სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:09 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “მეტის გატანა შეგვეძლო”

 

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან გამოთიშვის შემდეგ, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცი კარლო ანჩელოტი პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და კატალონიის “ბარსელონასთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი 1:1 დასრულდა და სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით (2:2), შემდეგ ეტაპზე კატალონიელები გავიდნენ.

“ნაწყენი და ამავდროულად ამაყი ვარ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო. ჩემმა გუნდმა მაღალი კლასი გამოავლინა. ძალიან, ძალიან კარგად ვთამაშობდით. დიდი ყურადღება დავუთმეთ დაცვას და როცა ბურთს ვიღებდით, შეტევის გაგრძელების საუკეთესო გზას ვპოულობდით. საერთო ჯამში, ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. ნამდვილად კარგი მატჩი შედგა. იმათგან განსხვავებით, ვინც კატალონიაში ჩამოდის და მხოლოდ დაცვაზე ფიქრობს, ვცდილობდით, ბევრი შეგვეტია. ჩვენი მთავარი მიზანი “ბარსასთვის” პრობლემების შექმნა იყო. მესის გამოჩენამ მასპინძლებს თავდაჯერება შემატა. არგენტინელი სრულად არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ მაინც ფანტასტიკური ფეხბურთელია. მისმა გამოჩენამ თამაში გახსნა. გოლის გატანა პირველსავე ტაიმში შეგვეძლო, რადგან 2-3 კარგი მომენტი გვქონდა. უფრო ეფექტურად რო გვეთამაშა, შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებდით. ნახევარფინალში გასულ ესპანურ კლუბებს დიდი გამოცდილება აქვთ, გერმანულები კი, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. “ბაიერნმა” ბუნდესლიგა უკვე მოიგო, ასე რომ, გახსნილი ნახევარფინალური მატჩები გველის, სადაც თავს არავინ დაზოგავს”, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120791