ფეხბურთი

10:49 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეას ბრემე: “ეჭვიც კი მეპარება, ერთი მოთამაშისთვის ამდენის მიღწევა შესაძლებელი რომაა”

 ანდრეას ბრემეს ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრის წინაშე ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, შედარებით ახალგაზრდა თაობის ქომაგებს კი მოვახსენებთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველს მეტად ნაყოფიერი საკლუბო და სანაკრებო კარიერა ჰქონდა. “კაიზერსლაუტერნთან” ერთად ბრემემ გერმანიის თასიც მოიგო და ჩემპიონობაც, ბუნდესლიგის გამარჯვებული კი მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში გამოსვლის დროსაც გახდა. შემდეგ იყო მილანის “ინტერში” გამოსვლის ნაყოფიერი პერიოდი – ამ ჩრდილოიტალიურ გრანდთან ერთად ანდრეასმა სკუდეტოც მოიგო და უეფას თასიც. ბრემე მსოფლიოს ორი ჩემპიონატის პრიზიორია. თუკი 1986 წელს მან და მისმა პარტნიორებმა მეხიკოს “აცტეკაზე” პირველობისთვის გადამწყვეტი მატჩი არგენტინელებთან დათმეს, ოთხი წლის შემდეგ სწორედ ანდრეას ბრემეს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით გერმანელებმა არგენტინელებთან რევანში აიღეს და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიხვეჭეს. ანდრეას ბრემესთან ინტერვიუს გაცნობამდე კი მოგახსენებთ, რომ იგი ერთადერთი უკანახაზელია, რომელმაც ორი მუნდიალის (1986, 1990) ნახევარფინალში მოახერხა გოლების გატანა, სულ კი ბუნდესნაკრებში 86 მატჩი აქვს ჩატარებული.      

 - ჰერ ანდრეას, საფეხბურთო გულშემატკივართა უდიდეს ნაწილს თქვენი სახელის ხსენებაზე მსოფლიოს 1990 წლის მსოფლიოს პირველობა და გადამწყვეტი მატჩის მიწურულს გატანილი პენალტი აგონდებათ. ალბათ, თქვენთვისაც დაუვიწყარია რომის ოლიმპიურ სტადიონზე არგენტინელთა წინააღმდეგ ასპარეზობა და უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანის გატანა...

- რასაკვირველია ასეა. მაშინდელ პერიპეტიებს ჩემს გონებაში დავიწყება არ უწერია. იმდროინდელი საფინალო განცდა ერთი წუთითაც არ მტოვებს.

- იქნებ გაგვიმხილოთ, რას ფიქრობდით იმ მომენტში, როდესაც საპენალტო ნიშნულს უახლოვდებოდით?

- როგორ გგონიათ, ასეთი საბედისწერო მომენტისას რაიმეზე ფიქრი შესაძლებელია? მაშინ ბევრიც რომ მეფიქრა, იმდენად ვღელავდი, ასპარეზობის დასრულების შემდეგ მაინც არაფერი დამამახსოვრდებოდა. ასეცაა – ერთადერთი, რაც მსურდა, ბურთის კარის ბადეში გახვევა გახლდათ. გარბენისა და დარტყმის მომენტი კარგად არც კი მახსოვს, აი, გოლის გატანის შემდეგ დაუფლებულ გრძნობას კი არაფერი შეედრება. ენით აუწერელმა ბედნიერებამ მომიცვა!

- ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის ყველაზე ღირსშესანიშნავ ეპიზოდებს ხომ ვერ გაგვიმხელდით?

- სიამოვნებით. ამ მხრივ გასახსენებელი მართლაც ბევრი მაქვს. ცხადია, ელით, რომ უპირველესად 1990 წლის მუნდიალს დავასახელებ. მსოფლიოს ჩემპიონობას რა შეედრება, მაგრამ სხვა მხრივაც გამიმართლა. ბედნიერი ვიყავი მილანის “ინტერში” ასპარეზობის დროსაც. თანაც პარტნიორებად თანამემამულეები და ბრწყინვალე ფეხბურთელები, ლოთარ მათეუსი და იურგენ კლინსმანი მყავდნენ. იტალიაში მართლაც საოცარი საფეხბურთო წლები გავატარე, იმ პერიოდს კი არაფრით ჩამორჩებოდა “კაიზერსლაუტერნში” თამაშის პერიოდი. როდესაც ჩემს გავლილ საფეხბურთო კარიერას ვიხსენებ, ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, ერთი მოთამაშისთვის ამდენის მიღწევა შესაძლებელი რომაა. გარდასულ დღეთა ქრონიკა ემოციურად ყოველთვის მტვირთავს.

- ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, იგივე გზას გაივლიდით?

- ყველაფერს ისევე დავტოვებდი, როგორც აქამდე იყო. ჩემს ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაში იოტისოდენა ცვლილებასაც არ შევიტანდი. 

0.115828