კიევის ევროპის თასზე ჭაბუკ ძიუდოისტთა წარმატებულ გამოსვლას საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დღეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოაყოლა. ტურნირი უკრაინაში 31 მარტსა და 1 აპრილს ჩატარდა. ქართველმა ჭაბუკებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი, გია თენაძის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
უკრაინამოვლილი გუნდი პრესკონფერენციაზე თითქმის სრული შემადგენლობით გამოცხადდა. ჩემპიონ-პრიზიორებს წარმატება ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ, გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვანო ჯანუყაშვილმა მიულოცეს.
“ძალიან კარგი თაობა მოდის, რასაც წლეულს, ორ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული 28 მედალი ადასტურებს. შეგახსენებთ, კიევამდე 2 კვირით ადრე ჭაბუკთა ნაკრებმა ანთალიური ევროპის თასიდანაც 14 მედალი ჩამოიტანა. განსაკუთრებულად სასიამოვნო კი მარიამ ჯანაშვილის წარმატებული ჭიდაობაა – ანთალიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო კიევში - ჩემპიონი. გოგონებში მსგავსი შედეგებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ და მარიამის წარმატება იმედის საფუძველს იძლევა. მჯერა, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ძიუდოშიც გვეყოლება წარმომადგენელი. ამ ეტაპზე კი მთავარი 22-24 ივნისს ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატია. იმედია ჩვენი გუნდი მონტენეგროდანაც შთამბეჭდავი მონაგარით დაგვიბრუნდება” – განაცხადა გიორგი ალექსიძემ.
ანთალიურ-კიევური უხვმედლიანობისთვის ძიუდოისტებს მადლობა გია თენაძემაც გადაუხადა, თუმც იქვე დასძინა, სეზონის მთავარი ტურნირი ჯერ წინ გვაქვს და შედეგებზე სჯობს მაშინ ვილაპარაკოთ, თუ ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვალთო.
“ამ ასაკში განსაკუთრებულად ძნელია პროგნოზის გაკეთება. მოზარდები არიან და ტურნირიდან ტურნირამდე ძალიან ბევრი რამ იცვლება. შეიძლება ფავორიტად მიჩნეულმა სპორტსმენმა მოულოდნელად ჩვეულად ვერ იჭიდაოს, ან პირიქით, ისეთმა აჩვენოს უმაღლესი შედეგი, ვისგანაც ნაკლებად ელი. ორი ტურნირის შეჯამებით ევროპირველობაზე დასაყენებელი შემადგენლობის გარკვეული მონახაზი უკვე გაკეთებულია.რამდენიმე წონაში ლიდერებიც გამოიკვეთნენ, მაგრამ კონკრეტულად არავისზე არაფერს ვიტყვი, მერე რომ მოტივაცია არ მოაკლდეთ. ამ ეტაპზე მონტენეგროს ტატამზე გასვლა განაღდებული არავის აქვს” – აღნიშნა ჭაბუკთა ნაკრების თავკაცმა.
ევროპირველობამდე თენაძე შეგირდებს ოთხ მოსამზადებელ შეკრებას გაატარებს. ხვალიდან გუნდი 12 დღით გორში დაბანაკდება. შემდეგ გეგმაში ბაკურიანული ვარჯიშებია, რომელზეც მთავარი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. 5-6 მაისს ნაკრების კანდიდატები კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე – ბერლინის ევროპის თასზე იჭიდავებენ. გერმანიაში ქართული დელეგაცია ბაკურიანული შეკრების დასრულებიდან ორიოდ დღეში გაემგზავრება. მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტები წინასწარ გააფრთხილა, ფიზმომზადების შემდეგ უმალ ჩვეულად ჭიდაობა ძნელია და ბერლინში შედეგიანობას ნაკლებად ველიო. ევროპირველობის მწვრთნელისეული პროგნოზი კი გაცილებით ოპტიმისტურია: “სტაბილური, ძლიერი გუნდი გვყავს და უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ყველა წონაში შეიძლება” – ამბობს გია თენაძე.
ოთარ მაღლაკელიძე







