ევროპის ლიგის პლეი ოფში თბილისის “დინამოსთან” გასამართ მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ მეტოქე კარგად ჰყავს შესწავლილი. სტუმართა ფეხბურთელის იუნეს კაბულის თქმით კი, ლონდონელები მომავალ თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდებიან.
-რა იცით თბილისის “დინამოს” შესახებ? კენჭისყრის შედეგი რომ გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ?
იუნეს კაბული
- ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით მეტოქეზე, მაგრამ ვფიქრობთ, კარგი გუნდი უნდა იყოს, რადგან ტურნირის ამ სტადიაზე არავინ დარჩა ისეთი, რომლის წინააღმდეგ თამაში ადვილი იქნება.
- შანსებს როგორ აფასებთ?
- ორივე გუნდს ჯგუფურ ეტაპზე გასვლა სურს. აქ იმისთვის ვართ, რომ სახლში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ.
- ტრავმის მერე სათამაშოდ მზად თუ ხართ?
- ტრავმის მიუხედავად, მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. კონდიციები მთლად არ აღმიდგენია, მაგრამ თამაში შემიძლია.
- “ტოტენჰემი” ზაფხულში გაძლიერდა. კიდევ აპირებს გუნდი ფეხბურთელების დამატებას? ამ სეზონის იმ ტურნირებში, სადაც “ტოტენჰემი” ასპარეზობს, წარმატების რა შანსი ექნება?
- გუნდი ყოველი თამაშისთვის და ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს და მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეეცდება. მოხარული ვარ, რომ ცნობილი ვარსკვლავები დავიმატეთ. თუმცა, მთავარია ისინი გუნდს როგორ შეეწყობიან და რა თამაშს ვაჩვენებთ.
- ამჟამად ბევრი სპეკულაციაა პრესაში, თუ ვის დამატებას აპირებს კიდევ “ტოტენჰემი” აგვისტოს ბოლოს. რომელი ფეხბურთელების ნახვა გსურთ საკუთარ რიგებში?
- ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სასიამოვნო იქნება ცნობილი და დიდი მოთამაშეების დამატება, თუმცა მთავარია ყურადღება გუნდის თამაშს მიექცეს.
- გარეტ ბეილი გუნდის წამყვანი მოთამაშეა. როგორია “ტოტენჰემი” მასთან ერთად და მის გარეშე?
- რა თქმა უნდა, ბეილი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ამჟამად ის ტრავმირებულია, ჩვენ სხვა ბევრი კარგი ფეხბურთელიც გვყავს. მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე ვინ იქნება. ყველა ბოლომდე დაიხარჯება.
- “ტოტენჰემი” “დინამოსთან” მატჩის წინ ძალიან თავდაჯერებულია და ამის გამო ხომ არ შეიძლება რომ დაისაჯოთ?
- ეს ასე არ არის. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ყველა თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. დარწმუნებული ვარ, “დინამოსთანაც” ასე იქნება. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, თუმცა ამ სეზონში ჩვენთვის უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოგებაა...
...- მომავალ თამაშს გუნდი როგორ ფორმაში ხვდება და რაიმე განსაკუთრებული ტაქტიკა ხომ არა გაქვთ?
ანდრე ვილაშ-ბოაში
- ჯერჯერობით სპეციალური სტრატეგია არ გვაქვს შემუშავებული, რადგან პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო მატჩის მერე დღეს პირველი სერიოზული ვარჯიში იქნება. სწორედ ამ ვარჯიშზე ვაპირებთ მომავალი თამაშისთვის ტაქტიკის შერჩევას.
- რომელი ფეხბურთელები დაგაკლდებათ?
- ბეილის გარდა არ გვეყოლება ვერტონგენი, რომელიც “კრისტალ პალასთან” მატჩში დაშავდა. არ ითამაშებს აარონ ლენონი, მას დიდი ხნის განმავლობაში ფეხის ტრავმა აწუხებდა და პრემიერლიგის წინა ტურში ითამაშა. თუმცა “დინამოსთან” მის მოედანზე გამოყვანას არ ვაპირებ.
- “ტოტენჰემი” პრემიერლიგაში და ევროპის ლიგაში თამაშობს. გუნდისთვის რომელი ტურნირია უფრო მნიშვნელოვანი?
- ორივე ტურნირის მიმართ მაქსიმალური მიდგომა გვაქვს. წინა სეზონში გუნდმა ფეხბურთის სამყაროს აჩვენა, რომ ერთი და იგივე შემადგენლობით შეუძლია ხუთშაბათს ევროპის ლიგაში ითამაშოს, ხოლო კვირას – პრემიერლიგაში, თან კარგი შედეგი აჩვენოს. პირველყოვლისა, საჭიროა ევროპის ლიგის პლეი ოფის გადალახვა. ერთი თამაშის წაგება შესაძლოა გამოთიშვის ტოლფასი აღმოჩნდეს. რაც “დინამოს” “სტიაუასთან” დაემართა, არ მინდა “ტოტენჰემმა” იგივე გაიმეოროს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდში კოენტრაუ და ვილიანი ჩაირიცხნენ. მომავალ კვირას ისინი თუ ითამაშებენ?
