ფეხბურთი

16:12 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს კარასკო: “ქართველ ბავშვებს ყველაზე მეტად რაც აკლიათ, ეს საერთაშორისო თამაშებია”

 

ანდრეს კარასკო 3 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა, წელიწადზე მეტხანს იმუშავა და შემდეგ ესპანეთში, “მალაგაში” დაბრუნდა. შარშან ზაფხულს კი კარასკო ისევ ჩამოვიდა საქართველოში და ამჯერად “საბურთალოს” აკადემიის დირექტორი გახდა. არ შემხვედრია მწვრთნელი, რომელსაც მასზე აუგი ეთქვას – პირიქით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და “საბურთალოში” ყველას თავისიანად ჰყავს მიჩნეული.

“საბურთალოში”, ყველა ჯგუფში ერთად აღებული, 600-მდე ბავშვი ვარჯიშობს და როგორც შევიტყვე, კარასკოს ყველა მათგანზე აქვს ინფორმაცია – ვის რა აკლია, ვის რა დადებითი მხარე აქვს.

“მსოფლიო სპორტი” კარასკოს ესაუბრა.

-       როგორც ვიცით, “საბურთალოს” გარდა, მექსიკური “სანტოს ლაგუნადანაც” გქონდათ მიწვევა. საქართველოში ჩამოსვლისკენ რამ გიბიძგათ?

-       მომეწონა “საბურთალოს” ხელმძღვანელობის პროექტი. საქართველო უკვე ნაცნობი ქვეყანა იყო ჩემთვის. საერთოდ, როცა უცხო ქვეყანაში გადადიხარ, დაფიქრება გმართებს და მეც მცირე დრო ვითხოვე. შესაძლოა, მექსიკაში გადასვლა უკეთესი ყოფილიყო ჩემი კარიერისთვის, მაგრამ საქართველო ვარჩიე იმ მხრივ, რომ აქ პროგრამა დავინახე და თანაც, არის ცხოვრებაში ეტაპი, როცა ვინმეს უნდა დაეხმარო.

-       აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?

-       დიახ, მეუღლე და ორი პატარა შვილი მყავს. უფროსი საბავშვო ბაღში დადის.

-       ესპანეთიდან საქართველოზე გადმორთვა არ გაგიჭირდათ? ესპანელ და ქართველ ბავშვებს შორის, ხარისხობრივი თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა?

-       გლობალურად რომ შევხედოთ, ესპანეთში გაცილებით დიდი არჩევანია. იქ 4 მილიონზე მეტი ფეხბურთელია, აქ კი არჩევანი მცირეა. სწორედ ესაა მთავარი განსხვავება, თორემ ხარისხობრივად დიდი სხვაობა არაა. “დინამოს” აკადემიაში როცა ვიყავი, სამი ბავშვი მყავდა წაყვანილი “მალაგაში” და სამივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

-       რატომ ვერ დარჩნენ “მალაგაში”?  

-       “მალაგაში”  არ იყო ის პროექტი, რომელიც ამ ბავშვებს სასურველად გაზრდიდა. ეს სტაჟირების სახით იყო. საერთოდ, ყველა კლუბის აკადემია ვერ დაიკვეხნის გეგმიური მუშაობით. მაგალითად, “რეალმა” რამდენიმე წლის წინ აკადემიის მუშაობის კურსი შეცვალა და თავის აღზრდილებს დიდი ყურადღება აღარ მიაქცია. ამ მხრივ უნიკალურია “ბარსელონა”. იყო მატჩები, როცა მინდორზე “ბარსას” აკადემიის აღზრდილი 10 ფეხბურთელი ჰყავდათ.

-       “ბარსას” დღევანდელი ვარსკვლავებიდან ვინმესთან გიმუშავიათ?

-       არც ისე ასაკოვანი ვარ, ამიტომაც ვისთანაც ვმუშაობდი, ისინი ახლა დგამენ ფეხს დიდ ფეხბურთში და სავარაუდოდ, “ბარსელონას” ძირითადი გუნდის ფეხბურთელებიც გახდებიან. ისე, კატალონიის ასაკობრივ ნაკრებში ვმუშაობდი, ალექს გარსიას ვეხმარებოდი და იქ იყვნენ სესკ ფაბრეგასი, ჟერარდ პიკე.

-       “ბარსელონას” გარდა, რომელ ესპანურ კლუბს აქვს ძლიერი და გეგმით მომუშავე აკადემია?

-       გამოირჩევა “ბილბაო”, რომელიც თავის აღზრდილებს უკაფავს გზას. მაგალითად, იცით, რომ ხავი მარტინესი 40 მილიონ ევროდ გაყიდეს “ბაიერნში”. ასევე, “სევილიას” აქვს კარგი აკადემია.

-       ქართველ ბავშვებზე: ყველაზე მეტად რა კომპონენტებში უჭირთ?

-       კომპონენტებს ასე ვერ გამოვარჩევ, რადგან ბავშვი ინდივიდუალურია და ზოგს რა აკლია, ზოგს – რა... ყველაზე მეტად, ქართველ ბავშვებს აკლიათ საერთაშორისო გამოცდილება. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშონ. საქართველოში ბავშვები არანაკლებ სერიოზულად შრომობენ, ვიდრე ესპანეთში. ქართველები ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მერე კი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ვითარდებიან. “საბურთალოში” სწორედ ამ კუთხით ვმუშაობთ, რათა თავიანთი საუკეთესო თვისებები არათუ დაკარგონ, არამედ განავითარონ.

-       სამი თვის წინ “საბურთალომ” “სალერის თასი” მოიგო. ფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” სძლია. გექნებოდათ საუბარი “ატლეტიკოს”  მწვრთნელებთან და როგორ შეაფასეს ეს ტურნირი, რა შთაბეჭდილება დარჩათ ქართველ ჭაბუკებზე?

-       ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები დარჩნენ. არ ეგონათ, ასეთ წინააღმდეგობას თუ წააწყდებოდნენ და ქართულ ფეხბურთზე სულ სხვა წარმოდგენა შეექმნათ. ძალიან კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო და თამაშებიც, ვინც უყურა, დამეთანხმება, რომ მაღალი დონისა გამოდგა.   

0.126185