ფეხბურთი

14:19 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო დი ნატალე: “პრანდელი საქმეს კარგად უძღვება”

 “უდინეზეს” 35 წლის ფორვარდი ანტონიო დი ნატალე გამორჩეული ფეხბურთელია. ფიფას ვებგვერდის კორესპონდენტთან საუბრისას ფრიულთა გამოცდილი გოლეადორი კარიერის საყურადღებო მომენტებზე საუბრობს.

 - რით ახსნით თქვენ ბოლოდროინდელ შედეგიან თამაშს – უკანასკნელი სეზონების განმავლობაში 20 გოლზე მეტი გაგაქვთ. როგორ ახერხებთ სათანადო ფორმის შენარჩუნებას 30 წლის ასაკში?

- არანაირი განსაკუთრებული საიდუმლო და მიდგომა არ მაქვს. ფეხბურთელისთვის და საერთოდ სპორტსმენისთვის სათანადო ცხოვრების სტილის დაცვა აუცილებელია. ყოველთვის ვცდილობ საუკეთესოდ მოვემზადო და საამისოდ ხელს დიდად მიწყობს პროფსორი პაოლო არტიკო. მასთან უკვე რამდენიმე წელიწადია ვთანამშრომლობ და ძალიან ნაყოფიერადაც. სინიორ პაოლო დიდ ყურადღებას მითმობს, მის დანიშნულ დიეტას განუხრელად ვიცავ. ამასთან, მხოლოდ ოჯახითა და ფეხბურთით ვარ დაკავებული და სხვა ამქვეყნიური სიამოვნებები ჩემთვის უცხოა.

- ხომ არ თვლით, რომ საფეხბურთო დღეგრძელობა იმითაცაა გამოწვეული, რომ სერია A-ში დებიუტი 25 წლისას გქონდათ?

- არ მგონია. ეს უფრო საქმისადმი სერიოზული მიდგომის, მონდომებული ვარჯიშის და ცხოვრების გაწონასწორებული სტილის დამსახურებაა.

- კარიერის განმავლობაში ბევრი პარტნიორი გყავდათ. რომელ ფორვარდთან მოგწონდათ ყველაზე მეტად ტანდემში თამაში?

- პარტნიორთა მხრივ მართლაც ძალიან გამიმართლა. მაგრამ თუკი საქმე მხოლოდ ერთი პარტნიორის დასახელებაზე მიდგა, ალექსის სანჩესს გამოვარჩევდი. ჩვენმა წყვილმა “უდინეზეში” ერთობლივად გატარებულ 2 სეზონში ბევრი რამ შეძლო. გულშემატკივრები ჩემ 22 წლის კოლუმბიელ ლუის მურიელსაც ასახელებენ. ჩემი აზრითაც, მას ყველა შესაძლებლობა აქვს საიმისოდ, მსოფლიო დონის ვარსკვლავად რომ გადაიქცეს.

- გოლებად გოლებად, მაგრამ ჯერჯერობით უტიტულოდ ხართ. ამის გამო სინანულის გრძნობა არ გეუფლებათ?

- განვლილი საფეხბურთო გზითა და კარიერით კმაყოფილი ვარ. ორჯერ სერია A-ს საუკეთესო გოლეადოტი გავხდი, იტალიის უპირველეს დივიზიონში 150 გოლზე მეტი გავიტანე, “სკუადრა აძურას” მაისური 40-ჯერ მოვიზომე და იტალიის ნაკრებში მეათე ნომრითაც ვითამაშე. ევროპის 2 და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე. თავად განსაჯეთ, მაქვს თუ არა გულდასაწყვეტად საქმე.

- რატომ გაისტუმრეთ უარით იტალიის დიდი კლუბების წარმომადგენლები, ამბიციის ნაკლებობა გაქვთ?

- არავითარ შემთხვევაში. ვფიქრობ, “უდინეზეს” ისტორიისთვის მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. ფრიულიში ჩემ სახლს მივაგენი და არასდროს მიფიქრია უდინედან წასვლა. ქალაქმა, კლუბმა, მისმა პრეზიდენტმა ჯანპაოლო პოცომ საკუთარი შვილივით მიმიღეს.

- მშობლიური ქალაქის ნეაპოლის გუნდის ღირსების დაცვაზე არასდროს გიფიქრიათ?

- ნეაპოლელი ვარ და ამით ვამაყობ კიდეც, უდინეზეში კი მეორე სახლს მივაგენი. როდესაც კლუბს ჩემი გადაბირების სურვილით “იუვენტუსმა” მიმართა, პრეზიდენტს პირდაპირ განვუცხადე, რომ “უდინეზედან” წასვლა არ მინდოდა. აქ ყველაფერი მაწყობს – მწვრთნელები, მოთამაშეები, ყველანი საქმეს სათანადოდ ვაკეთებთ.

- საკლუბო დონეზე მაღალშედეგიანი თამაშის მიუხედავად, “სკუადრა აძურას” 42 შეხვედრაში მხოლოდ 11 გოლის გატანა მოახერხეთ...

- ძალიანაც ვამაყოდ იმით, რასაც იტალიის ეროვნულ გუნდში გამოსვლისას მივაღწიე.

- ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, რომელმაც ევრო2012-ზე იკერ კასილასის კარის დალაშქვრა მოახერხეთ. ამის მიუხედავად, უკრაინა-პოლონეთის ტურნირის დასრულების შემდეგ ნარებში არ გამოჩენილხართ. რატომ?

- ჩეზარე პრანდელისთან მეტად კარგი ურთიერთობა მაქვს და ვთვლი, რომ იგი კარგად უძღვება მინდობილ საქმეს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პრანდელიმ “სკუადრა აძურას” გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და ეს სწორია. თუკი, ნაკრებს დავჭირდები, აქ ვარ. ეროვნული გუნდის სამსახურზე უარს არასდროს ვიტყვი.

- თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა მცველმა და თავდამსხმელმა მოახდინა?

- ასეთი ბევრი ფეხბურთელია. ფორვარდებიდან უპირველესად ფრანჩესკო ტოტის, ალესანდრო დელ პიეროს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გამოვარჩევდი. მცველებს რაც შეეხება, ყველაზე მეტად ინტერელი ივან კორდობა “მიშრობდა” სისხლს.

- კარიერის უმნიშვნელოვანეს გოლად რომელ ბურთს მიიჩნევთ?

- თქვენ მიერ უკვე ნახსენებ გოლს იკერ კასილასის კარში. ჩემი აზრით, ბოლო ევროზე “სკუადრა აძურამ” თავისი საუკეთესო თამაში სწორედ იმ მატჩში აჩვენა.

- ოქტომბერში 36 წლის გახდებით. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?

- ვიდრე მინდორზე გასვლა სიამოვნებას მანიჭებს და ჯანმრთელობა საამისო შესაძლებლობას მომცემს, აუცილებლად ვითამაშებ. შემდეგ კი ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელობას ვაპირებ. მათთვის გასაზიარებელი მართლაც ბევრი რამ მაქვს.

0.121054