ინტერვიუები

9:52 | 17.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

აპოლონ ლემონჯავა: “საქართველოს სახელით თამაშის შანსი თუ მომეცემა, წამითაც არ დავფიქრდები”

ფრანგულ “მარსელში” რომ 19 წლის რუსულპასპორტიანი ქართველი ფორვარდი ისინჯება, ‘სპორტულ ამბებს” ამაზე გუშინაც ეწერა. მისი სახელ-გვარი აპოლონ ლემონჯავა, გულშემატკივრებს ვერაფერს ეუბნება, რადგან საქართველოში არასოდეს უთამაშია, მაგრამ არაა გამორიცხული, ამ ბიჭმა მალე “ჯვაროსნების” მაისურით ითამაშოს – მაგალითად, 21-წლამდელთა ნაკრებში.
“საქართველოს სახელით თამაშის შანსი თუ მომეცემა, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. თუ შემომთავაზებენ, ულაპარაკოდ დავთანხმდები”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ლემონჯავამ, რომელიც ქართული საფეხბურთო სამყაროდან კარგად იცნობს ჯანო ანანიძეს, გურამ კაშიას, შოთა არველაძესა და გოგა გახოკიძეს.
ლემონჯავას მარსელში დავუკავშირდით.
- უპირველესად, თქვენი ბიოგრაფია გაგვაცანით.
- 1991 წლის 2 მარტს დავიბადე სოხუმში. დედ-მამა ქართველები არიან და მეც ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ქართველი ვარ. წლინახევრისა ვიყავი, როცა ომის გამო მშობლები მოსკოვში წავიდნენ საცხოვრებლად და მეც წამიყვანეს. 5 წლისა შევედი მოსკოვის “სპარტაკის” ბავშვთა სკოლაში, 9 წლის ასაკში ამსტერდამის “აიაქსის” სკოლაში წავედი და ერთი წელი დავრჩი, მერე ერთი წელი “ალკმაარში” ვიყავი, რის შემდეგაც “სპარტაკში” დავბრუნდი. 17 წლისა ისევ ჰოლანდიაში გავემგზავრე და “ფეიენოორდის” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. მაინც მომიწია იქიდან წამოსვლა, წლეულს ბევრ კლუბში ვიყავი – იტალიურ “ატალანტაში”, ფრანგულ “ბორდოში”, გერმანიის “შალკეში”, ჰოლანდიის “ვიტესში”. ახლა კი “მარსელში” ვარ.
- კი მაგრამ, რატომ ვერ მოიკიდეთ ფეხი ვერსად?
- სხვადასხვა პრობლემების გამო. “შალკეში” მარტში ვიყავი, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჩემი აგენტი და კლუბი ვერ შეთანხმდნენ. “ატალანტაში” როცა უნდა ჩავრიცხულიყავი, სწორედ მაშინ შემოიღეს იტალიაში კანონი, რომ სერია ბ-ში ლეგიონერები ვერ ითამაშებდნენ (საუბარია იმ ლეგიონერებზე, რომლებსაც იტალიაში მანამდე არასოდეს უთამაშიათ). “ბორდოს” დუბლებს საფრანგეთის ნაკრების წარსულში ცნობილი მცველი პატრიკ ბატისტონი წვრთნიდა. მოვწონდი, მაგრამ ისეთი ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რომლის მიხედვითაც, სულ დუბლებში უნდა ვყოფილიყავი. თანაც, როგორც გავიგე, “ბორდოს” “ფეიენოორდში” გადაუმოწმებია ინფორმაცია და იქ ერთ-ერთ ხელმძღვანელს ჩემზე უთქვამს, ცუდი პიროვნებააო.
- რატომ?
- არ ვიცი. მსგავსი რამ “ფეიენოორდმა” ადრეც გააკეთა ბრაზილიელ მიშელ ბასტოსთან დაკავშირებით. ბასტოსზე “ლიონი” შეეკითხა “ფეიენოორდს” და ცუდად დაუხასიათეს. თუმცა მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ბასტოსის დონის ფეხბურთელი...  
