ხავიერ ძანეტის მიერ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მილანის “ინტერის” კაპიტნად ანდრეა რანოკია აირჩიეს. მალე ანდრეა “ნერაძურისთან” ახალ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდის შავ-ლურჯი მაისურათი 2018 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს.
- მილანის “ინტერის” სამკლავური ლეგენდარული ხავიერ ძანეტისგან გადაიბარეთ...
- მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ძანეტი ყოველთვის მისაბაძი მოთამაშე და ადამიანი იყო. ხავიერი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს რთულ სიტუაციებში. ყველაზე მთავარი კი რაც ხავიერ ძანეტისა და სხვა ლეგენდარული ინტერელებისგან ავითვისე, ეს “ნერაძურისადმი” უსაზღვრო ერთგულებაა. “ინტერის” საკეთილდღეოდ საბრძოლველად მზად ვარ.
- როდესაც პროფესიულ საფეხბურთო კარიერას იწყებდით, რომელი კაპიტანი იყო თქვენთვის სამაგალითო?
- ეს ფეხბურთელი და პიროვნება პაოლო მალდინია. მართალია, ის “მილანში” თამაშობდა, მაგრამ შეუძლებელია არ მოიხიბლო მისი ქარიზმითა და სათამაშო ოსტატობით. მალდინი ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის ეტალონია და ყველანი უნდა მივისწაფოდეთ პაოლოს მისაბაძად.
- ტვიტერის მეშვეობით გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცეთ. იქვე აღნიშნეთ, რომ “ბუნდესმანშაფტის” ტრიუმფი თითქმის ათწლეულის განმავლობაში გაწეულმა მიზანმიმართულმა, ნაყოფიერმა სამუშაომ განაპირობა. საკლუბო დონეზე იგივეს “ინტერისგან” თუ ელით?
- ცხადია, მწვერვალების დასალაშქრად ვართ მომართულნი. ერიკ ტოჰირმა კლუბში ბევრი რამ შეცვალა. იგი მომავლისკენ იყურება, მხოლოდ პერსპექტივაზე ფიქრობს და გუნდის წარმატებებისთვის მყარ ფუნდამენტს ამზადებს. ჩემი აზრით, მაგალითი მიუნხენის “ბაიერნისგან” უნდა ავიღოთ. ბავარიელებმა ხარისხობრივი რეფორმები გაატარეს და მყარად არიან ევროპული საკლუბო ფეხბურთის კოჰორტაში. ამასთან, აუცილებლად მეტი უნდა ვიმუშავოთ ჩვენი ბრენდის, “ინტერის” უკეთ წარმოსაჩენად საზღვარგარეთ და იტალიის გარეთაც ჩვენ გულშემატკივართა რაოდენობაც გავზარდოთ.
- ორიენტირად “ბაიერნს” ასახელებთ. უმჯობესი ხომ არ იქნებოდა სწორება მადრიდის “ატლეტიკოზე” აგეღოთ. ამ კლუბმა გასულ საფეხბურთო სეზონში ბრწყინვალედ ითამაშა...
- ცხადია, “ატლეტიკო” საყოველთაო პატივისცემის ღირსია. ნებისმიერ მატჩში მისი მოთამაშეების ბურთისთვის ისე იბრძოდნენ, თითქოს ყველაფერი იმ მომენტში წყდებოდა. მადრიდელები ამ მხრივ ჩილესა და კოსტა რიკის ნაკრებებს მაგონებენ. ამის მიუხედავად, მიუნხენის “ბაიერნი” მყარი პროექტია, რომელშიც ყველა წვრილმანი და ნიუანსი ბოლომდეა გათვლილი. ეს მექანიზმი ათეული წლებია გამართულად მუშაობს.
- ამბობენ, თავის დროზე ტურინის “იუვენტუსში” ანტონიო კონტე გეპატიჟებოდათ...
- სინიორ ანტონიოსთან ერთად ადრე ვმუშაობდი. კონტეს პატივს ვცემ როგორც კარგ სპეციალისტსა და ბრწყინვალე პიროვნებას. “იუვენტუსში” გადასვლას რაც შეეხება, “ინტერმა” ჩემი გაშვება იუარა, თანაც დამარწმუნა, რომ გუნდს ვჭირდებოდი. კლუბის მიერ გამოხატულ ნდობას ვერ ვუღალატებდი.
- მილანის “ინტერის” როგორი კაპიტანი გინდათ გახდეთ?
- კაპიტანი, რომელიც იმარჯვებს.