- მათ გუნდთან კონტრაქტები გაფორმებული არ აქვთ. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ისინი კარგად არიან მომზადებულები. თვის ბოლომდე გავაგრძელებთ მოთამაშეების ყიდვასა და გაყიდვას, რათა ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ.
- ვილიანის “ტოტენჰემში” ჩარიცხვა რამდენად რეალურია?
- მასზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. ტრანსფერების განხორციელებაში ძალიან გვეხმარება ახალი ტექნიკური დირექტორი ფრანკო ბალდინი, რომელიც აქამდე “რომაში” მუშაობდა. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
- სატრანსფერო სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს როგორი შემადგენლობა ეყოლება?
- გუნდი შეეცდება გაძლიერდეს როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში, მაგრამ კონკრეტულ გვარებს (თუ რომელ ფეხბურთელებს მოვიწვევთ) ვერ დავასახელებ.
- ახალი ფეხბურთელების მიწვევა იმიტომ ხდება, რომ ძველ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშონ, თუ ისინი უნდა შეცვალონ?
- გუნდს ყოველთვის უნდა საუკეთესო ფეხბურთელების დატოვება. თუმცა არ ვიცი, ეს მოხერხდება თუ არა. დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობა გვეყოლება.
- ახალმა ფეხბურთელებმა როგორ მოახერხეს გუნდთან შეწყობა? და კიდევ - დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეილი “რეალში” გადავიდა და მადრიდელებმა მის სანაცვლოდ 93 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
- რაც შეეხება “კრისტალ პალასთან” ჩატარებულ თამაშს, ახალი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მათთვის პირველი სეზონია, არა მარტო “ტოტენჰემში”, არამედ პრემიერლიგაში. ისინი გუნდს კარგად შეეწყვნენ.
ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს ტრანსფერი აღარ განხორციელებულა.
- რამდენად კარგად გყავთ შესწავლილი თბილისის “დინამო” და თუ იცით, რომ “დინამო” და “ტოტენჰემი” 40 წლის წინ ერთმანეთს უეფას თასზე შეხვედრიან?
- ვუყურე “დინამოს” თამაშს “სტიაუასთან”. კენჭისყრის ჩატარების შემდეგ გამოვაგზავნეთ სკაუტი, რათა საქართველოს ჩემპიონატზე მის მიერ ჩატარებულ მატჩს დასწრებოდა. მეტოქე მაქსიმალურად შესწავლილი გვყავს. “დინამო” საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში დისციპლინირებულად ირჯება. კარგად ვიცნობ პატრიკ ვუოს, რომლის მწვრთნელიც ვიყავი “აკადემიკაში”. კარგ ფეხბურთელად მიმაჩნია ჩისკო.
- 2010-11 წლების სეზონი თქვენთვის ყველაზე წარმატებული იყო, რადგან “პორტუსთან” ერთად 4 ტიტული მოიგეთ. რამდენად შეძლებთ იგივეს განმეორებას ინგლისში?
- ამ მიზნის მიღწევა ინგლისში ძალიან ძნელია, რადგან მაღალი კონკურენციაა. ყველა კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო. 4 ტიტულის მოგება ინგლისში გაცილებით ძნელია, ვიდრე პორტუგალიაში. ერთ სეზონში მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს ერთბაშად 3 ტიტული მოგებული, 4 ტიტული არცერთ ინგლისურ კლუბს მოუგია. ის ინვესტიციები, რომელიც კლუბში განხორციელდა, “ტოტენჰემს” მომავალში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ჩემი ოცნებაა, “ტოტენჰემთან” ერთად ტიტულები მოგება, მაგრამ ინგლისში ეს რთულია.
- მიგაჩნიათ თუ არა, “ტოტენჰემი” ახლა უფრო ძლერია, ვიდრე წინა სეზონში? თვლით თუ არა თქვენს გუნდს პრემიერლიგის ერთ-ერთ ფავორიტად?
- ამჟამად გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე წინა სეზონში. თუმცა პრემიერლიგის ერთ-ერთ ფავორიტად არ მიმაჩნია. შესაძლოა “ტოტენჰემმა” პრემიერლიგა მომავალში მოიგოს...
...პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლონდონის “ტოტენჰემმა” “დინამო არენაზე” ივარჯიშა. მასმედიისთვის ვარჯიში ღია მხოლოს საწყისი 15 წუთი იყო.