- “მარსელამდე” “ვიტესში” იყავით – სულ ახლახანს, ნოემბერში.
- დიახ, “ვიტესის” დუბლების ამხანაგურ მატჩში გოლიც შევაგდე, მერე კი აგენტმა მითხრა, “მარსელის” ვარიანტი გამოჩნდაო და წავედი. “მარსელი” “მარსელია”, “ვიტესზე” ძლიერი ნამდვილად არის.
- თუ საიდუმლო არაა, ვინაა თქვენი აგენტი?
- სახელ-გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ეროვნებით ხორვატია.
- და როდის გადაწყდება “მარსელში” თქვენი დარჩენა-არდარჩენის საკითხი?
- წესით, უახლოეს დღეებში. ჯერ დუბლებში ვვარჯიშობდი, ხვალიდან უკვე დიდიე დეშამის გუნდთან, ძირითადებთან ერთად ვიქნები.
- ქართველი ფეხბურთელებიდან ვის იცნობთ?
- “აიაქსის” ბავშვთა სკოლაში შოთა არველაძემ წამიყვანა. მასთან ყოველთვის მაქვს კონტაქტი, ხან ინტერნეტით, ხან ტელეფონით. ორი წელია, რაც გოგა გახოკიძე გავიცანი. მოქმედი ფეხბურთელებიდან კი, რა თქმა უნდა, ჯანო ანანიძესა და გურამ კაშიას ვიცნობ. ჯანო “სპარტაკში” რომ მოიყვანეს, მეც იქ ვიყავი, გუნდში თავიდანვე ყველაზე ახლოს ჩემთან იყო. მაშინვე ეტყობოდა, რამხელა ტალანტი გახლდათ. კაშია კი “ვიტესში” გავიცანი. ვიცი, რომ “ვიტესში” გიორგი ჭანტურიაც ირიცხება, მაგრამ ერთმანეთს ავცდით, ის უკვე წამოსული იყო არდადეგებზე. ასევე ვერ მოვახერხე “შალკეში” ლევან ყენიას ახლოს გაცნობა – როცა გელზენკირხენში ვიყავი, ყენიას ტრავმა ჰქონდა და სხვა ქალაქში მკურნალობდა.
- ქართული ფეხბურთით რამდენად ინტერესდებით?
- რას ამბობთ, ქართველი ვარ და თუ ტელევიზორში თამაშია საქართველოს ნაკრების, ან თუნდაც ქართველი ლეგიონერის მონაწილეობით, აუცილებლად ვუყურებ ხოლმე. ძალიან მაგრად ვქომაგობ ქართულ ფეხბურთს.
- საქართველოში ჩამოდიხართ ხოლმე?
- არა, ბავშვობის მერე, საერთოდ არ ვყოფილვარ. არადა, საქართველოში მყავს უახლოესი ნათესავები. ძალიან მინდა ჩამოსვლა.
- ისე, ქართულად საუბარი შეგიძლიათ?
- სწრაფად ვერა. ყველაფერს ვიგებ, მაგრამ თავად საუბარი მიჭირს. კაშია მასწავლიდა ხოლმე “ვიტესში”...  
- ყველას დააინტერესებს – რას იზამთ, საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ? ასაკით 21-წლამდელებში გამოსვლაც შეგიძლიათ.
- ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. ისე, როცა “შალკეში” ვისინჯებოდი, შოთა არველაძემ მითხრა – აქ თუ ჩაირიცხები, საქართველოდან აუცილებლად მიგიწვევენო. ვიმეორებ, თუ შემოთავაზება იქნება, საქართველოს სახელით თამაშზე თანახმა ვარ.
- რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშევი გაქვთ?
- 19-წლამდელებში ვიყავი და ალბათ, ევროპის ჩემპიონატზეც მათამაშებდნენ, “ფეიენოორდში” საქმეები რომ არ ამრეოდა.  
 

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113216