კარლო ანჩელოტის “პარი სენ ჟერმენში” დარჩენა/არდარჩენის საკითხი კვლავ აქტუალურია. იტალიელი სპეციალისტი ირწმუნება, რომ საფრანგეთის დედაქალაქიდან წასვლას არ აპირებს, ხოლო RMC ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მხარეები ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებენ.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კარლო ანჩელოტი მადრიდს მიაშურებს და ჟოზე მოურინიოს შეცვლის. ამ უკანასკნელს “ჩელსიში” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
თავის მომავალთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე ანჩელოტი მოკლედ პასუხობს: “პსჟ-ში ვრჩები.”
თუ ფრანგულ RMC-ს დავუჯერებთ, ანჩელოტი პსჟ-ში არათუ კიდევ ერთი სეზონით დარჩება, არამედ იტალიელი სპეციალისტი ახალ, ორწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციის გაოფიციალურებას ფრანგი ჟურნალისტები დღე დღეზე ელოდებიან.