ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი აცხადებს, რომ მისი კლუბი მაისურზე მე-3 ვარსკვლავის დახატვას არ ჩქარობს და ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ რომელიმე სხვა გუნდი სერია A-ს მეოცედ მოიგებს.
იტალიაში არსებული ტრადიციის თანახმად, გუნდს, ყოველი 10 მოგებული ჩემპიონატის შემდეგ, მაისურზე ერთი ვარსკვლავის დახატვის უფლება აქვს. კვირას, “იუვენტუსი” ქვეყნის ჩემპიონი 30-ედ გახდა, რის შემდეგაც, ტურინელებმა მე-3 ვარსკვლავის დახატვის უფლება მოიპოვეს, მაგრამ როგორც ირკვევა, “ბებერი სინიორა” ამ უფლების გამოყენებას არ ჩქარობს.
“მე-3 ვარსკვლავს არ დავიხატავთ, რადგან ჩვენის აზრით, ჩემპიონატი 32-ჯერ მოვიგეთ და არა 30-ჯერ, როგორც ეს ოფიციალურადაა დაფიქსირებული. დღეიდან, ჩვენი ასარჩევია, როდის დავიმატებთ მაისურზე ვარსკვლავს. ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც რომელიმე სხვა კლუბი მე-2 ვარსკვლავს დაიხატავს, რათა ამ გუნდზე ჩვენი უპირატესობა ვაჩვენოთ.” – ციტირებს ანიელის სიტყვებს Football Italia.
აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ “მილანს” და “ინტერს” იტალიის ჩემპიონატი თვრამეტ-თვრამეტჯერ აქვთ მოგებული.