20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა იტალიის ქალაქ გრადოს საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარი გახლდათ, ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა და კარიერაში მე-5 ტიტული მიითვალა.
ტატიშვილი მე-6 ნომრად გახლდათ განთესილი და პირველ რაუნდში ჩინელ ჯინგ-ჯინგ ლიუს იოლად 6:3, 6:2 სძლია. ანას პრობლემები არც მერვედფინალში შექმნია და ამერიკელი ჯულია კოენი 6:1, 6:2 გაანადგურა, მეოთხედფინალში კი გერმანელი იულია შრუფი 6:4, 7:5 დაამარცხა.
ქართველ გოგონას მძიმე ბრძოლები მხოლოდ დასკვნით რაუნდებში გადახდა და მეტოქეთა დასამარცხებლად სამ-სამი სეტის თამაში დასჭირდა.
ესპანელ ესტრელა კაბესა-კანდელასთან ნახევარფინალურ მატჩში ტატიშვილმა 7:6 (7:3), 5:7, 6:1 იმარჯვა, ფინალში კი სერბი სეხნია ანა იოვანოვიჩს, რომელმაც მერვედფინალიდან ოქსანა კალაშნიკოვა გამოთიშა, 6:7 (3:7), 6:3, 6:4 სძლია.
აღნიშნული წარმატების წყალობით, სავარაუდოა, რომ ტატიშვილი მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს. ამჟამად, ანა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 152-ე ადგილზეა, კარიერის პიკზე კი გასული წლის 23 მარტს იყო, როდესაც 150-ე საფეხურს უწია.
ცნობისთვის, ტატიშვილი ამ კვირასაც იტალიაში გაატარებს და დედაქალაქ რომში გასამართ 50-ათასიან ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაებმება.







