ფეხბურთი

18:00 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდროსი

ამ 22 წლის გარემარბმა ხუთშაბათ საღამოს თბილისის “დინამო არენაზე” სასწაულები აკეთა. “ტოტენჰემმა” “დინამოს” 5:0 მოუგო და ამ გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ ანდროს თაუნსენდმა დაიდო. ჯერ იყო და, სწრაფი კონტრშეტევისას, ლამის ნახევარი მინდორი გადაირბინა და ცაციათი, მოხდენილი დარტყმით გახსნა ანგარიში. ამ დროს ჩვენს გვერდით მჯდომმა ბრიტანელმა კოლეგამ ადამ შერგოლდმა გვითხრა: ეს მაგარი ბიჭი გვყავს, მის შესახებ კიდევ ბევრჯერ გაიგებთო და დაამატა, ანდროსმა ევროთასებზე თავისი მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი სამი წლის წინათ, “შემროკ როვერსის” წინააღმდეგ გამოიჩინა თავიო.

44-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან შეტევისას, თაუნსენდმა დარკო გლიშიჩს ქალაქური “პად სებია” გაუკეთა და პაულინიოს ბურთი თავზე დაასვა, ბრაზილიელს გატანა არ გასჭირვებია. მეორე ტაიმის შუაწელში კი უკვე გიორგი გველესიანს ჩაუქროლა რეაქტიულივით და რობერტო სოლდადოს მესამე გაატანინა. მერეც არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მოკლედ, აგვიკლო. გვიხაროდა, აარონ ლენონს ტრავმა აქვს, თბილისში ვერ ითამაშებს და მარჯვენა ფრთაზე შედარებით სიმშვიდე იქნებაო, მაგრამ თურმე სად ვიყავით. ვილაშ-ბოაშმა ისეთი კაცი დააყენა მარჯვნივ, ლამის ლენონი სანატრელი გაგვიხდა.

თაუნსენდი “ტოტენჰემის” აკადემიის აღზრდილია. 9 წლიდან “დეზების” წევრია, თუმცა მოზრდილობისას ერთთავად განათხოვრებული იყო ძირთადად დაბალი ლიგის გუნდებში, მათგან ყველაზე ცნობილებია “ლეიტონ ორიენტი”, “იფსვიჩი”, “უოტფორდი”, “მილუოლი” და “ლიდსი”. წლეულს იანვარში “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადავიდა და პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპი ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობით ითამაშა, ზაფხულში კი “ტოტენჰემში” დაბრუნდა.

ანდროსს კვიპროსულ-იამაიკური წარმომავლობა აქვს და მისი სახელიც კვიპროსული უნდა იყოს. თუმცა ინგლისში, ლეიტონსტოუნში დაიბადა და ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, პირველის გარდა. ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში კი მისი დებიუტი 2012 წლის ოქტომბერში შედგა, როცა ლივერპულელი რაჰიმ სტერლინგის ნაცვლად გავიდა მინდორზე.

მოკლედ, “გონივრული ეჭვი” გვაქვს, რომ ხუთშაბათს თბილისში ევროპის კიდევ ერთი მომავალი ვარსკვლავი ვიხილეთ.

0.201755