სხვადასხვა ვარიანტების განსახილველად იმყოფება და ტრავმა მხოლოდ მიზეზია. ამ დროისთვის, არზუმანიანის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს პერმის “ამკარია”.

შეგახსენებთ, რომ “დინამოს” და “აქტობეს” დაპირისპირების პირველი მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე” 16 ივლისს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრას კი აქტობეს “ცენტრალური სტადიონი” 23 ივლისს უმასპინძლებს.

0.120385