სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:15 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს კარასკო "საბურთალოს" წარსულსა და მომავალზე

უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ანდრეს კარასკო "საბურთალოს" აკადემიას უდგას სათავეში. ესპანელი სპიციალისტი მუდამ შრომაშია - როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. აკადემიის დირექტორი ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ფეხბურთელზე ფლობს ინფორმაციას, მას მუდმივი კონსულტაციები აქვს სკოლის მწვრთნელებთან.

მკითხველისთვის საინტერესო იქნება უშუალოდ ესპანელისგან გავიგოთ თუ რა წინსვლებს ხედავს იგი "საბურთალოს" სკოლაში და რა გეგმები აქვს მომავალში.

- ბატონო ანდრეს, რამდენად კმაყოფილი ხართ გასული სეზონით, როგორ შეაფასებდით 2013 წელს?

- პირველ რიგში თვალშისაცემია ჩვენო სკოლის და კლუბის პროგრესი. მთავარია მომავალი თაობები გავზარდოთ, ამასთან ერთად თუ შედეგიც იქნება, უკეთესი. ყველა ასაკში წინსვლა შეინიშნება - 1999 წლიანებმა მოუმატეს თამაშს, მთლიანობაში საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. 2000 წლიანებშიც კარგი თაობა გვეზრდება, ისევე როგორც 2001 წელს დაბადებულ ბავშვებში. ამ ასაკის მეორე გუნდმა "დინამოს" აკადემიასთან გამართა შეხვედრა და მაღალ დონეზე ითამაშა გუნდმა. ჩვენ, მეორე გუნდებიც წარმატებული გვყავს - 2002 წელს დაბადებული ბავშვების მეორე გუნდი კი ჩემი ფავორიტია. ასევე მინდა ავღნიშნო 1998 წლიანების გამოსვლაც - ჭაბუკების მეორე გუნდი ელიტ-ლიგაში ასპარეზობს და პირველი წრე ისე დასრულდა, თამაში არ წაუგიათ.

- უკვე ნახევარი წელიწადია "საბურთალოში" მუშაობთ. ამ ხნის განმავლობაში, რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა?

- პირველ რიგში მწვრთნელებს ვუთხარი, რა სტილით უნდა ვიმუშავოთ, როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვებს, რათა განვითარდნენ, როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს. რაც "საბურთალოს" სჭირდება, სწორედ იმაზე ვმუშაობთ.

- და რა სჭირდება "საბურთალოს"?

- წინასწარ ყველაფრის თქმა არ მინდა, მეორე წრე განახლდება და ყველაფერს თავად დაინახავთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს სკოლას წარმატებები ჰქონდეს, აღზარდოს ბავშვები, შემდეგ კი სხვადასხვა კლუბებში დაიმკვიდრონ თავი და გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას.

- წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი მწვრთნელთა განათლებაა. ამ მიმართულებით, თუ იგეგმება მწვრთნელების გამგზავრება სემინარებზე?

- ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ უცხოეთში, როდესაც ყველაფერი ადგილზე გვაქვს? ჩვენს სკოლას დიდი ინფრასტრუქტურა გააჩნია, არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ადგილზე შეისწავლონ მწვრთნელებმა. გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, მწვრთნელებთან სისტემატურად მაქვს შეხება, ვღებულობ ამომწურავ ინფორმაციას. ყველა სპეციალისტი მუდმივად სწავლის პროცესშია.

არ არის აუცილებელი, რომ ერთ გუნდს 5 ადამიანი ავარჯიშებდეს. მთავარია, მწვრთნელმა ზედმიწევნით გადასცეს ბავშვს და ასწავლოს ის, რაც ჩვენ დავუსახეთ ამოცანად. მწვრთნელის განათლებასა და განვითარებას მუდმივად ვადევნებ თვალყურს, მაინტერესებს როგორ პროგრესირებს იგი, როგორი მიდგომა აქვს ბავშვებთან, როგორი სტილით ატარებს საწვრთნელ პროცესს. ასევე აუცილებელია, რომ სპეციალისტი მობილიზებული იყოს სტადიონზე და არა მარტო სატდიონზე.

- 2014 წელს რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?

- ამ ეტაპზე სიახლე ისაა, რომ იოსებიძის ქუჩაზე მდებარე "საბურთალოს" სკოლაში ვინც ვარჯიშობდა, "ბენდელას" სტადიონზე გადმოვიდა. აქედან  უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ ბავშვებს და შესაძლებლობა მექნება საწვრთნელ პროცესებშიც ჩავერთო.

იოსებიძის ქუჩაზე მდებარე სკოლაშიც ბევრი რამ კეთდება - გაკეთდა და მომავალშიც გაკეთდება მოედნები, რათა ბავშვებს კარგ პირობებში ჩაუტარდეთ ვარჯიშები.

- "სალერის თასმა” როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- ამ შეჯიბრებამ დაგვანახა, რომ ტურნირის კარგად ჩატარება შეგვიძლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გასული შეჯიბრებისგან განსხვავებით, 2013 წლის ტურნირზე სამი უცხოური გუნდი იღებდა მონაწილეობას, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა. ჩვენს სტუმრებს ძალიან დაამახსოვრდათ თბილისში გატარებული დღეები. ვინც თამაშებს ადევნებდა თვალს ნახავდა, რომ ბრძოლაც შეგვიძლია, სწორი თამაშიც, ბურთის გაკონტროლებაც და შედეგის მიღწევაც. რთული მოწინააღმდეგეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის "ატლეტიკო". ამ კლუბთან თამაში და გამარჯვება, ხუმრობა არაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ეს წარმატება ყველას მივულოცო.

- საუბრის ბოლოს, პირველ ლიგაზეც მინდა გკითხოთ - დებიუტანტობის კვალობაზე, მიმდინარე გათამაშებას როგორ შეაფასებთ?

- ეს გუნდი ძირითადად 1996-97 წლიანი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ძალიან ახალგაზრდული გუნდია. მთლიანობაში კარგ და სასიამოვნო თამაშს აჩვენებენ. პირველი ლიგაა და ბუნებრივია, ადაპტაციის გავლაა საჭირო, არ არის იოლი ამ ლიგაში თამაში. როდესაც, 16-17 წლის ფეხბურთელი 30 წლის მამაკაცს დაუპირისპირდება, რთულია მუდამ გამარჯვება მოსთხოვო. მჯერა, მეორე წრე ბევრად უკეთესი იქნება. ბიჭებმა ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება შეიძინეს, მომავალში უფრო მეტს ისწავლიან. სწავლობენ ბრძოლას, მეტოქის მოედანზე თამაშს... ასე, რომ საინტერესო მოვლენები წინ გველის, მთავარია სწორად ვიმუშავოთ და არც წარმატებები დააყოვნებს.

www.fcsaburtalo.ge 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125803