ტურინის “იუვენტუსის” გამოცდილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ინტერვიუ მისცა პოპულარულ გამოცემა Tuttosport-ს და ჟურნალისტს რამდენიმე საინტერესო რამ გაანდო. პირლოს თქმით, “იუვე” კვლავინდებურად მაღალი მიზნების მისაღწევად იბრძოლებს, თავად კი სანაკრებო კარიერას მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეწყვეტს.
- “იუვენტუსში” 2 ბრწყინვალე სეზონი გაატარეთ. რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც თქვენი საფეხბურთო კარიერის ამ მონაკვეთს უკეთებთ ანალიზს?
- მოტივაციის ნაკლებობას არასდროს განვიცდიდი, ტურინში ჩამოსვლის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვვარჯიშობ და ვასპარეზობ. გასული სეზონის დასრულების შემდეგ კარგად დავისვენე, ამჯერად კი დიდი მონდომები ვემზადები ახალი სტარტისთვის. მიზანი როგორც ყოველთვის ერთი და იგივეა – მოვიგო იტალიის სუპერთასი, შევინარჩუნო სკუდეტო, კარგად გამოვიდე ქვეყნის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში. “იუვე” ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს.
- ერთი წლის შემდეგ “იუვენტუსთან” კონტრაქტი გიმთავრდებათ. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თუ ფიქრობთ?
- ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნააადრევია. წინ ლამის მთელი წელიწადი გვაქვს. სეზონის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა. ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნები, გავითვალისწინებთ ფიზიკურ მდგომარეობასაც და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. არ მინდა, რომელიმე კლუბს ბალასტად დავაწვე, ხელმძღვანელობისგან ნდობას უნდა ვგრძნობდე. წლებს თავისი მიაქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ 2-3 წლის განმავლობაში “ბებერი სინიორასთვის” სარგებლობა მომქონდა, გუნდში არავინ დამტოვებს. მთავარია, მწყობრში ვიყო, “იუვესთვის” საჭირო მოთამაშედ დავრჩე და ყველაფერი კარგად იქნება.
- ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ შემადგენლობის როტაციის პრინციპის მიმდევრად დარჩება...
- სავსებით ვეთანხმები ჩვენ მთავარ მწვრთნელს. ყველას უნდა მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება და ხანგრძლივი სეზონის განმავლობაში ძირითად შემადგენობაში ადგილი ყველად გამოენახება.
- კი მაგრამ, თქვენ თანახმა იქნებით სეზონის განმავლობაში მხოლოდ 20-25 მატჩი ჩაატაროთ?
- ვიმედოვნებ, კონკურენციას გავუძლებ და რეგულარულად ვითამაშებ. თუკი შევატყობ, რომ გუნდში ჩემი მდგომარეობა მყარი არაა, მინდორზე მხოლოდ დროდადრო შემიშვებენ სათამაშოდ, კარიერის დასრულებაზე დავფიქრდები. ისე, ხანდახან, დასვენების მიზნით მატჩის გამოტოვება სასარგებლო და აუცილებელიცაა, მაგრამ, როგორც ნებისმიერ პროფესიონალ ფეხბურთელს, მეც თამაშის წყურვილი მაქვს.
- ზემოთ ნდობაზე ჩამოაგდეთ სიტყვა. ის ფაქტი, რომ კლუბმა ჯერ კიდევ არ შემოგთავაზათ კონტრაქტის გახანგრძლივება, საიმისო სიგნალი ხომ არაა, რომ ნაკლებად გენდობიან?
- პირიქითაა. ჩემსა კლუბს შორის სრული გაგება და ურთიერთგაგება სუფევს. ხელშეკრულების გაგრძელება ეკონომიკური პრობლემა არაა, სეზონის დასრულების შემდეგ დავსხდებით და ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივალთ.
- როგორ გესახებათ კარიერის დასასრული – რომელიმე დიდი კლუბის წევრად თუ მაგალითად თქვენ მშობლიურ გუნდს “ბრეშას” დაუბრუნდებით?
- დიდი იმედი მაქვს, საფეხბურთო კარიერას “ბიანკონერის” მაისურით დავასრულებ. თუკი, რაიმე მიზეზის გამო “იუვენტუსიდან” წასვლა მომიწია, თამაშს მხოლოდ საზღვარგარეთ განვაგრძობ.
- “იუვენტუსის” ძირითად კონკურენტებად რომელ კლუბებს მიიჩნევთ?
- ერთბაშად რამდენიმე გუნდს დაგისახელებთ – “ნაპოლი”, “მილანი”, “ინტერი”, “რომა” სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევენ. წინ მეტად საინტერესო, როგორც ყოველთვის რთული, დრამატული ჩემპიონატი გველის.
- თქვენმა ახალმა პარტნიორმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისიდან შორსაა და სერია A-ზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ ამ გათამაშებას ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლის. იზიარებთ არგენტინელის პოზიციას?
- ტევესს სავსებით ვეთანხმები. ჩემი აზრითაც იტალიური ფეხბურთი აღმავლობის გზას დაადგა. ამას თუნდაც წლევანდელი სატრანსფერო სეზონი მოწმობს – ჩვენთან ხომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჩამოვიდა. იტალიურ კლუბებს ინვესტიციები გაეზარდათ. ესპანეთში მხოლოდ 2 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. ჩემი აზრით, ინგლისის პრემიერლიგისა და გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ, სერია A საუკეთესო გათამაშებაა.
- მომავალი წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული მოვლენაა...
- ცხადია, ბრაზილიის სტადიონებზე კარგად გამოსვლა მწადია. ერთხელ მუნდიალი უკვე მოგებული მაქვს, 2014-ში სანაკრებო კარიერას დავასრულებ და ძალიან მინდა, “სკუადრა აძურას” ამაღლებულ ნოტზე დავემშვიდობო.