ფეხბურთი

14:50 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია: “ჩემსა და მესის შორის განსაკუთრებული მეტოქეობა არაა”

 არგენტინის ნაკრებს მომავალი წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩატარება პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში უწევს. პარაგვაელებთან პრინციპული შეხვედრის წინ Fox Sports Radio-მ ინტერვიუ ჩამოართვა მადრიდის “რეალის” არგენტინელ ლეგიონერ ანხელ დი მარიას. პირველი კითხვა საკლუბო თემას დაეთმო, შემდეგ კი ფეხბურთელმა და ჟურნალისტმა საუბარი სანაკრებო ამბებზე განაგრძეს. დი მარიამ დაადასტურა, რომ კასტილიაში დარჩენით ფრიად კმაყოფილია და ბარსელონელ მესისთანაც ქიშპობა არ აქვს.

- მადრიდში გარეთ ბეილის მოსვლის შემთხვევაში “რეალიდან” უნდა წასულიყავით. Aმას თავადაც აცხადებდით და სხვებით პროგნოზირებდნენ. თუმცა, “ბლანკოსმა” საბოლოოდ ბეილი მაინც გადაიბირა, თქვენ კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩით...

- ამ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მთავარ მწვრთნელს მიუძღვის. კარლო ანჩელოტის მხრიდან თანადგომა და ნდობა ვიგრძენი. ამან ძალიან გამახარა – “რეალში” დარჩენით თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი ოჯახის წვრებსაც მადრიდიდან აბარგება არ სურდათ და მოვლენათა განვითარებით ყველანი კმაყოფილები ვართ.

- მოდით, რამდენიმე კითხვას სანაკრებო თემაზე დაგისვამთ. რამდენიმე თვის წინ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბოლოვიასთან სათამაშოდ ემზადებოდა. “რეალის” მაშინდელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ თხოვნით მიმართა “ალბისელესტეს” მთავარ მწვრთნელს, ახლადტრავმამოშუშებული დი მარია არ ათამაშოო, თუმცა, ალეხანდრო საბელიამ სხვაგვარად განსაჯა და შემადგენლობაში დაგაყენათ...

- ფეხბურთელისთვის მართლაც მეტად არასასიამოვნო დაზიანება მქონდა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მაწამებდა. თავდაპირველად ნაკრებში ინ განწყობით ჩავედი, რომ მხოლოდ ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი და ისინი გამემხნევებინა. მაგრამ თანდათან ვიგრძენი, რომ ტრავმა აღარ მაწუხებდა და როდესაც საბელიამ მკითხა, შევძლებდი თუ არა მინდორზე გასვლას და მთელი ძალით თამაშს, მთავარ მწვრთნელს დადებითი პასუხი გავეცი. გითხრათ სიმართლე, ნამდვილად არ ვიცი, ჩემ თაობაზე კლუბსა და ნაკრებს საუბარი ჰქონდა თუ არა.

- არგენტინელ გულშემატკივართა ნაწილი თვლის, რომ ეროვნულ გუნდში კონკურენციის გამო ლეო მესისთან არცთუ კარგი დამოკიდებულება გაქვთ...

- იმის მიუხედავად, რომ მეტად პრინციპული მოწინააღმდეგე კლუბების წევრები ვართ, ჩემსა და ლეოს შორის განსაკუთრებული მეტოქეობა არაა. თანაც, ორივენი როსარიოდან ვართ, ოღონდ მესიმ თამაში “ნიუელს ოლდ ბოისში” დაიწყო, მე კი “როსარიო სენტრალში”. ბავშვობაში ჩემი უშუალო კონკურენტი მაქსი როდრიგესი გახლდათ. ერთ მშვენიერ დღეს “როსარიო სენტრალში” აუცილებლად დავბრუნდები.

- როგორ გგონიათ, არგენტინის ნაკრები სწორი გზით ვითარდება?

- ჩემი რწმენით, ალეხანდრო საბელია მასზე მინდობილ საქმეს სათანადოდ უმკლავდება. ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა ჩამოყალიბდა და მატჩიდან მატჩამდე ნაკრები თამაშს უმატებს. საბელია დიდ დროს უთმობს სხვადასხვა სათამაშო ელემენტების დახვეწას. ამ მხრივ გამორჩეულად მუშაობს იმ ვარიანტზე, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. შედარებით ნაკლები დრო ეთმობა კონტრშეტევის წარმოებაზე მუშაობას. არცაა გასაკვირი – ჩვენ ხომ იერიშზე ორიენტირებული გუნდი ვართ. არგენტინა თავის სათამაშო სტილს არც სამომავლოდ უღალატებს. 

- მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს რა იმედით შეხვდებით?

- ჯერ ბრაზილიის მუნდიალის საგზური გვაქვს მოსაპოვებელი. საამისოდ დარჩენილ შეხვედრებში 4 ქულა გვაქვს ასაღები. იმედია, ყველაფერი არგენტინის ნაკრების სასიკეთოდ წარიმართება, ბრაზილიის სტადიონებზე კი არგენტინის ნაკრები თავის რეალურ ძალას აჩვენებს. ჯერჯერობით კი სხვა ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი. ყველა მატჩში შესაძლებლობათა მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. პირადად მე რაც შემეხება, არგენტინის ნაკრებშიც და მადრიდის “რეალშიც” ყოველი მატჩის მსვლელობისას თავდაუზოგავად თამაში მმართებს.

0.112915